Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-53-კს-03 16 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

ნ. სხირტლაძე

კერძო საჩივრის თხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 4 სექტემბერს მ. ი-მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მისი საცხოვრებელი სახლის კედელზე უკანონოდ მიშენებული ფოტო-ატელიესა და კიბის უჯრედის დანგრევა და მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

მოსარჩელის მიერ მითითებული მინაშენი მდებარეობს ..., რომელიც 1990წ. 29 დეკემბრის ¹2 საიჯარო ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტისა და 1998წ. 5 მაისს გაცემული ¹48/359 “ი.” საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის თანახმად, ამჟამად შპს “მ.”-ის საკუთრებაა. მოსარჩელის აზრით, რადგან ფოტო-ატელიე და კიბის უჯრედი უნებართვო მინაშენს წარმოადგენდა, დაუშვებელი იყო შპს “მ-ზე” მისი იჯარით გაცემა და შემდგომ პრივატიზება, ამიტომ მოითხოვა ზემოაღნიშნული იჯარის ხელშეკრულებისა და პრივატიზების შედეგების ბათილად ცნობაც.

2000წ. 12 სექტემბერს მ. ი-მა მეორე სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქუთაისის მერიისა და შპს “მ.”-ის მიმართ, რომლითაც შპს “მ.”-საგან მოითხოვა უნებართვოდ აშენებული ფოტო-ატელიესა და კიბის უჯრედის სახურავიდან ჩამონადენი ატმოსფერული ნალექების შედეგად მიყენებული ზიანის _ 5648 ლარის ანაზღაურება, ხოლო ქუთაისის მერიისაგან მოითხოვა მერიის 1998წ. 8 ოქტომბრის ¹563 ბრძანების დაუყონებლივ შესრულება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 25 იანვრის განჩინებით მ. ი-ის ორივე სარჩელი გაერთიანდა ერთ წარმოებად, საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩაერთო შპს “ო.”, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის მერიისაგან ¹563 ბრძანების დაუყონებლივ შესრულება, ხოლო “მ.”-სგან მოითხოვა უკანონო მინაშენიდან გადმონადენი ატმოსფერული ნალექების შედეგად შპს “ო-ს” შენობის ასასვლელი სართულის სათავსოებისათვის მიყენებული ზიანის _ 234830 ლარის ანაზღაურება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელები დაკმაყოფილდა. გაუქმდა სადავო შენობისა და კიბის უჯრედის პრივატიზების ხელშეკრულება, შენობიდან გამოსახლდა შპს “მ.”-ის კუთვნილი ფოტო-ატელიე, ხოლო ... მდებარე შენობისა და კიბის უჯრედის აღების ხარჯები დაეკისრა ქ. ქუთაისის მერიას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ და მისი გაუქმება მოითხოვა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა ასევე მ. ი-მაც.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 14 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ი-მა და ითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 1 აგვისტოს განჩინებით მ. ი-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საქმის ხელახალი განხილვისას ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 23 იანვრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მ. ი-ის შუამდგომლობა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, რათა სააპელაციო საჩივარი წარმოედგინა უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რის გამოც ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 თებერვლის განჩინებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 14 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, ხარვეზის საპროცესო ვადაში შეუვსებლობის გამო.

აღნიშნულ განჩინებაზე ქუთაისის საოლქო სასამართლოში კერძო საჩივრები შეიტანეს მ. ი-მა და შპს “ო-ს” დირექტორმა ნ. გ-ემ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ 2003წ. 23 იანვრის სასამართლო სხდომაზე აპელანტ _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს ხარვეზის გამოსწორებისათვის მიეცა 10 დღიანი ვადა, რომელიც იწურებოდა 2003წ. 3 თებერვალს, ვინაიდან 2 თებერვალი, მე-10 დღე, იყო კვირა. მოქმედი კანონმდებლობით მხარეს გააჩნდა უფლება 2003წ. 3 თებერვლის 24.00 საათამდე ფოსტით გაეგზავნა ხარვეზგასწორებული სააპელაციო საჩივარი. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორთა აზრით, სააპელაციო სასამართლომ 2003წ. 3 თებერვლის განჩინებით უკანონოდ შეზღუდა მხარის უფლებები. კერძო საჩივრის ავტორებმა ითხოვეს სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 3 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.

2003წ. 21 მარტის სასამართლო სხდომაზე მ. ი-მა დააყენა შუამდგომლობა, რომელსაც მხარი დაუჭირა შპს “ო.”-ს დირექტორმა ნ. გ-ემ. შუამდგომლობით მ. ი-მა ითხოვა მათი კერძო საჩივრების განხილვის გადადება, ვინაიდან ქუთაისის მერიას არ ჩაბარებია ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 3 თებერვლის განჩინების ასლი.

აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლო კოლეგიამ დააკმაყოფილა და ადგილზე თათბირით დაადგინა, რომ კერძო საჩივრების განხილვა გადადებულიყო სხვა დროისათვის.

2003წ. 3 თებერვლის განჩინების ასლის ჩაბარების შემდეგ, ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა მ. ს-მ კერძო საჩივრით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი საქმე ხელახლა განხილვისათვის დაბრუნდა იმ მოტივით, რომ საქმე სააპელაციო სასამართლოში განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ. სააპელაციო საჩივარი თავის დროზე მიღებული იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ს 374-ე მუხლის თანახმად, რა დროსაც სასამართლოს 10 დღის ვადაში უნდა შეემოწმებინა დასაშვები იყო თუ არა იგი. თუ აღმოჩნდებოდა, რომ საჩივარი არ იყო დასაშვები, სასამართლოს შეეძლო ამ 10 დღის ვადაში დაეტოვებინა იგი განუხილველად.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი სასამართლოს უნდა ჩაეთვალა დასაშვებად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა მ. ს-მ ითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განახლება.

სასამართლო სხდომაზე შპს “ო.”-ს დირექტორმა ნ. გ-ემ და მ. ი-მა ქ. ქუთაისის მერიის წარმომადგენლის მ. ს-ს კერძო საჩივარი არ ცნეს იმ მოტივით, რომ კერძო საჩივარს ხელს აწერს ქუთაისის მერიის წარმომადგენელი მ. ს-ა, რომლის სახელზეც 2002წ. 26 თებერვალს გაცემულ მინდობილობაში არ არის სპეციალური აღნიშვნა სასამართლო აქტების გასაჩივრების მოქმედების შესრულების შესახებ; გარდა ამისა, დარღვეულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, მინდობილობის გარდა ასევე უნდა იყოს ბრძანება იმის შესახებ, რომ მ. ს-ა არის ქუთაისის მერიის თანამშრომელი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 აპრილის განჩინებით ქ. ქუთაისის მერიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინებების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ს 275-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად, სასამართლო განუხილველად დატოვებს სარჩელს (განცხადება), თუ იგი დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არ აქვს სათანადო უფლებამოსილება. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სათანადო უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ არის და იგი არც სააპელაციო საჩივარს ერთვის თან, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგივე წესები მოქმედებს კერძო საჩივრის განხილვისას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თუ კერძო საჩივარს ხელს არ აწერდა უფლებამოსილი პირი, სააპელაციო სასამართლოს ვადა უნდა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, რაც არ გაუკეთებია და ისე ჩათვალა კერძო საჩივარი დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ხარვეზის გამოსასწორებელი ვადის მიუცემლად, კერძო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, არასწორია.

რაც შეეხება კერძო საჩივრის უსაფუძვლობას, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მას შემდეგი გარემოებების გამო:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 იანვრის საოქმო განჩინებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიეცა 10 დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სათანადო უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარსადგენად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმომადგენელზე გაცემულ რწმუნებულებაში გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების თაობაზე სპეციალურად უნდა ყოფილიყო მითითებული, რაც არ ყოფილა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი წერილობით დაადასტურებდა გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებას, სააპელაციო საჩივარი დასაშვებად უნდა ყოფილიყო მიჩნეული.

აღნიშნულის შესახებ სააპელაციო სასამართლომ არ განუმარტა მხარეებს.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა მიეთითებინა განჩინებაში ხარვეზის შეუვსებლობის შედეგებზე კერძოდ, ის რომ, თუ სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნებოდა განუხილველად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 3 თებერვლისა და 18 აპრილის განჩინებები და სსკ-ს მოთხოვნათა დაცვით, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელოს კერძო საჩივრისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ქუთაისის მერიის წარმომადგენელ მ. ს-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 აპრილისა და 3 თებერვლის განჩინებები;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.