Facebook Twitter

№ას-1309-1229-2017 26 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ფ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ. რ-ი, თ. ზ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. ფ-მა (შემდგომში „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. რ–ისა და თ. ზ–ის (შემდგომში „მოპასუხეები“) მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

5.1. 2017 წლის 26 მაისს, 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტი და მისი წარმომადგენელი, რომლებიც პროცესის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. კერძოდ, აპელანტის წარმომადგენელმა, რომელიც ესწრებოდა 2017 წლის 21 ივნისის სასამართლო სხდომას, იშუამდგომლა საქმის მასალების გაცნობის მიზნით პროცესის გადადების თაობაზე, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა და ერთი კვირით - 2017 წლის 26 ივნისს გადადო საქმის განხილვა, რის შესახებაც მას ჩამოართვა ხელწერილი;

5.2. არც აპელანტს და არც მის წარმომადგენელს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი სასამართლოსთვის არ უცნობებიათ;

5.3. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

6. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან აპელანტმა და მისმა წარმომადგენელმა ვერ დაადატურეს სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა, ხოლო აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ფ–მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

8. კერძო საჩივრის ავტორმა საჩივარს დაურთო სანოტარო აქტი ადვოკატ ი. ფ-ეზე გაცემული რწმუნებულების გაუქმების შესახებ, ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სასამართლო სხდომაზე უნდა მისულიყო მისი ადვოკატი, რომელიც ამ დღეს მასთან კონფლიქტის გამო აღარ გამოცხადდა პროცესზე, ვინაიდან გარკვეულ საკითხებზე მარწმუნებელი და რწმუნებული ვერ შეთანხმდნენ და იმავე დღეს კერძო საჩივრის ავტორმა გააუქმა მინდობილობა. აღნიშნულის გამო კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე გაუარესდა, რომ თავადაც ვერ შეძლო პროცესზე გამოცხადება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ფ–ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნას დატოვებული.

12. გასაჩივრებული განჩინებით მ. ფ–ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 26 ივნისს 12:00 საათზე დანიშნულ მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა, რომელიც კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაზე.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნას სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

16. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ აპელანტს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე.

17. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოში მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. კერძოდ, საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო სხდომის დღეს მას უთანხმოება მოუვიდა ადვოკატთან, რომელიც უნდა დასწრებოდა სასამართლო სხდომას, ხოლო ვინაიდან გარკვეულ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ, მასთან გაფორმებული მინდობილობა გააუქმა იმავე დღეს, რის გამოც ადვოკატი აღარ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე; ამასთან, პროცესზე გამოცხადება თავადაც ვერ შეძლო, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე გაუარესდა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიებს განიხილავს და შეამოწმებს ცალ-ცალკე, მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და საქმეში არსებული მასალების შესაბამისად. პირველ რიგში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ შემდეგ დოკუმენტებს: მ. ფ–ის მიერ 2017 წლის 20 ივნისს ი. ფ-ეზე გაცემულ რწმუნებულებას (იხ. ტ. 2, ს.ფ. 71) და ამავე წლის 26 ივნისის სანოტარო აქტს აღნიშნული რწმუნებულების გაუქმების შესახებ (იხ. ტ. 2, ს.ფ. 96).

19. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 26 ივნისს 12:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის დროს აპელანტის მიერ ი. ფ-ეზე 2017 წლის 20 ივნისს ორი წლის ვადით გაცემული მინდობილობა გაუქმებული იყო. კერძო საჩივარზე დართული სანოტარო აქტით რწმუნებულების გაუქმების შესახებ ირკვევა, რომ მ. ფ–მა (აპელანტმა) საკუთარ რწმუნებულს მინდობილობა გაუუქმა 2017 წლის 26 ივნისს 16:19 საათზე (იხ. ტ. 2, ს.ფ. 96), ანუ მას შემდეგ, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა იმავე დღეს, 12:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომა (სასამართლო პროცესი დაიწყო 12:08 საათზე და დასრულდა 12:11 საათზე). ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნული დოკუმენტის შეფასების შედეგად დადგენილად მიიჩნევს, რომ აპელანტის წარმომადგენელი, ი. ფ-ე 2017 წლის 26 ივნისს, 12:00 საათზე უფლებამოსილი იყო გაცემული მინდობილობის საფუძველზე წარმოედგინა საკუთარი კლიენტის ინტერესები სასამართლოში, ხოლო ვინაიდან იგი დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის, სასამართლო უფლებამოსილი იყო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიეღო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

20. რაც შეეხება კერძო საჩივარზე დართულ სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემულ პაციენტის სამედიცინო ბარათს, რაზე მითითებითაც საჩივრის ავტორი აპელირებს სასამართლო სხდომაზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია აპელანტის წარმომადგენლის მიერ სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტი, აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოობის მიზეზების კვლევას საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა აღარ ენიჭება. თუმცა მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატამ მაინც შეისწავლა და შეაფასა კერძო საჩივარზე დართული პაციენტის სამედიცინო ბარათი და მიიჩნევს, რომ არც აღნიშნული დოკუმენტი ადასტურებს დანიშნულ დროს აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობას.

21. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელიც ავადმყოფობის გამო მხარის გამოუცხადებლობას საპატიოდ მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფობა დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

22. საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით, მართალია, ირკვევა, რომ მ. ფ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო (პაციენტი უჩიოდა ძლიერ თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, გულისრევის შეგრძნებას ღებინებით და ა.შ) გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგა, თუმცა დოკუმენტში ბრიგადის გამოძახების თარიღი გაურკვეველია და არ დგინდება სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოძახებული იქნა თუ არა პროცესის დღეს - 2017 წლის 26 ივნისს - მასში დაფიქსირებულია მხოლოდ ბრიგადის გამოძახების დრო - 14:07 საათი (იხ. ტ. 2, ს.ფ. 97). ამასთან, თუნდაც დასტურდებოდეს პროცესის დღეს აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფაქტი, ვინაიდან სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 12:00 საათზე, ხოლო სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოძახებულია ორი საათის შემდგომ, 14:07 საათზე, ამასთან, სამედიცინო დოკუმენტში არსადაა მითითება პაციენტის გადაადგილების შეზღუდვის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარად გაუარესების შესახებ, რაც შეუძლებელს გახდიდა პროცესის დაწყებამდე სასამართლოს ინფორმირებას სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობის თაობაზე, მითითებული დოკუმენტით ვერ შეფასდებოდა მხარის პროცესზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტი.

23. აქვე, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს აღნიშნოს, რომ როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ანალოგიური მიზეზით (რწმუნებულის უფლებამოსილების გაუქმებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო) სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სხდომა აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე 2017 წლის 14 ივნისს გადაიდო ერთი კვირით (იხ. ტ. 2, ს.ფ. 51-57), ხოლო ამავე წლის 21 ივნისს დანიშნული სხდომა სასამართლომ კვლავ ერთი კვირით გადადო აპელანტის ახალი წარმომადგენლის თხოვნის (საქმის მასალების გაცნობის მიზნით) საფუძველზე (იხ. ტ. 2, ს.ფ. 66-70).

24. საკასაციო პალატა სამართალწარმოების დისპოზიციურობის, პროცესის ეკონომიურობის პრინციპებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების გათვალისწინებით განმარტავს, რომ ნებისმიერი საპროცესო მოქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იყოს მხარეთა შორის უფლება-მოვალეობათა განაწილების სამართლიანი ბალანსი. ერთი მხარის მიერ თავისი საპროცესო უფლების არამართლზომიერად გამოყენებამ არ უნდა დააბრკოლოს მოდავე მხარის უფლებების რეალიზაცია და უსაფუძვლოდ არ უნდა გააჭიანუროს პროცესი.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო მისი საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის დადასტურება და სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. ფ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე