Facebook Twitter

№ ას-1371-1291-2017 12 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ი. ფ-ი, შპს „ფ-ი“ (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ქ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა. ქ-მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ფ-ის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 აპრილის საოქმო განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეში მოპასუხის მხარეზე სავალდებულო თანამონაწილედ ჩაება შპს „ფ–ი“ (შემდგომში „მოპასუხე“).

4. შპს „ფ–მა“ სარჩელი არ ცნო.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ი. ფ-ისა და შპს „ფ–ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ თავად მოპასუხე ი. ფ-ი, და მისი და შპს „ფ–ის“ წარმომადგენელი ვ. დ–ი (შემდგომში „კერძო საჩივრის ავტორი“). შესაბამისად, მათთვის სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 12 აგვისტოდან და ამოიწურა ამავე წლის 25 აგვისტოს, სააპელაციო საჩივარი კი მხარემ წარადგინა დაგვიანებით, 2017 წლის 12 ოქტომბერს, რის გამოც არსებობდა მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხეების წარმომადგენელმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

9. მისი განცხადებით, საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან 20 დღიანი ვადის გასვლამდე (2017 წლის 31 ივლისს) და შემდგომაც მან არაერთხელ მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მოთხოვნით, თუმცა ვინაიდან მზად არ იყო, ვერ ჩაიბარა. მოსამართლის თანაშემწე სატელეფონო საუბრისას პასუხობდა, რომ მომზადებისთანავე თვითონვე დაუკავშირდებოდა და შეატყობინებდა აღნიშნულს. ამრიგად, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, ვინაიდან მას თავისი ბრალის გარეშე არ გადასცემია დასაბუთებული გადაწყვეტილება, უფლება ჰქონდა მისი ჩაბარებიდან 14 დღეში წარედგინა სააპელაციო საჩივარი, რაც განახორციელა კიდეც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

12. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აპელანტებისათვის კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო ვადის ათვლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღიდან უნდა დაიწყოს.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

14. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

15. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად.

17. საკასაციო პალატა იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად. აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოება, რის გამოც სასამართლო, მიმართვის შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღესვე (თუ გადაწყვეტილება მომზადებულია) ან უფრო ადრე, ვერ შეძლებს მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებას.

18. იმ შემთხვევაში, თუ მხარე ან მისი წარმომადგენელი კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს გადაწყვეტილების გადაცემის თაობაზე, ხოლო სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას, აღნიშნული გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვერც გასაჩივრების ვადის 30-ე დღიდან ათვლას გამოიწვევს. ამ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა გადაწყვეტილების რეალურად ჩაბარების მომენტიდან უნდა აითვალოს. ამასთან, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხარემ სასამართლოსადმი გადაწყვეტილების მისაღებად მიმართვის ფაქტი სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს.

19. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ მოპასუხეები (ი. ფ-ი და შპს „ფ–ის“ წარმომადგენელი ვ. დ–ი - იხ. ტ. 2, ს.ფ. 312-313), შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად ისინი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყვნენ 1-დან 11 აგვისტოს ჩათვლით.

20. ზოგადი წესის მიხედვით, სასამართლო არ არის ვალდებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე მოამზადოს და გადასცეს მხარეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მისი მოთხოვნის შესაბამისად. აღნიშნული ვალდებულება სასამართლოს მას შემდეგ წარმოეშობა, თუ მხარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20-ე და არაუგვიანეს 30-ე დღისა მიმართავს მას აღნიშნული მოთხოვნით.

21. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეების წარმომადგენელმა ვ. დ–მა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით მიმართა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-19 დღეს - 31 ივლისს (იხ. ტ.2. ს.ფ. 331), თუმცა საქმის მასალებით არ ირკვევა, როდის ჩაიბარა მან მოთხოვნილი დოკუმენტი.

22. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ მოსარჩელე ა. ქ-ის წარმომადგენლის, მ. ბ-ს 2017 წლის 21 ივლისის განცხადებას საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების გადაცემის თაობაზე და განცხადებაზე აღნიშნულ ხელწერილს, რომლითაც დასტურდება, რომ განმცხადებელმა იმავე დღეს ჩაიბარა მოთხოვნილი გადაწყვეტილების ასლი (იხ. ტ. 2. ს.ფ. 3211).

23. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ ვინაიდან მოსარჩელის წარმომადგენელმა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან ჯერ კიდევ მე-9 დღეს (21 ივლისს) მიმართა სასამართლოს და იმავე დღეს ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილება, ხოლო მოპასუხეთა წარმომადგენელმა გადაწყვეტილების მისთვის გადაცემა მოითხოვა ამავე წლის 31 ივლისს, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ამ დროისათვის სასამართლოს გადაწყვეტილება მზად ჰქონდა, შესაბამისად, შეეძლო მისი მხარეთათვის გადაცემა. თუმცა ვინაიდან საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება მოპასუხეთათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაგზავნისა და ჩაბარების ფაქტი, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ყოველგვარი ეჭვი, რომელიც საწინააღმდეგოთი არ დასტურდება, უნდა გადაწყდეს მხარის სასარგებლოდ. ამდენად, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ი. ფ-ისა და შპს „ფ–ის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი. ფ-ისა და შპს „ფ–ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინება და საქმე ი. ფ-ისა და შპს „ფ–ის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე