საქმე №ას-1397-1317-2017 8 თებერვალი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – პ. ა–ი, მ. ა–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ყ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ. ყ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში პ. ა–ის და მ. ა–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემის თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინებით პ. ა–ის და მ. ა–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით კასატორებს დაევალათ, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. მ. ა–ს ასევე დაევალა, მის მიერ კ. კ-ის სახელზე სათანადო წესით გაცემული მინდობილობის წარმოდგენა.
ზემოაღნიშნული განჩინებით დადგენილი ხარვეზი კასატორებმა შეავსეს ნაწილობრივ (კ. კ-ემ სასამართლოში წარმოადგინა მ. ა–ის მიერ მის სახელზე გაცემული რწმუნებულება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი), რის გამოც საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 4 იანვრის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 3 (სამი) დღით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ პ. ა–ის და მ. ა–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 იანვრის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი. მ. ა–ს ასევე დაევალა მის მიერ კ. კ-ის სახელზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გაცემული რწმუნებულების წარმოდგენა, ვინაიდან საქმეში არსებული რწმუნებულებით არ დასტურდებოდა, რომ კ. კ-ეს ჰქონდა საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საკასაციო საჩივრის წარდგენის უფლებამოსილება.
ხარვეზის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 იანვრის განჩინება კასატორებს გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. მ. ა–ის სახელზე გაგზავნილი გზავნილი ადრესატს ჩაბარდა პირადად 2018 წლის 12 იანვარს, ხოლო პ. ა–ის სახელზე გაგზავნილი გზავნილი ჩაიბარა ასევე მ. ა–მა, როგორც პ. ა–ის მეუღლემ, 2018 წლის 16 იანვარს (ტ. 2, ს.ფ. 109-110).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული სამდღიანი ვადის დენა კასატორებისათვის დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - მ. ა–ისათვის - 2018 წლის 13 იანვარს და ამოიწურა 2018 წლის 15 იანვარს, ხოლო პ. ა–ისათვის - 2018 წლის 17 იანვარს და ამოიწურა 2018 წლის 19 იანვარს. ვინაიდან 19 იანვარი იყო არასამუშაო დღე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად პ. ა–ისათვის ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა მომდევნო სამუშაო დღეს, 22 იანვარს.
2018 წლის 30 იანვარს საკასაციო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით შემოვიდა კასატორების განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე. წარმოდგენილ განცხადებაზე დართული კონვერტით დასტურდება, რომ იგი საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2018 წლის 22 იანვარს ანუ მ. ა–ისათვის სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო პ. ა–ისათვის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო ადგენს, რომ კასატორებს სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ მ. ა–ს სასამართლოს დაწესებულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, არსებობს მისი მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
რაც შეეხება პ. ა–ის მოთხოვნას, იგი განცხადებაში ეთანხმება მისი რწმუნებულის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, მაგრამ აღნიშნული ვერ ჩაითვლება მის მიერ ხარვეზის შევსებად, ვინაიდან მას არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი, რაც დავალებული ჰქონდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 იანვრის განჩინებით. ამასთან, აღნიშნული განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ, თუ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი სრულყოფილად არ გამოსწორდებოდა, საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა წარმოებაში და დარჩებოდა განუხილველი. გამოდინარე აქედან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი პ. ა–ის მოთხოვნის ნაწილშიც განუხილველად უნდა დარჩეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მითითებული ნორმის საფუძველზე, პ. და მ. ა–ების მთლიანად უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 (სამასი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 374-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. პ. ა–ის და მ. ა–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. პ. ა-ს (პირადი ნომერი ---) და მ. ა–ს (პირადი ნომერი ----) დაუბრუნდეთ კ. კ-ის (პირადი ნომერი ----) მიერ 2017 წლის 28 დეკემბრის N- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 (სამასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
3. 3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური