საქმე №ას-1526-1446-2017 13 თებერვალი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ნ. მ-ე, დ. ა-ი, მ. ა-ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. მ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ოქტომბრის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ზ. მ-ემ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ-ის, დ. ა-ის და მ. ა-ის (შემდგომში „მოპასუხეები“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 30 მარტს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საჩივარი, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. მ-ემ, დ. ა-მა და მ. ა-მა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 იანვრის განჩინებით ნ. მ-ეს, დ. ა-ს და მ. ა-ს დაევალათ, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორებმა განცხადებით მომართეს საკასაციო სასამართლოს და იშუამდგომლეს ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის გაგრძელების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ არიან პენსიონრები, პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ და მის აღებამდე ვერ ახერხებენ განჩინებით დაწესებულ ვადაში ხარვეზის შევსებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და კერძო საჩივრის ავტორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 5 (ხუთი) დღით.
სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორებმა განცხადებით მომართეს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის, დ. ა-ის და მ. ა-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით ნ. მ-ის, დ. ა-ის და მ.- ა-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა. კერძო საჩივრის ავტორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი.
ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი 2018 წლის 2 თებერვალს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კერძო საჩივრის ავტორების ოჯახის სრულწლოვან წევრს - მ. ხ–ს (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი ს.ფ. 237).
სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორებმა მომართეს განცხადებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ არიან ასაკოვანი მოხუცები, პენსიონრები და მათი ყველა მოქმედება დამოკიდებულია მათ ერთადერთ შემოსავალზე - პენსიაზე.
წარმოდგენილი დოკუმენტის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. კასატორმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, უნდა დაადასტუროს თავისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპენსიო ასაკი ან თუნდაც პენსიის მიღების ფაქტი ვერ იქნება განხილული მხარის მძიმე ქონებრივი მდგომაროების ამსახველ ერთადერთ გარემოებად, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, კიდევ ერთხელ გაეგრძელებინა მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა.
ამრიგად, სასამართლო თვლის, რომ შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ. მ-ის, დ. ა-ის და მ. ა-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ოქტომბრის საოქმო განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური