Facebook Twitter

№ზ-413-ბ-9-2017 17 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – მ. ჩ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ თ- (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით მ. ჩ–ის სარჩელი ა(ა)იპ თ-ს მიმართ გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ–მა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. ჩ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით მ. ჩ–ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი მისი წარდგენის საპროცესო ვადის დარღვევის გამო.

6. 2017 წლის 22 მაისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ. ჩ–მა და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

7. განმცხადებლის განმარტებით, საკასაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია საკასაციო საჩივარი კანონით დადგენილი 21-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით წარდგენილად და არასწორად მიუთითა, თითქოს მხარეს არ შეუსრულებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის შესაბამისად დასაბუთებული გადაწყვეტილების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის ვალდებულება. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ იგი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მე-20 დღიდან აქტიურად მიმართავდა მოსამართლის თანაშემწეს და ითხოვდა დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემას, თუმცა მას უცხადებდნენ, რომ გადაწყვეტილება მზად არ იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც მოახერხა გადაწყვეტილების ჩაბარება, კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა კიდეც იგი.

8. განმცხადებელის მოსაზრებით, სასამართლოს ვალდებულება - კანონით დადგენილ ვადაში მოამზადოს დასაბუთებული გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია მხარის ვალდებულებასთან - მიმართოს სასამართლოს მის ჩასაბარებლად. ამრიგად, ვინაიდან სასამართლომ არ შეასრულა საკუთარი ვალდებულება, მხარეს ერთმევა შესაძლებლობა გაასაჩივროს მიღებული გადაწყვეტილება.

9. განმცხადებელმა ასევე მოითხოვა საქმის დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით მ. ჩ–ის განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მ. ჩ–ის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლელი ითხოვს საკასაციო სასამართლოს იმ განჩინების გაუქმებას, რომლითაც დადგენილია, რომ მხარემ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 და 397-ე მუხლების მოთხოვნები. განცხადების ავტორი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მოუმზადებლობას, რაც მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ უნდა გამხდარიყო.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განცხადებაში გადმოცემული არგუმენტების გაზიარების შემთხვევაშიც კი, თავად განცხადების შინაარსიდან ირკვევა, რომ საქმის წარმოების დასრულებამდე განმცხადებლისათვის ცნობილი იყო იმ გარემოებების თაობაზე, რასაც ის საქმის წარმოების განახლებას უდებს საფუძვლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილი კი, საქმის წარმოების განახლებას დასაშვებად მიიჩნევს, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

14. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატამ არსებითად შეისწავლა მ. ჩ–ის განცხადების საფუძვლები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს საქმის წარმოების განახლების წინაპირობა.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს ამომწურავ ჩამონათვალს, თუ რა შეიძლება იქნას მიჩნეული ახლად აღმოჩენილ გარემოებად და საფუძვლად დაედოს საქმის წარმოების განახლებას, კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.

16. როგორც უკვე აღინიშნა, საკასაციო პალატის განჩინების გაუქმებას მხარე იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დასაბუთებული განჩინების გადაცემის ვადის დარღვევამ განაპირობა. განმცხადებელმა განმარტა, რომ მან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შესაბამისად არაერთხელ მიმართა სასამართლოს (მოსამართლის თანაშემწეს), თუმცა არ ჩაბარდა გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ იგი მზად არ იყო.

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო წესების თანახმად (სსსკ 2591 მუხლი), გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა მიმართოს სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მოთხოვნით). ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. ამდენად, ზემოთ აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.

18. ამრიგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლი აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება).

19. ამ განმარტებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით (რაც მხარეს სადავო არ გაუხდია), რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა თავად აპელანტი, მ. ჩ–ი და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი (იხ. ტ. 2. ს.ფ. 50-51), მხარეს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა (2017 წლის 9 იანვრიდან 19 იანვრის ჩათვლით) ეკისრებოდა ვალდებულება დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მოთხოვნით მიემართა სასამართლოსთვის, რაც მას არ შეუსრულებია.

20. განმცხადებელი, მარათალია, მიუთითებს ამ ვადის დაცვით სასამართლოში გამოცხადების ფაქტზე, თუმცა მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება და არც მხარეს წარუდგენია სასამართლოსათვის. საქმეში დაცულია მ. ჩ–ის 2017 წლის 13 მარტის განცხადება, რომლის თანახმადაც, ამავე დღეს მას ჩაბარდა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის განჩინება (იხ. ტ. 2. ს.ფ. 77). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაასაბუთა ის გარემოება, რომ მას სასამართლოს ბრალით არ ჩაბარდა გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში და სწორედ ამან განაპირობა საკასაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის დარღვევა. შესაბამისად, უდავოა, რომ საპროცესო ვადის დარღვევით სასამართლოში გამოცხადების გამო, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 20 იანვარს (სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს) და ამოიწურა ამავე წლის 9 თებერვალს, ხოლო მხარემ საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2017 წლის 27 მარტს, რაც საკასაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 და 397-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევად და საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად.

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მ. ჩ–ის განცხადება უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.

22. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის ავტორის შუამდგომლობას საქმის უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911-ე მუხლის შესაბამისად, საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ ა) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას; ბ) საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას); გ) საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას).

23. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მ. ჩ–ის განცხადება უსაფუძვლოა და არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. ჩ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე