Facebook Twitter

საქმე №ას-1506-1426-2017 29 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი. გ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-ი“ (მოპასუხე)

მესამე პირი (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) - ი. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრში იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ი. გ-მ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ-ის“ (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის და საჯარო რეესტრში იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად მოსარჩელის მხარეზე ჩართულ იქნა ი. გ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მესამე პირმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ი. გ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ი. გ-ს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ი. გ-ეს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 490,55 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის და 5,1 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის 10 (ათი) დღით გაგრძელების თაობაზე კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდის მიზნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით ი. გ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორს ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა გაუგრძელდა 5 (ხუთი) დღით.

სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის კიდევ 10 (ათი) დღით გაგრძელება კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდის მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 490,55 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის და 5,1 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა კასატორის ოჯახის წევრს - დედას, ი. რ-ეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით 2018 წლის 4 იანვარს (იხ. ჩაბარების დასტური ტ. II, ს.ფ. 100).

ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის 10 (ათი) დღით გაგრძელების თაობაზე კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდის მიზნით, რაც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით ი. გ-ს ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა გაუგრძელდა 5 (ხუთი) დღით.

საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელს, მ. ა-ეს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2018 წლის 15 იანვარს (იხ. შეტყობინების აქტი ტ. II, ს.ფ. 106).

სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა ისევ მომართა შუამდგომლობით უზენაეს სასამართლოს და კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდის მიზნით მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის კიდევ 10 (ათი) დღით გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ კასატორს აქვს მძიმე მდგომარეობა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ვერ ახერხებს დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. კასატორმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, უნდა დაადასტუროს თავისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.

განსახილველ შემთხვევაში კასატორი შუამდგომლობს შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადახდისუუნარობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე ისე, რომ არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტი აღნიშნულის დასადასტურებლად, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გაეგრძელებინა მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა.

ამრიგად, სასამართლო თვლის, რომ შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური