Facebook Twitter

№ ას-1345-1265-2017 12 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – მ. ბ-ე, ლ. ბ-ე, პ. ბ-ე, თ. ბ-ე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ლ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. ლ–მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ბ-ის, ლ. ბ-ის, პ. ბ-ის და თ. ბ-ის (შემდგომში „მოპასუხეები“, „აპელანტები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

2. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 14 ივლისის განჩინებით აპელანტებს საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი, განესაზღვრათ ვადა წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის სრულყოფილად შესავსებად და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის, 10 (ათი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოსთვის წარდგენა. აპელანტებმა დადგენილი ხარვეზი შეავსეს საპროცესო ვადის დარღვევით, 2017 წლის 7 აგვისტოს ნაცვლად ამავე წლის 8 აგვისტოს. შესაბამისად, არსებობდა მათი საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება.

7. კერძო საჩივრის ავტორების განცხადებით, მათ სრულად გამოასწორეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი და გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი, 160 ლარი, რის გამოც არ არსებობდა მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

8. კერძო საჩივრის ავტორები ასევე მიუთითებენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობაზე და მოითხოვენ სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. საქმის მასალებით დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებაზე აპელანტებმა წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომელსაც დაურთეს სახელმწიფო ბაჟის, 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (იხ. ს.ფ. 67-78).

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინებით აპელანტებს საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის - 10 (ათი) ლარის გადახის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა (იხ. ს. ფ. 81-83).

13. დადგენილია და არც კერძო საჩივრის ავტორები ხდიან სადავოდ, რომ მათ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება 2017 წლის 28 ივლისს ჩაბარდათ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით (იხ. ს.ფ. 88-91).

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

15. ზემოაღნიშნულ ნორმათა ურთიერთშეჯერებისა და საქმეში არსებული მასალების შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აპელანტებისათვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10-დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო ხარვეზის განჩინების მათთვის ჩაბარების მომდევნო დღეს - 2017 წლის 29 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 7 აგვისტოს, ხოლო ვიანიდან აპელანტებმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითართან ერთად სასამართლოში წარადგინეს 2017 წლის 8 აგვისტოს, ანუ ერთი დღის დაგვიანებით, არსებობდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც საჩივრის ავტორებმა წარდგენილი კერძო საჩივრით ვერ გააქარწყლეს სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მათ მიერ ხარვეზის დაგვიანებით შევსების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

18. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობის გამო საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავოდ არის გამხდარი სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი კერძო საჩივრის ფარგლებში შეაფასოს და იმსჯელოს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. ბ-ის, ლ. ბ-ის, პ. ბ-ისა და თ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე