№330210115001162212
საქმე №ას-1452-1372-2017 26 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ-- გ-ე (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ- ჯ-ე (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ- ჯ-ემ (შემდეგში: მოსარჩელე ან გამსესხებელი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა გ- გ--ის (შემდეგში: მოპასუხე ან მსესხებელი ან მოვალე ან კასატორი) წინააღმდეგ და მოითხოვა: ძირითადი თანხის - 2700 აშშ დოლარის, პროცენტის სახით მის მიერ კრედიტორისათვის გადახდილი - 480 აშშ დოლარისა და 500 ლარის დაკისრება (დაზუსტებული მოთხოვნა) [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 623-ე, 625-ე მუხლები].
2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ 2013 წლის მაისში, მოსარჩელემ მოპასუხესთან არსებული მეგობრული ურთიერთობის ფონზე, მოპასუხის თხოვნით ისესხა 4200 დოლარი, სამი თვის ვადით, ყოველთვიურად 10% სარგებლის დარიცხვის პირობით. ამავე პირობებით სესხის თანხა გადასცა მოპასუხეს. მოპასუხემ არ შეასრულა ფულადი ვალდებულება და მის სანაცვლოდ, სესხის თანხას სარგებელთან ერთად იხდიდა მოსარჩელე. სარჩელის განხილვის დროისათვის მოპასუხემ 1500 აშშ დოლარის ნაწილში შეასრულა ვალდებულება მოსარჩელის მიმართ, რაც ამ ნაწილში, საფუძვლად დაედო სარჩელის მოთხოვნის შემცირებას.
3. მოპასუხემ მოთხოვნის შემწყვეტ შესაგებელში სადავოდ გახადა ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა და მიუთითა მის მიერ სხვადასხვა დროს შემდეგი ოდენობის თანხის გადახდაზე: 2013 წელს - 1560 აშშ დოლარი, 2014 წელს - 540 აშშ დოლარი, 2015 წელს - 400 აშშ დოლარი, ხოლო სარჩელის აღძვრის შემდგომ - 1500 დოლარი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელით მოთხოვნილი თანხიდან დაეკისრა 2700 აშშ დოლარი.
5. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით წარდგენილი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - აპელანტს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ დაეკისრა 1380 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში გადახდა.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების წარმოშობის ფაქტი ძირითადი თანხის - 2700 აშშ დოლარის ნაწილში [სსკ-ის 623-ე მუხლი], თუმცა, სარგებლის (ძირითადი თანხის 10%) გადახდისა და სასესხო სამართალურთიერთობის ვადის ნაწილში (სარგებლის დარიცხვის პერიოდი) სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები დაუდასტურებლად მიიჩნია [სსკ-ის 625-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 102-ე და 105-ე მუხლები].
7. იმავდროულად, აღნიშნა, რომ მტკიცების ტვირთი სესხის დაბრუნების ვადასა და სარგებლის გადახდის ნაწილში, მოსარჩელის (კრედიტორის) ვალდებულებას წარმოადგენდა, რომელ ვალდებულებასაც კრედიტორმა წარმატებით ვერ გაართვა თავი.
8. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა 1320 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში. დარჩენილი თანხის - 1380 აშშ დოლარის ნაწილში კი, ვალდებულების შესრულებულად მიჩნევისათვის საკმარის მტკიცებულებად არ შეფასდა მოვალის მიერ წარდგენილი ჩანაწერები, რომლებიც წარმოადგენდა მხარის მიერ ცალმხრივად შედგენილ დოკუმენტს და სასამართლოს აზრით, აღნიშნულს სადავო სამართალურთიერთობის ფაქტის დასადასტურებლად მტკიცებულებითი მნიშვნელობა ვერ მიენიჭებოდა [სსსკ-ის 105-ე მუხლი]. მოწმე თ- ბ-ის ჩვენება, რომლის მიხედვითაც 200 აშშ დოლარი მოსარჩელისათვის უკან იყო დაბრუნებული, სასამართლომ არ გაიზიარა.
9. ამდენად, სააპელაციო პალატამ მოპასუხის/აპელანტის მიერ 1320 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის დაბრუნების ნაწილში, ვალდებულება შესრულებულად მიიჩნია.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მოპასუხემ წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, რომელიც ეფუძნება იმავე გარემოებებსა და მოსაზრებებს, რასაც მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი, სახელდობრ:
11. კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
12. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარემ სარჩელი შეიტანა 2015 წლის 20 ნოემბერს, მაშინ, როცა 2015 წლის 5 ნოემბერს მის საბანკო ანგარიშზე კასატორმა 200 აშშ დოლარი ჩარიცხა.
13. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ მოგვიანებით შეამცირა თანხის ოდენობა 1500 აშშ დოლარით, მაგრამ არ დაასახელა გადახდის ქვითრების დანიშნულება, საიდანაც ირკვეოდა კასატორის მიერ თანხის სრულად გადახდის ფაქტი. აღნიშნული კი, მოწინააღმდეგე მხარეს სადაოდ არ გაუხდია და მან მხოლოდ მას შემდეგ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, როცა კასატორმა წარმოადგინა გადახდის ქვითრები.
14. საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, მოწინააღმდეგე მხარის მიზანს წარმოადგენდა კასატორის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტის დამალვა და იგი არ აღიარებს ხელზე აღებული თანხების მიღებას, გარდა 1320 აშშ დოლარისა, რომელსაც სარგებლის სახით გადახდილ თანხად მიიჩნევს, რაც სააპელაციო სასამართლომ მის საწინააღმდეგოდ მართებულად დაადგინა.
15. კასატორი მიინევს, რომ მის მიერ ვალდებულების სრულად შესრულება გარდა რვეულში თავისი ჩანაწერისა, მოწმემაც დაადასტურა. შესაბამისად, სასამართლოს უნდა ემსჯელა იმის თაობაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარემ დამალა კასატორის მიერ თანხის სრულად გადახდის ფაქტი. იგი აღნიშნავს, რომ 2015 წლის 22 დეკემბერს მოწინააღმდეგე მხარის საბანკო ანგარიშზე 1100 აშშ დოლარის გადახდის დანიშნულება ადასტურებს ამ გარემოებას.
16. ამდენად, კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს მასზე 1380 აშშ დოლარის დაკისრებას, ვინაიდან, მის მიერ 2015 წლის 5 და 30 ნოემბერს, ასევე 22 დეკემბერს მოწინააღმდეგე მხარის საბანკო ანგარიშზე გადარიცხული 2820 აშშ დოლარი და ხელზე გადაცემული თანხა ადასტურებს ვალდებულების შესრულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
19. განსახილველი დავა წარმოშობილია სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სესხის (ძირი თანხა) დაბრუნების მოთხოვნა - სსკ-ის 623-ე მუხლი [სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი], თანმიმდევრობით განხორციელებული უნდა იყოს მოთხოვნის საფუძვლის განმაპირობებელი შემდეგი წინაპირობები: მსესხებელს გადაცემული უნდა ჰქონდეს განსაზღვრული (სადავო) თანხა საკუთრებაში და უნდა კისრულობდეს განსაზღვრულ ვადაში, გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას.
20. სამოქალაქო საქმეში, რომელშიც სადავო იყო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საკითხი, საკასაციო პალატამ შემდეგი განმარტება გააკეთა: „სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება)“ (შდრ: სუსგ №ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ.; №ას-361-343-2015, 14.12. 2015).
21. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა ანუ, კასატორი სადავო თანხის ნაწილში ფულის სესხად მიღებას სადავოდ არ ხდის. მისი საკასაციო პრეტენზია შეეხება სესხის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობას 1380 აშშ დოლარის ნაწილში.
23. ნიშანდობლივია, რომ სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი არცერთი ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ გვთავაზობს, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნას სსსკ-ის ზოგადი ნორმა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებისთვის [სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი], რომლის თანახმად თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი კი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით.
24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს {სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი} (შდრ. სუსგ Nას-279-264-17, 21.04.2017წ.). მოსარჩელის (გამსესხებლის) მიერ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევასა და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოპასუხეს (მსესხებელს) ვალდებულება (სესხის დაბრუნება) შესრულებული არ აქვს (შდრ. სუსგ Nას-№ას-929-891-2014, 22.04.2015.; №ას-763-722-2015, 28 სექტემბერი, 2015 წელი).
25. მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საპირისპოროდ კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია [სსსკ-ის 407.2]. შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ კასატორის მიერ მოწინააღმდეგე მხარისათვის 1380 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება კასატორის მიერ წარმოდგენილი არაა [სსსკ-ის 102-ე მუხლი].
26. ნიშანდობლივია საკასაციო პალატის განმარტება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან №ას-570-541-2015: „სსკ-ის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით.“
27. სწორედ ზემოაღნიშნული მოსაზრებით მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში. მოცემულ საქმეშიც, მოპასუხემ/მოვალე/კასატორი სესხად გაცემული თანხის დაბრუნების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება ვერ შეძლო. მან ვერ წარმოადგინა საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულება სადავოდ ქცეული 1380 აშშ დოლარის ნაწილში ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ. ამგვარ მტკიცებულებად კი, ვერ შეფასდება მოვალის მიერ წარდგენილი ჩანაწერები, რომლებიც წარმოადგენს მხარის მიერ ცალმხრივად შედგენილ დოკუმენტს და სასამართლოს აზრით, აღნიშნულს სადავო სამართალურთიერთობის ფაქტის დასადასტურებლად მტკიცებულებითი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება [სსსკ-ის 105-ე მუხლი].
28. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილი ასახულია განჩინებაში.
30.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ- გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ გ---გ----ეს უკან დაუბრუნდეს 11/12/2017 - ში სალაროს შემოსავლის ორდერი N--1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე