საქმე №ას-20-20-2018 09 თებერვალი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ- ს-იშვილი (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 09 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, დაყოვნებული თანხის 0,07%-ის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ვ- ს---იშვილსა (შემდგომში: „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში: „მოპასუხე“ ან „დამსაქმებელი“) შორის 19.11.2012წ.-ს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე ერთი წლით (19.02.2013წ-მდე) მიღებულ იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბოლნისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარ სპეციალისტად. მხარეთა შორის რამდენჯერმე გაგრძელდა შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა: 19.02.2013წ-ის №2461/კ ბრძანებით - 2014 წლის 19 თებერვლამდე; 14.02.2014წ-ის №1329/კ ბრძანებით - 2015 წლის 19 თებერვლამდე; 02.02.2015წ-ის №1078/კ ბრძანებით - 2017 წლის 01 თებერვლამდე.
2. დამსაქმებლის 01.02.2017წ-ის №708/კ ბრძანებით (შემდეგში: სადავო ბრძანება) დასაქმებულთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება. დასაქმებული 2017 წლის პირველი თებერვლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. სადავო ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად დამსაქმებელმა იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი ნაწილი და დამსაქმებლის წესდების 5.3. პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტით.
3. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა დამსაქმებლის მიმართ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით [სშკ-ის მე-6 და 31.3 მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 44-ე, 394 და 411-ე მუხლები}.
4. სადავო ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა სშკ-ის 6.13 მუხლზე და აღნიშნა, რომ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დამსაქმებელი არაუფლებამოსილი იყო ხელშეკრულების ვადის გასვლით საფუძვლით სამუშაოდან დაეთხოვა დასაქმებული, რომელიც უვადო შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა დამსაქმებელთან.
5. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველ შედავებაში უარყო მოსარჩელესთან უვადო შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობა და მიუთითა მოსარჩელის მხოლოდ ვადიან საწყისებზე, შტატგარეშე თანამშრომლად მიღების გარემოებაზე.
6. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბოლნისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2017 წლის პირველი თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თვეში 720 ლარის ოდენობით; უარყოფილი იქნა მოთხოვნა ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის დაკისრებაზე.
7. პირველი ინსტანციის სასამართლომ დავა მოაწესრიგა სშკ-ის მე-6 მუხლის 13 ნაწილით, რომლის შესაბამისად დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება განიხილა უვადო ხელშეკრულებად, რომლის შეწყვეტა ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით არამართლზომიერად შეფასდა.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ. აპელანტი არ დაეთანხმა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების (ამ განჩინების პპ: 1, 2) სამართლებრივ შეფასებას და მხარეთა შორის წარმოშობილი შრომითისამართლებრივი ურთიერთობის კონკრეტულ და მკაფიოდ განსაზღვრულ ვადაზე მიუთითა, რომლის უფლებამოსილებას, როგორც ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების უფლებას მხარეებს ანიჭებდა სსკ-ის 327-ე და 319-ე მუხლები. შესაბამისად, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა სახელშეკრულებო თავისუფლების საფუძველზე განსაზღვრული ხელშეკრულების ვადის განისაზღვრა 2017 წლის 1 თებერვლამდე ნიშნავდა სწორედ იმას, რომ სახეზე იყო განსაზღვრული ვადით დადებული ხელშეკრულება და ხელშეკრულებაში მითითებული თარიღის დადგომა თავისთავად წარმოშობდა ხელშეკრულების შეწყვეტას სადავო ბრძანებაში მითითებული სამართლებრივი საფუძვლით.
9. სააპელაციო სასამართლოს წარედგინა მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივარიც, რომლითაც სადავო იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში [სშკ-ის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი].
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 09 ნოემბრის განჩინებით უარყოფილია სააპელაციო და შეგებებული სააპელაციო საჩივრები.
11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პპ: 1-2 ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. იმავდროულად, დაეთანხმა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას სშკ-ის მე-6 მუხლის 13 ნაწილის ნორმატიული დანაწესით და აღნიშნა, რომ თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, კანონი ასეთ ურთიერთობას იმპერატიული დანაწესით მიიჩნევს უვადო შრომით ხელშეკრულებად. ნორმა ასევე დეტალურად აღწერს რა ითვლება მიმდევრობით დადებულ ხელშეკრულებებად. სშკ-ის მე-6 მუხლი ასევე შეიცავს შენიშვნას, რომელიც მისი განუყოფელი ნაწილია და ადგენს მუხლში მითითებული რეგულაციის გამოყენების პირობებს იმ ურთიერთობებში, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებებს წინ უსწრებდა, შენიშვნის თანახმად, მე-6 მუხლის 11–13 პუნქტების მოქმედება ვრცელდება ამ კანონის (12.06.2013, №729) ამოქმედების შემდეგ დადებულ ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებაზე ან/და კოლექტიურ ხელშეკრულებაზე. მე-6 მუხლის 13 პუნქტის პირობების მიუხედავად, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე დასაქმებულთან, რომლის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, უვადო შრომითი ხელშეკრულება მე-6 მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად დადებულად ჩაითვლება ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ, ხოლო თუ ასეთივე დასაქმებულის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში, მასთან უვადო შრომითი ხელშეკრულება მე-6 მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად დადებულად ჩაითვლება ამ კანონის (12.06.2013, №729) ამოქმედებიდან 2 წლის შემდეგ. 12.06.2013წ. საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ, კერძოდ კი მისი მე-3 მუხლი, ადგენს ცვლილებების ამოქმედებას გამოქვეყნებისთანავე. ცვლილებები გამოქვეყნდა 04.07.2013წ.. შესაბამისად, მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ ცვლილებების ამოქმედებამდე წარმოშობილი ვადიანი შრომითი ურთიერთობა უვადოდ დადებულ შრომით ხელშეკრულებად განიხილება, თუ ვადიანი ურთიერთობა ერთსა და იმავე დასაქმებულთან საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებამდე 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ კანონის ამოქმედებიდან კვლავ გაგრძელდება 1 წელი; თუ ვადიანი შრომითი ურთიერთობა საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებამდე 5 წელზე ნაკლები დროის განმავლობაში გრძელდებოდა, იგი უვადოდ მიიჩნევა, ამ ცვლილებების ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში გაგრძელების შემთხვევაში.
12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ვადიანი შრომითი ურთიერთობა საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებამდე - ანუ 04.07.2013 წლამდე 5 წელზე ნაკლები დროის განმავლობაში გრძელდებოდა, კერძოდ, 19.11.2012წ.-დან 04.07.2013წ.-მდე; ამასთან, საბოლოოდ შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა 2017 წლის 1 თებერვლამდე, ანუ გასულია კანონის ამოქმედების შემდეგ 2 წელზე მეტი და 19.11.2012წ-დან 01.02.2017წ-მდე. დროის მონაკვეთი აღემატება 30 თვეს. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობა კანონის იმპერატიული დათქმით ტრანსფორმირდა უვადო შრომითსამართლებრივ ურთიერთობად.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ/აპელანტმა, რომელმაც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
14. კასატორი მიუთითებს მოდავე მხარეთა შორის წარმოშობილი შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შინაარსსა და მის არსებით პირობებზე, რომლის განსაზღვრის თავისუფლებაში, კასატორის მოსაზრებით, მხარეთა ნებას უპირატესი ძალა გააჩნია [სშკ-ის მე-2 და სსკ-ის 327-ე მუხლი]. შესაბამისად, მხარეებს სრული თავისუფლება აქვთ შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების ვადებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ისინი ამით საკუთარი ნებით განსაზღვრავენ ვალდებულების შესრულების საზღვრებს დროში. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა განსაზღვრული ვადით დადებული ხელშეკრულება. ვინაიდან, მოსარჩელესა და სააგენტოს შორის ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 1 თებერვლამდე ეს იმას ნიშნავს, რომ სახეზეა განსაზღვრული ვადით დადებული ხელშეკრულება და ხელშეკრულებაში მითითებული თარიღის დადგომა თავისთავად ითვალისწინებს ხელშეკრულების შეწყვეტას სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. კასატორი აღნიშნავს, რომ მთელი იმ დროის განმავლობაში რაც მოსარჩელე სააგენტოში საქმიანობდა, მუდმივად იდებოდა ან გრძელდებოდა შრომითი ხელშეკრულებები დროის კონკრეტული ვადის მითითებით. თუ მოსარჩელე ამ პირობას არ ეთანხმებოდა, შეეძლო სააგენტოსთვის მიემართა სხვა სახის მოთხოვნით, მაგრამ ასეთი არ მომხდარა. შესაბამისად, მოსარჩელე ეთანხმებოდა ურთიერთობის ასეთ ფორმატს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
17. კასატორი სადავოდ ხდის გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებას და მისი არგუმენტი სააპელაციო საჩივრის არგუმენტის იდენტურია. სახელდობრ, კასატორი მიუთითებს კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში არსებული ხელშეკრულების დადებისა და მისი არსებითი პირობების განსაზღვრის თავისუფლებაზე. იმავდროულად, აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ეთანხმებოდა ვადიანი ხელშეკრულების ფორმატში ურთიერთობის გაგრძელებას და არასოდეს გამოუთქვამს პრეტენზია.
18. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის პრეტენზიას არ გააჩნია გაზიარების ვარგისი სამართლებრივი საფუძველი და განმარტავს, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის არსი მოიცავს, როგორც თავისუფალი კონტრაჰირების ისე, ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმების თავისუფლებას [სსკ-ის 319-ე და 327-ე მუხლები]. თუმცა, ნორმის დანაწესი იმპერატიული მნიშვნელობის არ არის და ხელშეკრულების მონაწილეთა ეს უფლება ექვემდებარება შეზღუდვას ლეგიტიმური მიზნისთვის [„legitimate purpose“]. სწორედ აღნიშნულს გულისხმობს სშკ-ის ახლად ამოქმედებული ნორმა, რომელიც ნორმით განსაზღვრული წინაპირობების დაცულობის შემთხვევაში, როგორიცაა ვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობის ხანგრძლივობა [სსკ-ის მე-6 მუხლის 13 პუნქტი] ვადიან შრომით ურთიერთობას გარდაქმნის უვადო შრომითი ურთიერთობის ფორმატში.
19. აღნიშნულ საკითხზე მყარადაა დადგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. მათგან ერთ-ერთ საქმეში (იხ., სუსგ №ას-913-853- 2017, 29 სექტემბერი, 2017 წელი) საკასაციო პალატამ იმსჯელა სშკ-ის მე-6 მუხლის 13 ნაწილის მიხედვით დამსაქმებელთან დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულების უვადო შრომით ხელშეკრულებად მიჩნევის სამართლებრივ საკითხებზე და განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობის ამგვარი ტრანსფორმირებისათვის აუცილებელი იყო ორი პირობის კუმულატიურად არსებობა: ერთსა და იმავე დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობების არსებობა 5 წლით ან მეტი ვადით და ვადიანი ხელშეკრულების მოქმედება კოდექსში განხორციელებული ცვლილების ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში. მსგავს საქმეებზე აგრეთვე იხ., სუსგ №ას-373-354-2015, 13 ნოემბერი, 2015 წელი.
20. საგულისხმოა ხელშეკრულების მონაწილეთა თავისუფლების კანონისმიერი შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის თაობაზე საკასაციო პალატის მიერ სხვა გადაწყვეტილებაში გაკეთებული განმარტება, რომელშიც დასაქმებულთან გაფორმებული ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით დადებულად იქნა მიჩნეული (იხ., სუსგ №ას-1083-1020-2015, 15 აპრილი, 2016 წელი): „..შრომითი ხელშეკრულების სტაბილურობა, კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი შრომის უფლების შემადგენელი ნაწილია (საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი)“. საკასაციო პალატის მითითებული განმარტებიდან და სშკ-ის მე-6 მუხლის 13 ნაწილის ნორმატიული დანაწესიდან გამომდინარე საკასაციო საჩივრის პრეტენზია მოსარჩელესთან არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ხანგრძლივობის საკითხთან მიმართებით უარსაყოფია.
21. მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (ამ განჩინების პპ: 1, 2, 11) იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის ვადიანი შრომითი ურთიერთობა საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებამდე - ანუ 04.07.2013 წლამდე 5 წელზე ნაკლები დროის განმავლობაში გრძელდებოდა (საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ გამოქვეყნდა 04.07.2013წ-ს, რასაც უკავშირდება ცვლილებების ამოქმედება), კერძოდ, 19.11.2012წ.-დან 04.07.2013წ.-მდე; საბოლოოდ კი, მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა 01.02.2017წ-მდე (სადავო ბრძანება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ), ანუ გასულია სშკ-ის მე-6 მუხლის 13 ნაწილის ამოქმედების შემდეგ 2 წელზე მეტი, ხოლო თავის მხრივ, 19.11.2012წ-დან 01.02.2017წ-მდე დროის მონაკვეთი აღემატება 30 თვეს, მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობა გარდაიქმნა უვადო შრომითსამართლებრივ ურთიერთობად.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან სშკ-ის მე-6 მუხლის კონტექსტში ვადიანი შრომითსამართლებრივი ურთიერთობების უვადო შრომითსამართლებრივ ურთიერთობებად გარდაქმნის სამართლებრივ საკითხებზე დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილი ასახულის წინამდებარე განჩინებაში.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უკან დაუბრუნდეს (ტრანზაქცია განხორციელულია - 22.01.2018; მოთხოვნის დამოწმება -18.01.2018; მოთხოვნის გაგზავნა - 22.01.2018) ელექტრონული საგადახდო მოთხოვნა N00590 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (432 ლარი) – 302.4 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე