№330210016001624374
საქმე №ას-155-155-2018 15 თებერვალი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ი-- ს–ვილი (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა (შემდგომში: „გამყიდველი“ ან „მოსარჩელე“ ან „აპელანტი“ ან „კასატორი“) და ი-- სვილს (შემდგომში: „მყიდველი“ ან „მოპასუხე“ ან „მოწინააღმდეგე მხარე“) შორის 21.09.2015წ-ს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა გ---ში, კ--–ი, ი--ის მთაზე მდებარე 2652.00კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულ №1 (ნანგრევი, ფართით 3783.39 კვ.მ.) შენობა-ნაგებობაზე ჩასატარებელი სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალები (შემდგომში - „ხელშეკრულება“).
2. ხელშეკრულების მიხედვით მყიდველს უნდა გადაეხადა საპრივატიზებო საფასური 83 000 ლარი, ელექტრონული აუქციონის დასრულების თარიღიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
3. ხელშეკრულების მიხედვით მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა შენობა-ნაგებობების დემონტაჟი და დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალების და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში.
4. ხელშეკრულების თანახმად, დაკირებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო.
5. გამყიდველმა სარჩელი აღძრა მყიდველის წინააღმდეგ და მოითხოვა პირგასამტეხლოს - 34,383.2 ლარის დაკისრება [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 394-ე, 417-ე, 418-ე მუხლები].
6. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევა, რისთვისაც გამყიდველმა მყიდველს დააკისრა პირგასამტეხლო, რომლის გადახდის ვალდებულება შეუსრულებელია.
7. მოპასუხემ სადავოდ გახადა პირგასამტეხლოს გონივრულობა [სსკ-ის 420-ე მუხლი].
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელით მოთხოვნილი თანხიდან დაეკისრა 6876.64 ლარი.
9. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით წარდგენილი მოპასუხის სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პპ: 1-4-ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
11. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მიხედვით მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა შენობა-ნაგებობების დემონტაჟი და დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალების და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში ანუ, ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 21.03.2016წ-ის ჩათვლით.
12. მოპასუხეს, ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, შესრულების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 45 დღეში უნდა წარმოედგინა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთ საექსპერტო ან/და აუდიტორული კომპანიის მიერ შედგენილი დასკვნა (4.1.3 პუნქტი).
13. ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად (3.1 პუნქტი), საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოპასუხეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%-ის, ხოლო, 4.1.1 პუნქტით (დემონტაჟი, მეორადი მასალების/ნარჩენების გატანა) გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, 500 ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
14. მოპასუხეს, ხელშეკრულების 4.1.3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების (4.1.1 პუნქტით განსაზღვრული შესრულების დადასტურება) შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 50 ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ (მყიდველმა) სრულად გადაიხადა ხელშეკრულებით შეთანხმებული საპრივატიზებო საფასური, მან შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შენობა - ნაგებობების დემონტაჟის, სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების გატანის თაობაზე და უკანასკნელი ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით წარადგინა შესაბამისი საექსპერტო დასკვნა.
15. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე საპრივატიზებო საფასურს პერიოდულად (2015 წლის 4 სექტემბრიდან 2016 წლის 29 ივლისის ჩათვლით), ოღონდ, არასრულად იხდიდა, რის გამოც, დარღვეულია ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდის 30 დღიანი ვადა და შესრულება განხორციელებულია ვადის გადაცილებით. ვალდებულების ამ ნაწილის დარღვევისათვის მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯამში - 15 133.2 ლარი.
16. სააპელაციო სასამართლომ დაუდასტურებლად მიიჩნია, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტი გათვალისწინებული ვალდებულების (შენობა-ნაგებობების დემონტაჟის, სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების გატანის თაობაზე) ვადაში შეუსრულებლობა, კერძოდ, საქმეში არსებული მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული რომ მოპასუხეს ეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან (21.09.2015წ.) 6 თვის განმავლობაში, ანუ 2016 წლის 21 მარტის ჩათვლით, რაც იმას ნიშნავს, რომ მყიდველს ვალდებულების შესრულებისათვის განსაზღვრული ჰქონდა 6 თვიანი ვადა.
17. მოპასუხე ვალდებული იყო მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, მოსარჩელისათვის წარედგინა ინფორმაცია ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ, რაც არც ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვამდე და არც მის შემდგომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია.
18. მოპასუხემ შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების გატანა განახორციელა 2016 წლის 21 მარტამდე, რაც დასტურდება სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნით და 25.05.2016წ. წერილით, საიდანაც ირკვევა, რომ მყიდველმა სამუშაოთა შესრულების დადასტურების მიზნით ბიუროს მიმართა ჯერ კიდევ 15.03.2016წ. ანუ, ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვამდე 6 დღით ადრე.
19. დასკვნის მომზადებისათვის საჭირო კვლევა ექსპერტმა ჩაატარა 26.04.2016წ. და 28.04.2016წ. დაადასტურა სამუშაოთა შესრულება. ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
20. სამუშაოთა ფაქტობრივი დასრულების შესახებ ინფორმირებული იყო მოსარჩელე.
21. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე, 2016 წლის 22 მარტიდან (შესრულების ვადის ამოწურვის მომდევნო დღე) 28 აპრილის ჩათვლით (დასკვნის მომზადების თარიღი) არსებული პერიოდი მოსარჩელემ მოპასუხეს ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ჩაუთვალა; ვადაგადაცილებულ დღეებზე (38 დღე) დაარიცხა პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით (38X500=19000) და მოსთხოვა მისი ანაზღაურება.
22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების და და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით აპელანტმა წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც სადავოდ გახადა შენობა-ნაგებობების დემონტაჟის, სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების გატანის ნაწილში, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვალდებულება შესრულებულად.
23. კასატორი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში - 2016 წლის 21 მარტამდე. მოპასუხეს ექსპერტიზის დასკვნით უნდა დაედასტურებინა სამუშაოთა შესრულების ფაქტი. წარმოდგენილ დასკვნაში მდგომარეობა შეფასებულია 28 აპრილის მდგომარეობით. ამ თარიღისთვის კი, ვალდებულების შესრულება მიჩნეული უნდა იქნეს დადგენილი ვადის გადაცილებად. ამასთანავე, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოება, რომ შემოწმების დროისათვის ობიექტზე დარჩენილი იყო უმნიშვნელო მასალა: არმატურა, ბლოკი ფილა და ა.შ, მიჩნეული უნდა იქნეს ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობად.
24. ამასთან, კასატორი მიუთითებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს განაკვეთზე და სადავოდ ხდის მის შემცირებას. ამ თვალსაზრისით, კასატორი აღნიშნავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით განისაზღვრა ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო მყიდველის პასუხისმგებლობა, კერძოდ: ხელშეკრულების 3.1 მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად, საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, მყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო დარჩენილი გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაცილებულ დღეზე; ხელშეკრულების 4.1.1 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 4.1.3 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო 50 ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ შეამცირა პირგასამტეხლო, მისი შეუსაბამოდ მაღალი ხასიათის გათვალისწინებით. სასამართლოს არ უმსჯელია თუ რა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები დაედო საფუძვლად პირგასამტეხლოს შემცირებას ან რა მოტივით შეამცირა პირგასამტეხლო იმ ოდენობით, რა ოდენობითაც შეამცირა. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ოდენობას. კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტზე, სადაც მისი მითითებით განსაზღვრულია პირგასატეხლოს ოდენობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
26. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
27. საკასაციო საჩივრით სადავოა ვალდებულების დადგენილ ვადაში შესრულების საკითხი და პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერება. აღსანიშნავია, რომ საკასაციო საჩივრის ორივე პრეტენზიის ნაწილში, კასატორის მიერ წარმოდგენილი არგუმენტი სააპელაციო საჩივრის იდენტურია, რასთან დაკავშირებით ნამსჯელი აქვს სააპელაციო პალატას.
28. კასატორის პრეტენზია, რომელიც ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობაა ემყარება, გაზიარებული ვერ იქნება საკასაციო პალატის მიერ ვინაიდან ამ ნაწილში, კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 407.2 მუხლი].
29. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის მიხედვით, არ დასტუდება მოპასუხის მიერ ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტი გათვალისწინებული ვალდებულების (შენობა-ნაგებობების დემონტაჟის, სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების გატანის თაობაზე) დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა. აღნიშნულ ნაწილში დადგენილია, რომ მოპასუხეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან (21.09.2015წ.) 6 თვის განმავლობაში ანუ, 2016 წლის 21 მარტის ჩათვლით. მოპასუხე ვალდებული იყო მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, მოსარჩელისათვის წარედგინა ინფორმაცია ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ, რაც არც ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვამდე და არც მის შემდგომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია. მოპასუხემ შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების გატანა განახორციელა 2016 წლის 21 მარტამდე, რაც დასტურდება სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნით და 25.05.2016წ. წერილით.
30. კასატორი მიიჩნევს, რომ სამუშაო 21 მარტისთვის უნდა დასრულებულიყო, ხოლო ექსპერტმა 28 აპრილის მდგომარეობით შეაფასა სამუშაოთა შესრულების საკითხი, რაც მიჩნეული უნდა ყოფილიყო 21 მარტისთვის ვალდებულების შეუსრულებლობად (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები - ტ.2. ს.ფ. 82). აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნასა და 25.05.2016წ. წერილზე, საიდანაც ირკვევა, რომ მყიდველმა სამუშაოთა შესრულების დადასტურების მიზნით ბიუროს მიმართა ჯერ კიდევ 15.03.2016წ. ანუ, ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვამდე 6 დღით ადრე. დასკვნის მომზადებისათვის საჭირო კვლევა ექსპერტმა ჩაატარა 26.04.2016წ. და 28.04.2016წ. დაადასტურა სამუშაოთა შესრულება. ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. სამუშაოთა ფაქტობრივი დასრულების შესახებ ინფორმირებული იყო მოსარჩელე. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ გამყიდველმა/მოსარჩელემ ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე, 2016 წლის 22 მარტიდან (შესრულების ვადის ამოწურვის მომდევნო დღე) 28 აპრილის ჩათვლით (დასკვნის მომზადების თარიღი) არსებული პერიოდი მოსარჩელემ მოპასუხეს ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ჩაუთვალა და ვადაგადაცილებულ დღეებზე (38 დღე) დაარიცხა პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით (38X500=19000), რისი დარიცხვის ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნდა (იხ., ამ განჩინების პპ:18-21).
31. კასატორის პრეტენზია პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერებასაც შეეხება. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ შეამცირა პირგასამტეხლო. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ოდენობას. კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტზე, სადაც განსაზღვრულია პირგასატეხლოს ოდენობა.
32. პირველ რიგში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმების ინდიკატორი ყოველთვის უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ, ნომინალიზმის პრინციპი და სხ. ყველა იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოება უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადებიდან პირგასამტეხლოზე შედავების პერიოდში, რომელიც დაეხმარება სასამართლოს საკითხის სამართლიან, გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტაში.
33. საგულისხმოა, პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა. არაერთ სამოქალაქო საქმეში განიმარტა შემდეგი: „..მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ (იხ.,სუსგ Nაs-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; სუსგ №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).
34. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საპრივატიზებო თანხის ვადაში გადაუხდელობის გამო, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისათვის ჯამში 15 133.2 ლარის, ხოლო ექსპერტის დასკვნის 5 დღის დაგვიანებით წარდგენისათვის 250 ლარის დაკისრებას. დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი უარყოფილია (იხ., ამ განჩინების პპ: 18-21). სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა შემცირდა 6876.64 ლარით და საბოლოოდ, სარჩელი დაკმაყოფილდა 15,383.2 ლარის დაკისრების ნაწილში. აღნიშნული კი, საკასაციო პალატას სამართლიან და გონივრულ ოდენობად მიაჩნია იმის გათვალისწინებით, რომ მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულება დაგვიანებით, მაგრამ შესრულებულია. შესრულება გამყიდველს მიღებული აქვს და მისი პრეტენზია ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებას შეეხება. საგულისხმოა, რომ მხარეები შეთანხმებულები იყვნენ ვალდებულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოზე, რისი დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები სახეზეა. ამასთან, პირგასამტეხლოს ბუნებიდან გამომდინარე, მისი დაკისრების წინაპირობების არსებობას (ზიანს) განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება, თუმცა, მისი ოდენობის გონივრულობა (სსკ-ის 420-ე მუხლი) სასამართლოს შეფასების და კორექტირების საგანია. აქედან გამომდინარე, კასატორის პრეტენზია პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია ვარგისი სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება კასატორის მითითბას, რომ პირგასამტეხლო ნორმატიულად იყო განსაზღვრული, რისი შემცირების უფლებაც სასამართლოს არ ჰქონდა, ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ, ვინაიდან, კონკრეტულ საქმეზე დადგენილია, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული და შეთანხმებული იყო ხელშეკრულებით (ამ განჩინების პპ: 13-15). ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ და ნორმატიულად განსაზღვრულ პირგასამტეხლოზე იხ., სუსგ №ას-862-828-2016, 24 თებერვალი, 2017 წელი.
35. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
36. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის განაწილებასთან, აგრეთვე, პირგასამტეხლოს შემცირების საკითხებთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილი ასახულია განჩინებაში.
37.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
38. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე