Facebook Twitter

№330210115704624

საქმე №ას-1488-1408-2017 15 თებერვალი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი--ყ-ი (მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - მ-ზ დ-ი (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2013 წლის 03 აპრილს მ- ზ-დ-სა (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) და ტ- ქ-იას (შემდეგში: მსესხებელი) შორის გაფორმდა N130319672 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება), რომლის თანახმად, მოპასუხემ მსესხებელს ასესხა 54 000 აშშ დოლარი, 2013 წლის 3 ივნისამდე, ყოველთვიურად 4%-ის გადახდის პირობით.

2. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ორი ერთეული უძრავი ქონება, მდებარე: ა) ქ. თბილისში, შ–ის ქ. N4, კორპ. 7, ბინა 26 და ბ) ქ. თბილისში, შ-–ის ქ. #4, კორპ. 7, ბინა 27 (შემდეგში: იპოთეკის საგანი).

3. 2013 წლის 16 აპრილს ,,იპოთეკის საგნები” მსესხებელმა საკუთრებაში გადასცა ი-- ყ-ს (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი).

4. 2014 წლის 11 ივნისს მოპასუხემ სესხის თანხიდან - 54000 აშშ დოლარი, 10 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება დაუთმო ქ- ქ–ვილს.

5. 2014 წლის 20 დეკემბერს ნოტარიუსმა გასცა №1- სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მოპასუხის წინაშე აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს შემდეგს: სესხის ძირითადი თანხა - 44 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - სესხის ძირითადი თანხის 0.13%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 03 ივნისიდან აღსრულებამდე. იქვე, აღინიშნა, რომ მესაკუთრეს იპოთეკარისათვის ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის გადახდილი ჰქონდა 1660 აშშ დოლარი.

6. 2014 წლის 20 დეკემბერს ნოტარიუსის მიერ გაცემულ №1-- სააღსრულებო ფურცელზე კერძო აღმასრულებელმა გახსნა სააღსრულებო წარმოება და მოსარჩელეს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. მანვე აღსასრულებელი ვალდებულების ოდენობად მიუთითა: სესხის ძირითადი თანხა - 44 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო (შემცირებული) - სესხის ძირითადი თანხის 0,3%-ის ნაცვლად 0.13% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 03 ივნისიდან აღსრულებამდე, რაც 540 დღეზე შეადგენს 30 888 აშშ დოლარს. ჯამში, 74 888 აშშ დოლარი (იხ., ს.ფ. 33, 34). ამავე აღმასრულებლის 2015 წლის 20 იანვრისა და 27 იანვრის მიწერილობების მიხედვით 2014 წლის 20 დეკემბერს ნოტარიუსის მიერ გაცემული №1- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აუქციონი არ იყო დანიშნული (იხ., ს.ფ. 35, 49).

7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა: ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 20 დეკემბერს გაცემულ N1- სააღსრულებო ფურცლში ცვლილებების შეტანა იმგვარად, რომ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში განსაზღვრულიყო 44 000 აშშ დოლარით და პირგასამტეხლო - 500 აშშ დოლარით.

8. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება და შეჩერდა ნოტარიუსის მიერ გაცემული №1--- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი სესხის ძირითადი თანხის 40 000 აშშ დოლარით განსაზღვრის ნაწილში უარყოფილია, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ და პირგასამტეხლო განსაზღვრულია სესხის ძირითადი თანხის 0.01%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 03 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

10. გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომელშიც სადავოდ გახადა სესხის ძირითადი თანხის გადახდის ნაწილში 4000 აშშ დოლარის ოდენობით ვალდებულების შეუსრულებლობა, პირგასამტეხლოს გონივრულობა და პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდი.

11. პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდი აპელანტის მიერ შედავებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის სამართლებრივი საფუძვლით. აპელანტმა მიიჩნია, რომ დაირღვა დასახელებული ნორმის დანაწესი, რომლის მიხედვით სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა. საქალაქო სასამართლომ კი, ნორმის დანაწესის საწინააღმდეგოდ მხარეს დააკისრა პირგასამტეხლო არა მოპასუხის მიერ სააღსრულებო წარმოების დაწყების დღემდე, არამედ გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი უარყოფილია, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დატოვებულია უცვლელად.

13. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა განჩინების პპ:1-5-ში მითითებული გარემოებები.

14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის 4000 აშშ დოლარით შემცირების ნაწილში იმ გარემოებას ეფუძნებოდა, რომ სადავო თანხა მსესხებელს ხელზე ჰქონდა გადაცემული. ამ ნაწილში, მოსარჩელე მტკიცებულებად უთითებდა მხოლოდ საკუთარ ახსნა-განმარტებაზე.

15. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 429-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, რომლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

16. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე, რომლის მიხედვით: სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი [სსკ-ის 623-ე მუხლი]. მოსარჩელის (გამსესხებლის) მიერ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოპასუხეს (მსესხებელს) ვალდებულება (სესხის დაბრუნება) შესრულებული არ აქვს. ამდენად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს (გამსესხებელს). მხოლოდ ამ შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია მსესხებლის (მოპასუხის) მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) აკისრია მსესხებელს (მოპასუხეს). ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ იმას, რომ მოვალემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, არამედ, იმას, ეს შესრულება რამდენად ითვლება კრედიტორის მიერ მიღებულად [სსკ-ის 429-ე მუხლი]. იმ შემთხვევაშიც, თუ სესხის ხელშეკრულებაში მხარეები არ გაითვალისწინებდნენ ვალდებულების შესრულების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის შედგენას, სასესხო ურთიერთობების სამართლებრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ზეპირი ფორმით სასესხო ვალდებულების შესრულების ნამდვილობისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები. მოწმეთა ჩვენებებთან ერთად აუცილებელია ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რაც ერთობლივად მაღალი ალბათობით დაადასტურებდნენ სადავო ფაქტს (მაგალითად, უშუალოდ კრედიტორის წერილი, თუნდაც მესამე პირისადმი მიმართული, რომელშიც მითითებული ინფორმაცია ვალდებულების შესრულების თაობაზე, ან/და კრედიტორის მოქმედებები, რომლებიც მიუთითებენ ვალდებულების მიღებაზე და სხვა). ამდენად, სასესხო ვალდებულებების შესრულების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში [სსკ-ის 429-ე მუხლი] მოწმეების ჩვენება დასაშვებია მხოლოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთად. ეს თავისებურება განპირობებულია მატერიალურ-სამართლებრივი წესით, კერძოდ, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად [სსკ-ის 624-ე მუხლი]. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება, გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოს მოწმეთა ჩვენებებით [სუსგ Nას-872-830-2013 17/10/2014წ.].

17. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების თაობაზე [სსკ-ის 420-ე მუხლი].

18. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის პირგასამტეხლოს 0,13%-ის 0,01%-მდე შემცირება შესაბამისობაში იყო სსკ-ის 420-ე მუხლის მიზნებთან.

19. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება პირგასამტეხლოს დაკისრების პერიოდთან დაკავშირებითაც. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს დაკისრების ვადები, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2013 წლის 03 ივნისიდან (ხელშეკრულების შესრულების ბოლო ვადა) - სააღსრულებო ფურცლის აღსრულებამდე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა ისიც, რომ პირგასამტეხლოს არსიდან გამომდინარე, იგი როგორც „ე.წ. პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, ეკისრებოდა მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს დარიცხვის შეწყვეტას ვალდებულების შესრულება განაპირობებდა. შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში გაკეთებული დათქმა მასზედ, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდეს აღსრულებამდე, რაც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლომ, მომდინარეობდა პირგასამტეხლოს არსიდან და შეესაბამებოდა კანონს.

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინების ნაწილობრივი გაუქმება და პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა კასატორმა (იხ., დაზუსტებული საკასაციო საჩივარი).

21. კასატორის განმარტებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებებსა და მტკიცებულებებს სააპელაციო პალატამ არასწორი შეფასება მისცა და აღნიშნული მტკიცებულებები შეაფასა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის გარეშე, რითაც მან დაარღვია სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი დანაწესი.

22. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, არასწორად იმსჯელა პირგასამტეხლოს გადახდევინების პერიოდთან დაკავშირებით და საერთოდ არ იმსჯელა მის სრულ მოცულობაზე.

23. კასატორი მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტზე და მიიჩნევს, რომ განსახილველ დავაზე გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 1.2 პუნქტის ჩამოყალიბებისას სააპელაციო პალატამ დაარღვია აღნიშნული ნორმის მოთხოვნა, რაც გამოიხატა იმაში, რომ კასატორს პირგასამტეხლოს გადახდა დააკისრა არა მოწინააღმდეგე მხარის სააღსრულებო წარმოების დაწყების დღემდე, არამედ გასაჩივრებული განჩინების აღსრულებამდე.

24. საკასაციო პალატის 2018 წლის 31 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად [დისპოზიცია: საკასაციო საჩივარი ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია თუ საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას].

სარეზოლუციო ნაწილი:

25. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის დაზუსტებულ მოთხოვნას გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივი გაუქმება და პირგასამტეხლოს თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილება წარმოადგენს (იხ., დაზუსტებული საკასაციო საჩივარი). საკასაციო საჩივრის საფუძვლები კი, შეეხება მხოლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების პერიოდის უმართებულო განსაზღვრას (იხ., დაზუსტებული საკასაციო საჩივარი), ხოლო პირგასამტეხლოს ოდენობასთან (განაკვეთი) დაკავშირებით კასატორს არათუ დასაბუთებული საკასაციო შედავება, არამედ საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია. აქედან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობასთან (განაკვეთი) დაკავშირებით, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინების საფუძვლებს [სსსკ-ის 407.2 მუხლი] და მათ სამართლებრივ შეფასებას. იმავდროულად აღნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა: შდრ: სუსგ № ას-794-761-2016, 13 მარტი, 2017 წელი Nაs-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; სუსგ №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).

27. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდულობას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც მნიშვნელობის მქონეა განსახილველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლების შემოწმებისათვის:

28. დადგენილია, რომ 2014 წლის 20 დეკემბრის ნოტარიუსის მიერ გაცემულ №1-------- სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში განისაზღვრა 44 000 აშშ დოლარით, პირგასამტეხლოს ნაწილში - სესხის ძირითადი თანხის 0.13%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 03 ივნისიდან აღსრულებამდე (იხ., საღსრულებო ფურცელი - ს.ფ. 31). 2014 წლის 20 დეკემბრის ნოტარიუსის მიერ გაცემულ №1- სააღსრულებო ფურცელზე კერძო აღმასრულებელმა გახსნა სააღსრულებო წარმოება და 2014 წლის 28 დეკემბერს მოსარჩელეს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (იხ., წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ - ს.ფ. 33).

29. მოგვიანებით, 2014 წლის 20 დეკემბერს გაცემულ N1-- სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების განხორციელების მოთხოვნით დაიწყო სასარჩელო წარმოება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად ნოტარიუსის მიერ ამოწერილ სააღსრულებო ფურცელში მითითებული სესხის ძირითადი თანხის 0.13%-ისა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, განსაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 0.01%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 03 ივნისიდან აღსრულებამდე (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2 პუნქტი).

30. პირგასამატეხლოს დარიცხვის პერიოდის სწორად განსაზღვრის მიზნით, ყურადღებაა გასამახვილებელი იმ გარემოებაზე, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდეგ, კერძო აღმასრულებელმა გახსნა სააღსრულებო წარმოება და მოსარჩელეს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 33, 34). გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ წინადადებაში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად მიეთითა: სესხის ძირითადი თანხა - 44 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო (შემცირებული) - სესხის ძირითადი თანხის 0,3%-ის ნაცვლად 0.13% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 03 ივნისიდან აღსრულებამდე, რაც 540 დღეზე შეადგენს 30 888 აშშ დოლარს. ჯამში, 74 888 აშშ დოლარი (იხ., ს.ფ. 33, 34). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძველზე შეჩერდა სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება და აუქციონზე ქონების რეალიზაცია.

31. საგულისხმოა, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდი შედავებული იქნა ჯერ კიდევ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის სამართლებრივი საფუძვლით. აპელანტი აღნიშნავდა, რომ სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა. საქალაქო სასამართლომ კი, ნორმის დანაწესის საწინააღმდეგოდ მხარეს დააკისრა პირგასამტეხლო არა მოპასუხის მიერ სააღსრულებო წარმოების დაწყების დღემდე, არამედ გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

32. საკასაციო საჩივრის დასაბუთებაც იმავე საფუძველს ეყრდნობა, რასაც კასატორის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები ს.ფ. 240), სახელდობრ, კასატორს მიაჩნია, რომ დაირღვა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, რაც პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდის არამართლზომიერ განსაზღვრაში გამოიხატა, სახელდობრ, მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა არა კრედიტორის მიერ სააღსრულებო წარმოების დაწყების დღემდე, არამედ გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე (იხ., დაზუსტებული საკასაციო საჩივრის საფუძვლები).

33. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო შედავება (პრეტენზია) [სსსკ-ის 393.2 მუხლი].

34. საგულისხმოა, რომ სადავო საკითხის საკანონმდებლო რეგულაცია მოცემულია სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში. დასახელებული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესით იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს.

35. დადგენილია, რომ 2014 წლის 20 დეკემბრის ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით მოპასუხის წინაშე აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა პირგასამტეხლოს დარიცხვის ნაწილში შეადგენს სესხის ძირითადი თანხის 0.13%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 03 ივნისიდან აღსრულებამდე. პირგასამტეხლოს მითითებული განაკვეთი შემცირებულია 0.01%-მდე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით და მოცემულ შემთხვევაში, მისი განკვეთი საკასაციო პალატის განხილვის საგანი არ არის (ამ განჩინების პპ -26). ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძველზე შეჩერდა სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება. აქედან გამომდინარე კი, კასატორის პრეტენზია პირგასამტეხლოს უწყვეტად, განგრძობად პერიოდზე (2013 წლის 03 ივნისიდან აღსრულებამდე) დაკისრების უმართებულობასთან დაკავშირებით გასაზიარებელია.

36. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის დასრულების მომენტის განსაზღვრა (გადაწყვეტილების) აღსრულებამდე პერიოდზე მითითებით არ გულისხმობს სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის თაობაზე დაწყებული სამართალწარმოებისას უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში აღსრულების შეჩერებულ პერიოდს. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესი ადგენს, რომ განგრძობითი პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდში არ მოიაზრება გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების პერიოდი - ანუ, ის დროის მონაკვეთი, როდესაც სააღსრულებო წარმოების განხორციელება შეჩერებული იქნა სწორედ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით. ამავე საკითხზე ნამსჯელი აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებში; იხ., სუსგ №ას-399-372-2017, 11 მაისი, 2017 წელი.

37. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდთან მიმართებით სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს და სამართლებრივ შეფასებას, საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია (სსსკ-ის 393-ე მუხლი). აღნიშნული გარემოება კი, სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

38. სსსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

39. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე.

40. საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველ პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსზე, რომლის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე... ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სააღსრულებო ფურცელი ან/და აღსასრულებელი გადაწყვეტილება წარედგინება აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მოვალის ან მისი ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო ამ კანონის III2 თავით განსაზღვრულ შემთხვევებში – კერძო აღმასრულებელს.

41. მოცემულ საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2014 წლის 20 დეკემბერს ნოტარიუსის ინგა ხარძიანის მიერ გაცემულ №1-------- სააღსრულებო ფურცელზე კერძო აღმასრულებელმა გახსნა სააღსრულებო წარმოება. შესაბამისად, 2014 წლის 20 დეკემბერს ნოტარიუსის ინგა ხარძიანის მიერ გაცემულ №1-------- სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს გადახდა მოვალეს უნდა დაეკისროს 2013 წლის 03 ივნისიდან ამავე სააღსრულებო ფურცელზე სააღსრულებო წარმოების დაწყების დღემდე.

42. პირგასამტეხლოს (საურავის) დარიცხვა კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე გაგრძელდეს იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო (აღმასრულებელი/ კერძო აღმასრულებელი) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს.

43. რაც შეეხება მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებას [სსსკ-ის 53-ე მუხლი], საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ. შესაბამისად, დაკმაყოფილებულია სააპელაციო საჩივრისა და სარჩელის ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ნაწილი. აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრისა და სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად კასატორს მოწინააღმდეგე მხარის მიერ უნდა აუნაზღაურდეს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 254 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გადაწყვიტა:

1. ი-- ყ--ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2 პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ი-- ყ--ის სასარჩელო მოთხოვნა ნოტარიუს ი- ხ-ის მიერ 2014 წლის 20 დეკემბერს გაცემული #1-- სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ პირგასამტეხლოს ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს და პირგასამტეხლო განისაზღვროს სესხის ძირითადი თანხის 0.01%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 03 ივნისიდან სააღსრულებო ფურცელზე სააღსრულებო წარმოების დაწყების დღემდე;

4. დანარჩენ ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

5. მ--- ზ-- დ----ს ი--- ყ----–ის სასარგებლოდ დაეკისროს 254 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე