Facebook Twitter

საქმე №ას-40-40-2018 23 თებერვალი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. ს.-ას უფლებამონაცვლე შ. გ.-ე (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. მ.-ი (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2013 წლის 22 ივლისს ლ. ს.-ასა (შემდეგში: მოსარჩელე ან კრედიტორი) და თ. მ.-ს (შემდეგში: მოპასუხე ან მოვალე) შორის გაფორმდა დოკუმენტი სესხის ხელშეკრულების სახელწოდებით. ამ დოკუმენტის შინაარსის მიხედვით ორივე მხარე ადასტურდებდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს სესხად გადასცა 3000 აშშ დოლარი, სარგებლის გარეშე, სამი თვის ვადით. სესხის დაბრუნების ვადად მიეთითა 2013 წლის 22 ოქტომბერი. მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოზე, რომლის ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა 0,3%-ს (იხ., ტ.1. ს.ფ. 12).

2. კრედიტორმა/მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მსესხებლის/მოპასუხის მიმართ სესხის თანხის - 3000 აშშ დოლარის და ვალდებულების დარღვევისათვის - პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 400 აშშ დოლარის გადახდა 2013 წლის 22 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და პირგასამტეხლოს გადახდა 400 აშშ დოლარის 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანიდან - 2016 წლის 07 მარტიდან, ვალდებულების შესრულებამდე.

4. საქალაქო სასამართლომ უდავოდ მიიჩნია ამ განჩინების პ -1-ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ისიც, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა საქმიანი ურთიერთობა, მოპასუხე მოსარჩელეს აკავშირებდა სესხის აღების მსურველ პირებთან, ხოლო ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, თავად იღებდა გარკვეულ ანაზღაურებას.

5. საქალაქო სასამართლომ დავა მოაწესრიგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 341-ე და 417-ე მუხლებით.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ნაწილობრივ გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 07 ივლისის განჩინებით სამოქალაქო საქმეზე მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა შ. გ.-ე [სსკ-ის 199-ე მუხლი].

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით უარყოფილია სააპელაციო საჩივარი.

9. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ამ განჩინების პპ: 1, 4- ში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

10. იმავდროულად, დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხის მეშვეობით მოსარჩელემ სხვა პირებთან ერთად, 2008 წლის 1 აპრილს ხელშეკრულება დადო ნ. ყ.-თან (შემდეგში: მე-3 პირი). ამ ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელემ (ხელშეკრულების დადების დროისთვის მოსარჩელის გვარი -გ.-ი) მე-3 პირს ასესხა 17 000 აშშ დოლარი და იპოთეკით დაიტვირთა თ.-ი, ი. ც.-ის ..-ში მდებარე უძრავი ქონება (შემდეგში - იპოთეკის საგანი).

11. საყურადღებოდ იქნა მიჩნეული 2013 წლის 22 ივლისს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-2 გვერდზე მოვალის მიერ გაკეთებული ჩანაწერი, რომლის თანახმად, მოსარჩელე იძლეოდა დაპირებას, რომ იმავე დღეს - 22.07.2013 წელს გააუქმებდა იპოთეკას იპოთეკის საგანზე. ციტირება ხელშეკრულებიდან - ,,დღესვე ჩავაბარებ გაუქმებას ც.-ის N..-ის’’ (ტომი 1, ს.ფ. 59, 60).

12. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე პრეტენზიას აცხადებდა სწორედ 2008 წლის 1 აპრილს მე-3 პირთან დადებული ხელშეკრულების სრულად შესრულებასთან დაკავშირებით. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება გადაეხადა მოსარჩელისათვის 3000 აშშ დოლარი, თუკი ეს უკანასკნელი დაეთანხმებოდა მე-3 პირთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნულს ადასტურებდა 2013 წლის 22 ივლისის ხელშეკრულებით მოვალის მიერ 3000 აშშ დოლარზე სესხის ხელშეკრულების გაფორმება და ამავე თარიღით მოსარჩელის მიერ ხელწერილის დაწერა, რომლითაც იგი იღებდა ვალდებულებას იმავე დღესვე დაეწერა განცხადება იპოთეკის საგანზე იპოთეკის გაუქმებასთან დაკავშირებით.

13. სააპელაციო სასამართლომ დავა მოაწესრიგა სსკ-ის 341-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი იყო ვალის არსებობის აღიარების სამართლებრივი ურთიერთობა, რასაც ადასტურებდა 2013 წლის 22 ივლისს გაფორმებული შეთანხმების შინაარსი. ამ ხელწერილით იკვეთებოდა მოვალის ერთმნიშვნელოვანად გამოვლენილი ნება მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი ვალის 3000 აშშ დოლარის გადახდის მზაობის შესახებ.

14. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სსკ-ის 429-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, კი 2013 წლის 22 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-2 გვერდზე კრედიტორის მიერ გაკეთებული ჩანაწერებით, დასტურდებოდა მოპასუხის მიერ 2600 აშშ დოლარის ნაწილში ვალდებულების შესრულების ფაქტი. პალატამ აღნიშნა, რომ ხელწერილში მთლიანობაში და თანმიმდევრულად იყო დატანილი მოსარჩელის სხვა ხელწერილები ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებასთან დაკავშირებით, რაც იძლეოდა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ვალდებულება, რომელიც წარმოშობილი იყო 2013 წლის 22 ივლისიდან და რომლის მოცულობა შეადგენდა 3000 აშშ დოლარს, მოპასუხის მიერ შესრულებული იყო 2600 აშშ დოლარის ნაწილში. მტკიცებულება იმისა, რომ ხელწერილები დაკავშირებული იყო მხარეთა შორის სხვა ფულად ვალდებულებასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ იყო. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი კი, სწორედ მოპასუხე მხარეს ეკისრებოდა (სსსკ-ის მე-4; 102-ე, 103.1. მუხლები). გამომდინარე იქიდან, რომ საქმის მასალებით არ იქნა დადგენილი 2600 აშშ დოლარის ნაწილში, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო 400 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.

15. პირგასამტეხლოს ნაწილში სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 417-ე მუხლით და დადგენილად მიიჩნია 2013 წლის 02 ივლისის ხელშეკრულებით თანხის დროულად დაუბრუნებლოსთვის პირგასამტეხლოს გათვალისწინების ფაქტი ძირითადი თანხის 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 400 აშშ დოლარს, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო სესხის დარჩენილი თანხის 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაწყვეტილების გამოტანიდან - მის აღსრულებმდე.

16. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელის უფლებამონაცვლე პირმა - შ. ს.-ამ (შემდეგში: კასატორი), რომელმაც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

17. კასატორი სადავოდ ხდის 2013 წლის 22 ივლისს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შეფასებას ვალის არსებობის აღიარებად და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარე მრავალი წლის მანძილზე ახორციელებდა საშუამავლო საქმიანობას, რის გამოც, მისთვის ცნობილია სესხისა და ვალის აღიარების ხელშეკრულებებს შორის განსხვავება. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე არ დადებდა სესხის ხელშეკრულებას და არ მიიღებდა პირგასამტეხლოს თანხას, აღნიშნულ დღეს რომ არ მიეღო სესხის თანხა.

18. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა აღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის 2600 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი. კასატორის განმარტებით, სასამართლო მიუთითებს შესასრულებელი ვალდებულების მოცულობაზე, რაც იკვეთება 2013 წელის 22 ივლისის ხელშეკრულებაში, რაც გამორიცხავს ამ ვალდებულების დაკავშირებას მხარეთა შორის არსებულ სხვა ფულად ვალდებულებასთან.

19. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ შეგნებულად არ გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N5 დაწესებულებიდან 2015 წლის 26 მარტს მოწინააღმდეგე მხარემ გამოაგზავნა ხელშეკრულება და წერილები, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარის განცხადებაზე იყო დართული. აღნიშნული განცხადებით დასტურდება, რომ სადავო ხელშეკრულების მეორე მხარეს არ აქვს არანაირი ხელწერილი დართული, არამედ, სულ სხვა წერილები. ასევე, ხელშეკრულების ბოლო აბზაცის მიხედვით, ნათელია, რომ ხელშეკრულება ორ ეგზემპლარად იყო შედგენილი, რაც ორი დედნის არსებობას ნიშნავს.

20. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ დამალა ხელშეკრულების თავისი დედანი და სასამართლოს წარმოუდგინა ხელშეკრულების ასლი და კასატორის ხელწერილები, რომლებიც არ შეესაბამება ნამდვილ დოკუმენტს. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მიუხედავად კასატორის არაერთი განმარტებისა, რომ არ დაუწერია არანაირი ხელწერილი, მოსამართლემ მიკერძოებულად ჩათვალა, რომ სადავო ხელშეკრულება სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა. კასატორის აზრით, სასამართლოს მსჯელობიდან გამომდინარე, ხელწერილების შესაბამისად ვალდებულება სრულად შესრულებული (17 000 აშშ დოლარი) არ არის, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

22. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

23. საკასაციო საჩივარი ეფუძნება სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის დარღვევას [დისპოზიცია: სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა], რაც კასატორის მოსაზრებით, მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის არასწორ კვალიფიკაციაში გამოიხატა; კასატორს მიაჩნია, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა არა სსკ-ის 341-ე მუხლის [ვალის არსებობის აღიარება], არამედ სსკ-ის 623-ე მუხლის სამართლებრივი საფუძვლებიდან [სესხის ხელშეკრულება].

24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზიას არ გააჩნია გაზიარების ვარგისი საფუძველი.

25. პირველ რიგში, საკასაციო პალატა მიუთითებს 341-ე მუხლის სამართლებრივი წანამძღვრებისა და ნორმატიული შინაარსის განმარტებაზე, მყარად დადგენილ პრაქტიკას, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებებიდან: იხ., სუსგ Nას-839-890-2011, 08/11/2011წ.; Nას-839-890-2011, 08.11.2011წ.; სუსგ №ას-226-213-2015, 18 მაისი, 2015წ.. და სხ. საკასაციო პალატის განმარტების მიხედვით, ვალის აღიარების ხელშეკრულება, როგორც ვალდებულების არსებობის დამოუკიდებელი კომპონენეტი ხელწერილის შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ხელწერილით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება.

26. მოცემულ შემთხვევაში, 2013 წლის 22 ივლისს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-2 გვერდზე მოვალის მიერ გაკეთებული ჩანაწერი იმის შესახებ, რომ მოსარჩელე იძლეოდა დაპირებას, რომ იმავე დღეს - 22.07.2013 წელს გააუქმებდა იპოთეკას იპოთეკის საგანზე. ციტირება ხელშეკრულებიდან - ,,დღესვე ჩავაბარებ გაუქმებას ც.-ის N16-ის’’ (ტომი 1, ს.ფ. 59, 60), სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოადგენდა იგვარი დასკვნის დასაბუთებულ და თანმიმდევრულ საფუძველს, რომ მოსარჩელე პრეტენზიას აცხადებდა სწორედ 2008 წლის 1 აპრილს მე-3 პირთან დადებული ხელშეკრულების სრულად შესრულებასთან დაკავშირებით. როგორც აღინიშნა, ხელწერილში მოპასუხემ იკისრა ვალდებულება გადაეხადა მოსარჩელისათვის 3000 აშშ დოლარი, თუკი ეს უკანასკნელი დაეთანხმებოდა მე-3 პირთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნულს ადასტურებდა 2013 წლის 22 ივლისის ხელშეკრულებით მოვალის მიერ 3000 აშშ დოლარზე სესხის ხელშეკრულების გაფორმება და ამავე თარიღით მოსარჩელის მიერ ხელწერილის დაწერა, რომლითაც იგი იღებდა ვალდებულებას იმავე დღესვე დაეწერა განცხადება იპოთეკის საგანზე იპოთეკის გაუქმებასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის დასკვნის საწინააღმდეგო არგუმენტად კი, ვერ გამოდგება კასატორის მარტოოდენ იმაზე მითითება, რომ მოპასუხე, რომელიც მრავალი წელია ეწევა საშუამავლო საქმიანობას არ დადებდა სესხის ხელშეკრულებას, რომ არა მისთვის სესხის თანხის გადაცემა. როგორც აღინიშნა, რომ სასამართლოს შეფასების საგანს ხელწერილის შინაარსი და მასში გამოვლენილი ნება წარმოადგენს (ამ განჩინების პ- 25).

27. საკასაციო საჩივრით აგრეთვე შედავებულია მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, სახელდობრ სადავოა 2600 აშშ დოლარის ნაწილში ვალდებულების შესრულება მოპასუხის მიერ. ამ თვალსაზრისით, კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის განხილველმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ამ ნაწილში, არასწორად დაუკავშირეს 2013 წლის 22 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მხარეთა შორის არსებულ სხვა ფულად ვალდებულებას, თუმცა საგულისხმოა, რომ კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, მოპასუხეს შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 400 აშშ დოლარით.

28. საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, კი 2013 წლის 22 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-2 გვერდზე კრედიტორის მიერ გაკეთებული ჩანაწერებით დასტურდებოდა მოპასუხის მიერ 2600 აშშ დოლარის ნაწილში ვალდებულების შესრულების ფაქტი. პალატამ აღნიშნა, რომ ხელწერილში მთლიანობაში და თანმიმდევრულად იყო დატანილი მოსარჩელის სხვა ხელწერილები ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებასთან დაკავშირებით, რაც იძლეოდა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ვალდებულება, რომელიც წარმოშობილი იყო 2013 წლის 22 ივლისიდან და რომლის მოცულობა შეადგენდა 3000 აშშ დოლარს, მოპასუხის მიერ შესრულებული იყო 2600 აშშ დოლარის ნაწილში. მტკიცებულება იმისა, რომ ხელწერილები დაკავშირებული იყო მხარეთა შორის სხვა ფულად ვალდებულებასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ იყო (სსსკ-ის მე-4; 102-ე, 103.1. მუხლები).

29. პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერების შესამოწმებლად, კასატორს პრეტენზია არ წარმოუდგენია. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ამ განჩინების პ - 15-ს.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლ.დ დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან სსკ-ის 341-ე და 429-ე მუხლების სამართლებრივ საკითხებზე დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილი ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ს.-ას უფლებამონაცვლის შ. ს.-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე