Facebook Twitter

საქმე №ას-128-128-2018 23 თებერვალი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ბ.-ე (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ა.-ე (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ. ა.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ბ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 15 ივლისის შემდეგ მოსარჩელის საკუთრებაშია უძრავი ქონება, რომელიც სარჩელის აღძვრის მომენტის – 2017 წლის 14 მარტის მდგომარეობით იმყოფება ყოფილი მესაკუთრის – მოპასუხის მფლობელობაში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის განჩინებით მოპასუხის საჩივარს ეთქვა უარი, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ დარჩა ძალაში შემდეგ გარემოებათა გამო:

5. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას და შესაბამის დასაბუთებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 233-ე და 241-ე მუხლებით გათვალისწინებულ რომელიმე დამაბრკოლებელ გარემოებაზე, რომლის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ შეეძლო 2017 წლის 20 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება, ანდა მისი ძალაში დატოვება. წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მოპასუხემ ძირითადად პრეტენზია გამოთქვა სარჩელის და თანდართული მასალების ჩაბარებასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ მას პირადად სასამართლოს გზავნილი არ ჩაბარებია, რისი გათვალისწინებითაც შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას არაკანონიერად მიიჩნევს.

6. აპელანტის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების ბარათის თაობაზე საფოსტო უკუგზავნილის მონაცემებით დადასტურებულია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები 2017 წლის 29 მარტს ჩაბარდა მოპასუხის სრულწლოვან შვილს, რაც, სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი და ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილების დანაწესიდან გამომდინარე, ნიშნავს გზავნილის მოპასუხისათვის (ადრესატისათვის) ჩაბარებას. ამდენად, აპელანტის პრეტენზია სასამართლოს გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაუბარებლობის შესახებ უსაფუძვლოა.

7. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საფუძველს მოკლებულია აპელანტის პრეტენზია იმის შესახებ, რომ, პრივატიზაციის ურთიერთობიდან გამომდინარე, სადავო ბინაზე უფლებამოსილ პირებს მასთან ერთად, ასევე, წარმოადგენდნენ მისი ოჯახის წევრები და სარჩელი მათ, როგორც მოპასუხეების მიმართაც უნდა წარდგენილიყო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბინის აუქციონზე გასხვისებისას აპელნტის ოჯახის წევრებს მათი უფლების (თუკი გააჩნდათ ასეთი უფლება) რეალიზაცია არ მოუხდენიათ.

8. რაც მთავარია, სადავო არ არის ის გარემოება, რომ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება, ხოლო მოპასუხეს რაიმე მართლზომიერი საფუძველი ამ ბინის ფლობისთვის არ გააჩნია. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ-ის) 172-ე მუხლის დანაწესზე მითითებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხისაგან უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ სარჩელი იურიდიულად გამართლებულია და დაცულია სსსკ-ის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნაც.

9. ამგვარად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია სსსკ-ის 2321 მუხლის მოთხოვნათა დაცვით და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

11. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სსს-ის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები და განმარტა, რომ, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ სარჩელი და თანდართული მასალები პირადად ჩაბარდა მოპასუხეს ან მის წარმომადგენელს. სარჩელი თანდართული მასალებით მოპასუხეს ან მის წარმომადგენელს არ ჩაბარებია. სასამართლოს გზავნილი ჩაიბარა მოპასუხის შვილმა, რომელიც საქმეში არ მონაწილეობს და გზავნილის თაობაზე მოპასუხეს არ შეატყობინა.

12. ამდენად, კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გზავნილი მოპასუხისთვის ჩაბარებულად არ შეიძლება ჩაითვალოს. ამასთან, მოპასუხეს არ ჰყავდა წარმომადგენელი, რის გამოც ვერ შეიტანა შესაგებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

13. კასატორმა მიუთითა, რომ მისი შვილები ფაქტობრივად ცხოვრობენ და რეგისტრირებულნი არიან სადავო ბინის მისამართზე, რაც დგინდება საქმეში არსებული საინფორმაციო ბარათებით. სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, ბინის მოსარჩელისთვის გადაცემა ნიშნავს მათ გამოსახლებასაც, რითაც ილახება მათი უფლებები და ინტერესები. შესაბამისად, აღნიშნული პირები საქმის განხილვაში ჩართული უნდა ყოფილიყვნენ მოპასუხის ან მესამე პირის სტატუსით.

14. კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო ქონება პრივატიზებულია. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ“ 1992 წლის №107 დადგენილებისა და საქართველოს პრეზიდენტის 29/I-2007 წლის ბრძანებულების მიხედვით მოქალაქეს მის მიერ დაკავებული სახლი (ბინა) საკუთრებაში გადაეცემა მხოლოდ დამქირავებლებს ან დამქირავებლის ოჯახის წევრებს ოჯახის ყველა წევრის თანხმობით. აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ნორმატიული აქტებით პრივატიზებული ბინაზე საკუთრების უფლება მიეცა ყველა იმ პირს, რომელსაც ბინის პრივატიზაციის დროისათვის საცხოვრებელ ფართობზე უფლება მოპოვებული ჰქონდა. ნორმატიული აქტების თანახმად, ყველა პირი, ვინც პრივატიზაციის დროს სარგებლობდა ბინაში ცხოვრების უფლებით, უნდა ჩაითვალოს ბინის პოტენციურ თანამესაკუთრედ, იმის მიუხედავად, ოჯახის რომელი წევრის სახელზე მოხდა ბინის პრივატიზაცია. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული პირები პრივატიზაციის დროისათვის ცხოვრობდნენ ბინაში, შესაბამისად, სადავო ფართის თანამესაკუთრეები არიან და უფლება აქვთ, მოითხოვონ იდეალური წილის გამოყოფა, ასევე, დაინტერესებული პირების სახით საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება. დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია მათი მონაწილეობის გარეშე, რაც წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.

15. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

17. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

18. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების ბარათის თაობაზე საფოსტო უკუგზავნილის მონაცემებით დადასტურებულია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები 2017 წლის 29 მარტს ჩაბარდა მოპასუხის სრულწლოვან შვილს.

19. სადავო არ არის ის გარემოება, რომ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება, ხოლო მოპასუხეს რაიმე მართლზომიერი საფუძველი ამ ბინის ფლობისთვის არ გააჩნია.

20. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ სადავოდ გახადა ის ფაქტი, რომ სარჩელი და მასზე დართული მასალები, მოპასუხის ნაცვლად, ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს – მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს (შვილს), რომელიც მოცემულ საქმეში არ მონაწილეობს. ამავდროულად, კასატორმა აღნიშნა, რომ მისი შვილები ფაქტობრივად ცხოვრობენ და რეგისტრირებულნი არიან სადავო მისამართზე, შესაბამისად, მოპასუხესთან ერთად მათი გამოსახლებისას დაირღვევა მათი უფლებები, რადგან დასახელებული პირები მოცემულ საქმეში არც მხარედ და არც მესამე პირებად ჩაბმული არ ყოფილან. მეტიც, მოპასუხის შვილები ცხოვრობდნენ სადავო ფართში მისი პრივატიზებისას და არიან უძრავი ქონების თანამესაკუთრეები.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

23. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

24. სსსკ-ის 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

25. მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაიშვება თუ: ა) მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე) სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით იქნა ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით ჩაბარდა სარჩელი (სააპელაციო საჩივარი) და თანდართული მასალები და ამომწურავად განემარტა ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგები; ბ) მოპასუხემ (მოწინააღმდეგემ მხარემ) ბრალეულად დაარღვია შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა; გ) სარჩელში (სააპელაციო საჩივარში) მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო (სააპელაციო) მოთხოვნას. აღნიშნული საფუძვლების ერთობლივად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას.

26. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხეს ჩაბარდა, თუმცა მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია. აღნიშნული გარემოება კასატორს სადავოდ არ გაუხდია (სუსგ 30.07.2017წ. საქმე №ას-500-468-2017).

27. შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად მოპასუხემ მიუთითა იმ ფაქტზე, რომ მას ადვოკატი არ ჰყავდა.

28. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

29. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

30. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ მიუთითა ისეთ გარემოებაზე, რომელიც შესაგებლის შეუტანლობის საპატიო მიზეზად შეფასდებოდა. ის ფაქტი, რომ მხარეს არ ჰყავდა ადვოკატი, ვერ გახდება შესაგებლის შეტანისაგან გათავისუფლების წინაპირობა, რადგან აღნიშნული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნის საფუძველზე დაეკისრა.

31. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას არ შეიცავს კასატორის არგუმენტი, რომ სადავო უძრავი ქონება მისი ოჯახის წევრების თანასაკუთრებას წარმოადგენდა.

32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის ოჯახის წევრებს კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია მხარეთა შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ უკანონოდ განკარგა ქონებიდან მათი კუთვნილი წილი.

33. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების კანონიერებაზე გავლენას ვერ მოახდენს კასატორის მითითება, რომ მოსარჩელემ წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვა მხოლოდ მისი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა მაშინ, როცა სადავო ბინაში, მოპასუხის გარდა, ოჯახის სხვა წევრებიც ცხოვრობენ.

34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია დისპოზიციურობა, რაც გულისხმობს ყოველი პირის შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტოს, ვის მიმართ გააჩნია წარადგინოს პრეტენზია თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის პრეტენზიის ადრესატი მხოლოდ ერთ ფიზიკური პირი – მოპასუხეა. აღნიშნული პირის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნები კი სასამართლომ დასაბუთებულად ჩათვალა და დააკმაყოფილა (სუსგ 29.11.2017წ. საქმე №ას-1338-1258-2017).

35. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის მიხედვით კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.

36. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტები შეიძლება ჩაბარდეს მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს. აღნიშნული დასაშვებია, როდესაც ადრესატი სასამართლო გზავნილის მიტანის მომენტში მის მიერ მითითებულ მისამართზე არ იმყოფება. ასეთ შემთხვევაში, მხარის ნაცვლად, სასამართლო გზავნილის მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის ჩაბარება საპროცესო დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.

37. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო გზავნილი აპელანტი მოპასუხის არყოფნისას ჩაბარდა მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, შვილს, შესაბამისად, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ მას სარჩელი და მასზე თანდართული მასალები კანონის მოთხოვნათა დაცვით არ ჩაბარებია.

38. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

39. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

40. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

41. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

43. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით რ. ა.-ის მიერ 01/02/2018 წელს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ მ. ბ.-ეს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით რ. ა.-ის მიერ 01/02/2018 წელს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე