Facebook Twitter

საქმე №ას-176-176-2018 23 თებერვალი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს ,,ბ.-ო“ (განმცხადებელი)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. კ.-ი (მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. კ.-მა (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს ,,ბ.-ოს“ (შემდეგში: მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ და მოითხოვა თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მოპასუხის ბრძანების ბათილად ცნობა და სახელფასო განცდურის ანაზღაურება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია - 20 თვის ხელფასის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 06 მარტის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება მოსარჩელის სასარგებლოდ 20 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით თანხის გადახდა 13 თვის ხელფასის ოდენობით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 06 მარტის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით {სსსკ-ის 391.5 მუხლი].

5. 2017 წლის 07 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 06 მარტის გადაწყვეტილების განმარტება. მ. კ.-ი აღნიშნავდა, რომ მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 650 ლარს (ხელზე მისაღები თანხა) და შესაბამისად, ითხოვდა გადაწყვეტილების განმარტებას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 06 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი განიმარტა შემდეგნაირად: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით თანხის გადახდა 13 თვის ხელფასის ოდენობით, რაც შეადგენს - 7800 ლარს (ხელზე მისაღები თანხა).

7. სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმ გარემოებებზე მითითებით, რომ საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 20 ოქტომბრის შრომითი ხელშეკრულების მიხედვით მოსარჩელე საზოგადოებაში დაინიშნა მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე. ხელშეკრულების შესაბამისად, მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 500 ლარით (საქართველოს კანონდებლობით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). საქმეში წარმოდგენილია ამონაწერით მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან დგინდებოდა, რომ 2015 წლის 25 აგვისტოდან მას ხელფასის სახით ყოველთვიურად ერიცხებოდა 600 ლარი, ხოლო 2015 წლის 25 დეკემბერს ანგარიშზე ჩაერიცხა - 650 ლარი. საქმეში წარმოდგენილი იყო მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელშიც განმცხადებელი უთითებდა, რომ მისი ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 600 ლარს, ხოლო 2015 წლის 25 დეკემბერს დამატებით მიიღო 50 ლარი, როგორც საახალწლო დანამატი (ს.ფ. 74). აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 600 ლარს (საქართველოს კანონდებლობით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

8. შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი განიმარტა იმგვარად, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით თანხის გადახდა 13 თვის ხელფასის ოდენობით, რაც შეადგენს - 7800 ლარს (ხელზე მისაღები თანხა).

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

10. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასა და ასევე, მოთხოვნის ფარგლების დარღვევაზე. იგი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 06 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების შედეგად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით თანხის გადახდა 13 თვის ხელფასის ოდენობით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 06 მარტის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით {სსსკ-ის 391.5 მუხლი]. საკასაციო პალატამ თავის მსჯელობაში მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ი) 38-ე მუხლის მე-8 ნაწილზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელის სამსახურში აღდგენა ვერ ხერხდებოდა ვაკანტური თანამდებობის არ არსებობის გამო, რელევანტური იყო მისი სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებული თანხის ოდენობით (13 თვის ხელფასი) კომპენსირება. სავარაუდოდ სასამართლოებმა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა უვადოდ დადებულად მიიჩნიეს, სხვა მხრივ, მისთვის გაუგებარი რჩებოდა რატომ განისაზღვრა კომპენსაციის თანხა მიკუთვნებული ოდენობით.

11. ამასთამ, კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ უმართებულოა ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებულად მიჩნევა. ხელშეკრულების ჩანაწერის მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარე ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 2 კვირით ადრე არ გააფრთხილებდა წერილობით მეორე მხარეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება გაგრძელებული იქნებოდა 3 თვით. ეს ჩანაწერი არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ ხელშეკრულება განეკუთვნება უვადოდ დადებულ ხელშეკრულებას. შესაბამისად, ამ პირობებში, სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის თანხა 13 თვის ხელფასი მას უმართებულოდ მიაჩნია.

12. იმავდროულად, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს გადაწყვეტილებათა სათანადოდ დასაბუთების აუცილებლობასა და გადაწყვეტილების ფარგლებზე [სსსკ-ის 248-ე მუხლი]. იგი განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე განხილვის საგანს მოსარჩელის მოთხოვნები არ წარმოადგენდა, არამედ იხილებოდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, ხოლო როდესაც მოსარჩელემ სხდომაზე განმარტა, რომ მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა არა 500 ლარს, არამედ 600 ლარს, მოსამართლემ განუმარტა, რომ ამ შედავების წარმოსადგენად მას სააპელაციო საჩივარი უნდა წარდგინა, რაც არ ჰქონდა წარდგენილი.

13. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადააჭარბა უფლებამოსილებას და სსსკ-ის 262-ე მუხლის სამართლებრივი საფუძვლით შეცვალა ხელფასის ოდენობა რითაც გაზრდა კომპენსაციის ოდენობა.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 06 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი განიმარტა შემდეგნაირად: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით თანხის გადახდა 13 თვის ხელფასის ოდენობით, რაც შეადგენს - 7800 ლარს (ხელზე მისაღები თანხა).

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262.1 მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.

17. საგულისხმოა, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების შესახებ, თუმცა, მის მიერ არ არის წარმოდგენილი არგუმენტი განმარტების აუცილებლობის არარსებობასთან მიმართებით. ხოლო არგუმენტები მოსარჩელის ხელფასის ოდენობის, კომპენსაციის გონივრულობის, სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადის, სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლების შესახებ, არ წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ფარგლებში წარმოდგენილი მოსაზრებები წარმოადგენს არა გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნებისათვის განმარტების საჭიროების არარსებობის დასაბუთებას, არამედ, შედავებას საქმის არსებით გარემოებებზე, რომელზედაც ნამსჯელი აქვთ ქვემდგომი ინსტანციის და იმავდროულად, საკასაციო ინსტანციის სასამართლოებს.

18. აღსანიშნავია, რომ საკასაციო პალატამ სსსკ-ის 391.5 მუხლის ფარგლებში შპს „ბ.-ოს“ საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის განჩინებაში (იხ., სუსგ Nას-727-680-2017, 15 სექტემბერი, 2017 წელი) იმსჯელა კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმებზე და უპასუხა კასატორის პრეტენზიას, რომელიც კომპენსაციის განსაზღვრას მოსარჩელის სახელფასო განაკვეთს უკავშირებდა: „... კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს. მისი ოდენობა ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. ისე, რომ როგორც ამას კასატორი აღნიშნავს, უპრიანი არ არის მხოლოდ სახელფასო ანაზღაურება ყოფილიყო კომპენსაციის განსაზღვრის ერთადერთი კრიტერიუმი და ისიც , თუ რამდენს შეადგენს მოსარჩელის დარიცხული სახელფასო განაკვეთი. ერთი რამ ცხადია, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. სასამართლო არ არის შეზღუდული კომპენსაციის განსაზღვრაში, სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის დისპოზიციური დანაწესით...“ მსგავს საკითხებზე აგრეთვე იხ., სუსგ Nას-353-338-2016, 03.05.2016წ..

19. საკასაციო პალატის სხვა განჩინებაშიც, რომელშიც იხილებოდა განმცხადებლის მოთხოვნა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე და განმცხადებელი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის საკითხში მოითხოვდა დაზუსტებას მოსარჩელის ხელფასის ოდენობის და საშემოსავლო გადასახადის დაქვითვის საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატამ განმარტა შემდეგი: „საქართველოს შრომის კოდექსით სასამართლო არ არის შეზღუდული კომპენსაციის განსაზღვრაში, რადგან შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას და ამ საკითხის განსაზღვრას სასამართლოებს მიანდობს. შესაბამისად, სასამართლო ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თავად განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას.... საკითხის იმგვარად დასმა მოიცავს თუ არა დასაქმებულის სახელფასო დავალიანება (ოთხი თვის ხელფასი) 3600 ლარი საშემოსავლო გადასახადსაც, უმართებულოა..“(იხ., სუსგ №ა-2020-გან-4-2015, 17 ივნისი, 2015 წელი).

20. საკასაციო პალატა აღნიშნავს იმასაც, რომ არც მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობის ვადასთან მიმართებით წარმოდგენილი კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიაა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, რამდენადაც აღნიშნული საკითხი საქმის არსებითად განხილვის საგანია, რომელზედაც ნამსჯელი აქვს მოცემული საქმის არსებითად განმხილველ სასამართლოებს და გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (იხ., ამ განჩინების პ-4).

21. ხოლო რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ მოთხოვნის ფარგლებზე კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, არც ამ საკითხზეა დასაშვები გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებში მსჯელობა, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის საკითხი იხილება სსსკ-ის 393-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე. იხ., სუსგ Nას-727-680-2017, 15 სექტემბერი, 2017 წელი, რომლითაც კერძო საჩივრის ავტორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით დატოვებულია განუხილველად..

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის საფუძვლად მითითებული გარემოებები არარელევანტურია გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლებთან მიმართებით, რის გამოც, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ბ.-ოს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე