საქმე №ას-261-261-2018 1 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ჯ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ჯ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ა(ა)იპ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 აგვისტოს განჩინებით ნ. ჯ.-ს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ჯ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ნ. ჯ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე. ამ განჩინების გაუქმებისა და სარჩელის განსახილველად მიღების მოთხოვნით ნ.ჯ.-მა კერძო საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, გაიზიარა რა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის ნაწილში, მხარეს უარი უთხრა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სწორედ აღნიშნული განჩინება ნ. ჯ.-მა გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასაამრთლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება. განსახილველი ნორმიდან გამომდინარებს დასკვნა იმის თაობაზე, რომ კერძო საჩივართან მიმართებით ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ქვემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების/გადაწყვეტილების გასაჩივრების ძირითად სამ წესს ადგენს, პირველი მათგანი არის საჩივარი და იგი მხოლოდ სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხებს შეეხება (იხ. სსსკ-ის 191-ე-1991 მუხლები), მეორე – კერძო საჩივარი, რომელიც, როგორც წესი, პროცესუალურ-სამართლებრივი საკითხების თაობაზე მიღებული განჩინების ზემდგომი წესით ერთჯერადად გადამოწმების მიზანს ემსახურება. სწორედ ამითაა შეზღუდული კერძო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები (სსსკ-ის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში); რაც შეეხება მესამეს – იგი სააპელაციო/საკასაციო გასაჩივრებას შეეხება და ამ შემთხვევაში საჩივრის ობიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს ის შემაჯამებელი აქტები, რომლებიც დავის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნას განსაზღვავენ.
მოცემულ შემთხვევაში ზემოთ ჩამოთვლილი კლასიფიკაციიდან პირველი კატეგორიის საჩივრის არ არსებობა სადავოს არ წარმოადგენს, რაც შეეხება მეორე და მესამე ტიპის საჩივარს (კერძო ან საკასაციო), პალატა აღნიშნავს, რომ, ქვემდგომი სასამართლოს განჩინება არც დავის მატერიალური მოთხოვნის გადაწყვეტის საკითხს შეეხება და არც მისი გასაჩვრების შესაძლებლობას ადგენს კანონი, შესაბამისად, ამ განჩინებაზე წარდგენილი ნებისმიერი ტიპის საჩივარი, მათ შორის საკასაციო, დაუშვებელია და არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 414-ე, 419-ე, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი