საქმე №ას-273-273-2018 5 მარტი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ზ. ლ-ის მხარდამჭერ ე. ი-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე – შპს „ჩ-ს“ სარჩელის გამო, ს. წ-ის, დ. ჯ-ისა და ზ. ლ-ის მიმართ, კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტის თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ლ-ის მხარდამჭერ ე. ი-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება.
განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინების გაუქმებას, რომლითაც მხარეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დამტკიცდა მორიგება ერთის მხრივ, აპელანტ ზ. ლ-ესა და მეორეს მხრივ, მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჩ-ს“ შორის; მხარეთა მორიგების გამო გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდა. ამასთან, მხარეები დაეთანხმნენ მიღებულ განჩინებას და უარი განაცხადეს მის გასაჩივრებაზე, რაც დაადასტურეს ხელწერილით (ტ.IV, ს.ფ.354). უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო საამართლოს განჩინების გასაჩივრებაზე უარს ხელს აწერს ე. ი-ე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაინიშნა ზ. ლ-ის მხარდამჭერად და მიენიჭა უფლებამოსილება თვითონ განახორციელოს მათ შორის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა სპეციალური უფლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის თანახმად, თუ მხარეები მოითხოვენ გადაწყვეტილებას დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლოს შეუძლია შემოიფარგლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით. მოსამართლე ეკითხება მხარეებს, სურთ თუ არა დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება და ასაჩივრებენ თუ არა მოცემულ გადაწყვეტილებას. თუ მხარეები უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, მათ ასეთი განცხადება უნდა დაადასტურონ თავიანთი ხელმოწერებით. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის საკასაციო წესით გასაჩივრებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის რომ, მხარეთა მიერ, მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინების გასაჩივრებაზე უარის თქმის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში. ამდენად, არ არსებობს ზ. ლ-ის მხარდამჭერ ე. ი-ის კერძო საჩივრის განსახილველად მიღების წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე, 370-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ლ-ის მხარდამჭერ ე. ი-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე