საქმე №ას-710-663-2017 8 სექტემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ლ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, ქ.ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახური (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „ლ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან კომპანია) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის (შემდგოში _ მოპასუხეები, მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ 10.01.2007წ. #... და 05.06.2012წ. #... ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს _ 21 798 და 1 816,50 ლარის, ასევე, ვალდებულების დარღვევით გამოწვეული მორალური და მატერიალური ზიანის _ 11 277 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი/გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათი ნაწილი იყო ხანდაზმული, ამასთან მოთხოვნათა ნაწილი იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 000 ლარის, ასევე, იურიდიული მომსახურების ხარჯის _ 40 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განჩინებით, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარეთა შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა, კერძოდ, დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მოთხოვნა, რამდენადაც სასამართლომ არაგონივრულ ვადაში, პროცესამდე დაახლოებით 2 დღით ადრე სატელეფონო შეტყობინების განხორციელების გზით აცნობა მხარეს სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, შესაბამისად, მას არ მიეცა სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც პროცესზე გამოცხადება დაკავშირებული იყო ქ.თბილისიდან ქ.ქუთაისში ჩასვლაზე. გარდა ამისა, სატელეფონო შეტყობინების განხორციელებისას თანაშემწეს მხარის წარმომადგენლისაგან განემარტა, რომ კომპანიის დირექტორს სურდა სხდომაზე გამოცხადება, თუმცა, იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დანიშნულ დროს ვერ წარსდგებოდა სასამართლოში. აღნიშნული წარმოადგენს მხარის უფლებას, რომელიც არ უნდა შეზღუდოს სასამართლომ, მიუხედავად ამისა, სასამართლოს მიმართ პატივისცემის გამოხატვის მიზნით, მხარის წარმომადგენელი აპირებდა სასამართლოში გამოცხადებას და კომპანიის დირექტორის არყოფნის გამო შუამდგომლობის (შესაბამისი მტკიცებულების წარდგენით) დაყენებას სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე. ამ ფაქტს ადასტურებს კერძო საჩივარზე დართული სამედიცინო ცნობები. აპელანტის წარმომადგენელი სხდომის დღეს, 2017 წლის 21 მარტს, დილით, 10:35 საათზე დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს და აცნობა ავტობანის მშენებლობის გამო არსებული საცობის გათვალისწინებით პროცესზე შესაძლო დაგვიანებისა და მოსამართლეთა საქმის კურსში ჩაყენების თაობაზე, მოგვიანებით, თავად დაუკავშირდა თანაშემწე ადვოკატს, რომლისგანაც ეცნობა, რომ იმყოფებოდა ქ. ზესტაფონში და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში გამოცხადდებოდა სხდომაზე და სთხოვა სასამართლოს ამ გარემოების გათვალისწინება. იგი სასამართლოში გამოცხადდა კიდევაც 15:16 საათზე, რაც დასტურდება სასამართლოს მანდატურების მიერ შედგენილი აქტით. მიუხედავად საკითხის შესახებ სასამართლოს ინფორმირებისა, გამოცხადებულ მხარეს თანაშემწისაგან ეცნობა, რომ სხდომა დასრულებული იყო და მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, რაც არასწორია და არღვევს სააპელაციო წესით საკუთარი ინტერესების მხარის მიერ დაცვის შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლომ სრულიად უკანონოდ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მხარემ მას აცნობა, თითქოს დაგვიანებით გავიდა თბილისიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ლ-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
1.3. საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, ამავე განჩინებით განისაზღვრა სხდომის ჩატარების დრო _ 2017 წლის 21 მარტი, 14:30 საათი;
1.3.2. სასამართლო სხდომის თაობაზე უწყება გაეგზავნა როგორც აპელანტს, ისე _ მის წარმომადგენელს, თუმცა, არც ერთ მათგანს არ ჩაბარებია, სააპელაციო შესაგებელი კი, აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა 2017 წლის 14 მარტს. უწყების განმეორებით გაგზავნა საქმის მასალებით არ დასტურდება. საქმეში წარმოდგენილი სასამართლოს მოხელის მიერ შედგენილი აქტის თანახმად, თანაშემწე აპელანტის წარმომადგენელს სასამართლო სხდომის დღის შეტყობინების მიზნით დაუკავშირდა 2017 წლის 17 მარტს, 14:34 საათზე. ადრესატმა დაადასტურა შეტყობინების მიღება და გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ამ დროს სხდომაზე ვერ გამოცხადებულიყო;
1.3.3. 2017 წლის 21 მარტის განჩინებით ირკვევა, რომ პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე აპელანტის წარმომადგენელი დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს და აცნობა, რომ სხდომაზე დააგვიანდებოდა ერთი საათით, რაც, ფაქტობრივად, ნაწილობრივ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ. სასამართლომ მთავარი სხდომა გახსნა 15:03 საათზე და რადგანაც არ იყო გამოცხადებული აპელანტი, დააკმაყოფილა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, ამასთანავე, აღნიშნა, რომ აპელანტი დაგვიანების მიზეზს ხსნიდა ქ.თბილისიდან გვიან გამოსვლით, რაც არ მიიჩნია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად;
1.3.4. საქმეში წარმოდგენილია აპელანტის წარმომადგენლის 2017 წლის 21 მარტის განცხადება (განცხადების წარდგენის დრო უცნობია, რადგანაც სასამართლოს სარეგისტრაციო შტამპზე შესაბამისი მოხელის მიერ განცხადების მიღების დრო არ არის შევსებული), სადაც მხარე ხსნის დაგვიანების მიზეზს, მიუთითებს თანაშემწესთან სატელეფონო კომუნიკაციასა და კომპანიის დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ამავე განცხადებას ერთვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მანდატურების ხელმოწერილი აქტი, რომლის თანახმადაც, აპელანტის წარმომადგენელი სასამართლოში 2017 წლის 21 მარტს, 15:16 საათზე გამოცხადდა. საქმეში ასევე წარმოდგენილია კომპანიის დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო ცნობა (თუმცა არა სხდომის დროისათვის, არამედ, 2016 წლის 13 ივნისისა და 2017 წლის 22 მარტის მდგომარეობით) და აპელანტის წარმომადგენლის კუთვნილი სატელეფონო ნომრის ამონაწერი, როგორც სასამართლო შეტყობინების განხორციელების, ისე _ პროცესის დღის მდგომარეობით.
1.4. კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმებამდე პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე სამართლებრივ საკითხზე:
1.4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოსარჩელის გამოუცხადებლობისას, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განუხილველად დატოვოს სარჩელი/სააპელაციო საჩივარი, ნორმის ფორმალური წინაპირობების გარდა უნდა შემოწმდეს ასევე სახეზე ხომ არ გვაქვს ზემოხსენებული საპროცესო ინსტიტუტების გამომრიცხავი წინაპირობები (სსსკ-ის 233.1 მუხლი).
1.4.2. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების/სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გაუქმდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობების გამოვლენის შემთხვევაში, ამ საპროცესო წინაპირობათა დეკლარირებას კი ახდენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ერთ-ერთი ამგვარი წინაპირობაა სასამართლოს ინფორმირებულობა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის (სსსკ-ის 233 (1) მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი), მოცემულ შემთხვევაში, როგორც კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ისე _ თავად გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ სასამართლოს აპელანტის წარმომადგენელი დაუკავშირდა და აცნობა, რომ დროულად ვერ ცხადდებოდა სასამართლოში. ის ფაქტი, რომ მხარემ დაგვიანების მიზეზად მიუთითა „გვიან გამოსვლაზე“, რაიმე მტკიცებულებით არაა დადასტურებული, უფრო მეტიც, სასამართლო ადგენს, რომ მხარემ ერთი საათით ითხოვა სხდომის გადადება, ხოლო მიუხედავად დაგვიანების მიზეზის არასაპატიოდ მიჩნევისა, სასამართლომ იგი გაიზიარა და ნახევარი საათის დაგვინებით დაიწყო სხდომა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლოს ამგვარი მიდგომა წინააღმდეგობაში მოდის სამართლიანი სასამართლოს საყოველთაო უფლების არსთან, ვინაიდან უდავოა, რომ აპელანტის წარმომადგენელი ცხოვრობს ქ.თბილისში, ანუ სხდომაზე გამოცხადება მოითხოვდა მხარის გადაადგილებას ერთი ქალაქიდან მეორეში. იმ საყოველთაოდ ცნობილი გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ თბილისი-ქუთაისის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარეობს ავტობანის მშენებლობა, სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომლის თანახმადაც შესაძლოა, მართლაც ყოფილიყო გართულებები გადაადგილებისას და რაც მთავარია, ამის თაობაზე ინფორმირებული იყო სასამართლო.
1.5. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა დასაბუთებული პრეტენზია და არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი.
1.6. რაც შეეხება კომპანიის დირექტორის სურვილს, თავად მიეღო მონაწილეობა საქმის განხილვაში და ამ მიზნით წარმოდგენილ მტკიცებულებებს, პალატა უარყოფს მათ და წინამდებარე განჩინებით არ შეაფასებს, რადგანაც ამ საფუძვლით სხდომის გადადებაზე საქმის განმხილველ სასამართლოს (რომლის დისკრეციასაც წარმოადგენს შუმდგომლობის განხილვა) არ უმსჯელია, შესაბამისად, იგი საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ამ ეტაპზე ვერ გახდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ლ-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური