Facebook Twitter

საქმე №ას-868-810-2017 15 სექტემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ჯ. ბ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 (2017) წლის 1 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „მ-ომ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან ლიზინგის საგნის გამცემი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. ბ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან ლიზინგის საგნის მიმღები) მიმართ მოპასუხისათვის ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 4 082,49 ლარისა და პროცესის ხარჯების დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შეთანხმებით სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვეტილია, მოსარჩელეს გადაეცა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ლიზინგის საგანი და მოპასუხისათვის უცნობია, რა ფასად იქნა იგი ლიზინგის საგნის გამცემის მიერ გაყიდული, შესაბამისად, არ არსებობს თანხის დაკისრების საფუძველი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ლიზინგის საგნის მიმღებს, მისი გამცემის სასარგებლოდ, დაეკისრა 4 082,49 ლარის, ასევე - პროცესის ხარჯების გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 (2017) წლის 1 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის მოტივით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: გასაჩვრებული განჩინებით სასამართლომ არასწორად დათვალა საპროცესო ვადები და უსაფუძვლოდ დაარღვია აპელანტის კანონიერი ინტერესები, კერძოდ, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა 2017 წლის 21 მარტს. კანონით დადგენილ ვადაში, 2017 წლის 20 აპრილს იგი ჩაიბარა კერძო საჩივრის ავტორმა და სააპელაციო საჩივრის წარდგენის ბოლო დღეს _ 2017 წლის 4 მაისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საჩივარი ჩააბარა ფოსტას, რაც არასწორად არ შეაფასა სააპელაციო სასამართლომ, ამასთანავე, პალატამ განჩინების მიღების თარიღად, ნაცვლად 2017 წლისა, მიუთითა 2016 წელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ბ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

1.2. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის გამოყენება-განმარტებისა და ამ კუთხით ფაქტობრივი გარემოებების შეფასების სისწორე.

1.3. გასაჩივრებული განჩინების თანახმად, სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებაზე სააპელაციო სასამართლომ იმ მოტივით განაცხადა უარი, რომ მხარის მიერ დარღვეული იყო სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა, კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარემ, მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს _ 2017 წლის 20 აპრილს ჩაიბარა, რის გამოც გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 21 აპრილიდან და ამოიწურა 4 მაისს, სააპელაციო საჩივარი კი სასამართლოში წარდგენილია 2017 წლის 5 მაისს.

1.4. კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ მას საპროცესო ვადა არ დაურღვევია, ამ ფაქტის მტკიცების მიზნით წარმოადგინა ს-ის რეესტრი, გზავნილის საძიებო ვებგვერდის ამონაწერი და საფოსტო მომსახურების გაწევისათვის გადახდილი თანხის ჩეკი. მითითებული მტკიცებულებების ანალიზით (სსსკ-ის 105-ე მუხლი) კი, დასტურდება, რომ:

ა) 2017 წლის 4 მაისს შპს „ს-ას“ კერძო საჩივრის ავტორმა წარუდგინა გზავნილი რუსთავის საქალაქო სასამართლოსათვის გადასაცემად;

ბ) ამ მომსახურების გამო ამავე დღეს გადახდილ იქნა შესაბამისი თანხა;

გ) გზავნილი შპს „ს-ის“ სერვის-ცენტრმა მიიღო 2017 წლის 4 მაისს და ადრესატს გადასცა ამავე წლის 5 მაისს.

1.5. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას მისი მხრიდან სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დაცვის შესახებ და განმარტავს შემდეგს:

1.5.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. განსახილველი ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო/საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადით შეზღუდვა სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპს ემყარება, თუმცა ეს ვადა სასამართლოს მხრიდან ყოველთვის ზედმიწევნით უნდა იქნეს შესწავლილი, რათა დაუსაბუთებლად არ შეიზღუდოს ამავე კოდექსის მე-2 მუხლით, ასევე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, ამასთანავე, სასამართლოს მხრიდან საკითხის ზედმიწევნითი ანალიზი უზრუნველყოფს მ-ებული მხარის ინტერესების დაცვასაც, რაც გონივრული პროპორციაა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე (სსსკ-ის მე-4 მუხლი).

1.5.2. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხე ესწრებოდა საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 მარტის სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. ამ დღიდან გადაწყვეტიელბის ჩაბარების კანონით გათვალისწინებული ვადა (30-ე დღე) ამოიწურა 2017 წლის 20 აპრილს, სწორედ ვადის უკანასკნელ დღეს ჩაიბარა მხარემ დასაბუთებული გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა დაიწყო მხარის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების მომდევნო დღეს და ამოიწურა 2017 წლის 4 მაისს, ამასთანავე, ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.4. პუნქტში აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ აპელანტს არ დაურღვევია საჩივრის წარდგენის ვადა, რამდენადაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

1.5.3. პალატა დამატებით განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივარს, მართალია, არ ერთვოდა საფოსტო კონვერტი, რაც შესაძლოა საქმის წარმოების წესების დარღვევაზე მეტყველებდეს, რის გამოც სააპელაციო პალატას არ ჰქონდა შესაძლებლობა, ემსჯელა საპროცესო კოდექსის 61.3. მუხლით გათვალისწინებულ საკითხზე, თუმცა, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა დაადასტურა სადავო გარემოება უტყუარი მტკიცებულებებით, პალატა, ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რადგანაც საკითხის სხვაგვარი განმარტება, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, გაუმართლებლად შეზღუდავს აპელანტის უფლებას სასამართლო ხელმისაწვდომობაზე (იხ. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი).

1.6. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას სასამართლოს მხრიდან განჩინების თარიღის არასწორად მითითების თაობაზე, საკასაციო პალატა უარყოფს ამ პრეტენზიას იმ დასაბუთებით, რომ აღნიშნული საკითხი, მიუხედავად საქმის მასალებით მისი დადასტურებისა, კერძო საჩივრის საფუძვლიანობაზე გავლენას არ ახდენს, ხოლო განჩინების მიმღები სასამართლო, მიუხედავად მხარის მოთხოვნისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, თავად იმსჯელოს უსწორობის გასწორების კანონიერებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 (2017) წლის 1 ივნისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური