საქმე №ა-2116-შ-57-2017 12 მარტი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ. კ-ის განცხადება ხარვეზის გამოსწორების თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუს ოლქის ქ.აქტაუს #2 სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით (დაუსწრებელი) ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რ. მ-ს ნ.ა კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 412 970 თენგეს, ასევე, სასამართლოს ხარჯის _ 56 129 თენგეს ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. კ-მა და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ივნისის განჩინებით შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში რ. მ-ის ძირითადი მისამართის დაზუსტება, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის მისამართის, ტელეფონის ნომრის, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და ფაქსის მითითება, ამასთან, განემარტა, რომ თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოსწორდებოდა, შუამდგომლობა არ მიიღებოდა და განუხილველად დარჩებოდა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და შპს „ს-ს“ მიერ შედგენილი აქტის თანახმად, შეტყობინება ადრესატს ჩაბარდა 2017 წლის 26 ივლისს.
აღნიშნულ დოკუმენტზე დაყრდნობით საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 (3) და 61-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ხარვეზის გამოსწორების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 27 ივლისს და ამოიწურა 31 ივლისს, ვინაიდან მხარეს არც ამ საპროცესო ვადაში და არც მოგვინაებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის რაიმე განცხადებით, 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა დატოვებულ იქნა განუხილველად.
2018 წლის 5 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეცა ნ. კ-ის განცხადება სადაც მხარე განმარტავს, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ 2018 წლის 5 იანვრის განჩინება მას ჩაბარდა 2018 წლის 29 იანვარს, რომლითაც საპროცესო ვადა განესაზღვრა 15 დღით და დაევალა სასამართლოს მიერ დამოწმებული უცხო ქვეყნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლისა და ცნობის წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ ხსენებული გადაწყვეტილება არ ყოფილა მიქცეული აღსასრულებლად. განცხადებას მხარემ დაურთო მასში მითთებული დოკუმენტები და EMS ფოსტის ელექტრონული ამონაწერი გზავნილზე _ E....
საკასაციო პალატა გაეცნო განცხადებას, მასზე დართულ მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
უპირველესად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი საფოსტო ამონაწერი არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მას ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა არა 2017 წლის 26 ივლისს, არამედ _ 2018 წლის 29 იანვარს, ამ თვალსაზრისით წარმოდგენილი EMS ფოსტის ელექტრონული ამონაწერი არ ადასტურებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ შპს „ს-ს“ ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარების ფაქტს, უფრო მეტიც, ხარვეზის დადგენის შესახებ 2017 წლის 2 ივნისის განჩინებით (და არა 2018 წლის 5 იანვრის) მხარეს საპროცესო ვადა განესაზღვრა 5 და არა 15 დღით, როგორც მხარე აღნიშნავს და რაც მთავარია, მას დაევალა მოწინააღმდეგე მხარის საკონტაქტო მონაცემების (მისამართი, ალტერნატიული მისამართი და სხვა) და არა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის, ასევე, ცნობის წარმოდგენა (იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება არ არის მიქცეული აღსასრულებლად).
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საპროცესო ვადის დარღვევის მიუხედავად, მხარეს დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია, ამასთან, რადგანაც გასულია სასამართლოსათვის მომართვის ვადა, პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად (საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება), განუხილველად ტოვებს წარმოდგენილ განცხადებას.
სასამართლო დამატებით განუმარტავს მხარეს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე (2) მუხლის შესაბამისად, მოსამართლის მიერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა ხელს არ უშლის პირს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. კ-ის #ა-1042-18 განცხადება დარჩეს განუხილველად.
2. განემარტოს შუამდგომლობის ავტორს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, მას უფლება აქვს ახალი (სრულყოფილი) შუამდგომლობით განმეორებით მომართოს სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე