Facebook Twitter

27 თებერვალი, 2018 წელი,

№ას-88-88-2018 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – გ. ქ-ე, ც. ჩ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები – თერჯოლის მუნიციპალიტეტი, ა(ა)იპ "ს-ა"

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმისწარმოების განახლება

აღწერილობითი ნაწილი :

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება) გ. ქ-ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოსარჩელე) და ც. ჩ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელე, პირველი და მეორე მოსარჩელე ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოსარჩელეები ან კერძო საჩივრის ავტორები) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მოცემულ საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოსარჩელეების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოსარჩელეების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ა(ა)იპ ს-ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან საფეხბურთო კლუბი), პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ, დამატებით 7875 ლარის, ხოლო, მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ, დამატებით 14850 გადახდა დაეკისრა.

2. 2017 წლის 29 სექტემბერს თერჯოლის მუნიციპალიტეტმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც განმცხადებელი ან მუნიციპალიტეტი) განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმისწარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება უშუალოდ ეხებოდა განმცხადებლის კანონით გათვალისწინებულ უფლებებსა და ინტერესებს, გამომდინარე იქიდან, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა უნდა გადახდილიყო მუნიციპალიტეტის ანგარიშიდან, რის გამოც მას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი ადგებოდა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებით, მუნიციპალიტეტის განცხადება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმისწარმოების განახლების თაობაზე, დაკმაყოფილდა. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

3.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საფეხბურთო კლუბს მოსარჩელეების სასარგებლოდ, თანხის გადახდა დაეკისრა, თუმცა, რადგანაც კლუბი დაფუძნებულია მუნიციპალიტეტის მიერ და იგი მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდება, დაკისრებული თანხაც მუნიციპალიტეტის ანგარიშიდან ჩამოიჭრა. შესაბამისად, მოსარჩელეების სასარგებლოდ თანხის ანაზღაურება ფაქტობრივად მუნიციპალიტეტს დაეკისრა ისე, რომ იგი საქმის განხილვაში არ მონაწილეობდა;

3.2. სააპელაციო პალატის შეფასებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2017 წლის 13 ოქტომბრის წერილისა და სააღსრულებო ბიუროს საინკასო დავალებების თანახმად, სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულდა და მუნიციპალიტეტმა მოსარჩელეებს დაკისრებული თანხა იძულებითი აღსრულების პროცედურების დაცვით გადაუხადა, რაც თავად კრედიტორებმაც დაადასტურეს. ამდენად, გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგი განმცხადებელს არა ჰიპოთეტურად, არამედ რეალურად, პირდაპირ და უშუალოდ შეეხო. ამასთან, პალატის მითითებით, რადგანაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გარეშე, განმცხადებელი თავისი უფლებების დაცვას ვერ მოახერხებდა, განცხადება საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილობისა და საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

4.1. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი გარემოება, რომ საფეხბურთო კლუბი ფინანსდება მუნიციპალიტეტის მიერ, უსაფუძვლოა, ვინაიდან, კლუბს 2016 წლის 1 მარტიდან აფინანსებს ა(ა)იპ საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდი, რაც დადასტურებულია თავად მუნიციპალიტეტის მიერ თავდაპირველ განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი 2016-2017 წლის ბიუჯეტითაც;

4.2. კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ თანხა მუნიციპალიტეტის ანგარიშიდან ჩამოიჭრა, უფრო მეტიც, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გამგეობას საკუთარი დამოუკიდებელი ანგარიშიც კი არ აქვს;

4.3. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, თანხის ჩარიცხვის ქვითრითაც დგინდება, რომ თანხა ანაზღაურდა თავად მოვალე ორგანიზაციის მიერ იძულებითი აღსრულების წესით, რაც, საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში, გულისხმობს საქართველოს ერთიანი სახაზინო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრას. ერთიანი სახაზინო ანგარიში ერთადერთია, ემსახურება ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციას და განთავსებულია ეროვნულ ბანკში. საინკასო დავალებით თანხის ჩამოჭრის შემდგომ კი, ვალდებულება აისახება მოვალე ორგანიზაციის ბიუჯეტში;

4.4. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, გასათვალისწინებელი იყო, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს წინადადებების (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ) ადრესატი არა მუნიციპალიტეტი, არამედ საფეხბურთო კლუბი იყო. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსისა და სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის წერილები, რომელთა ავტორები ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავდნენ მუნიციპალიტეტის რაიმე ვალდებულებას, ისინი ერთხმად განმარტავდნენ, რომ თანხა ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან უნდა ჩამოჭრილიყო და შემდგომ ასახულიყო მოვალე ორგანიზაციის ბიუჯეტში. მნიშვნელოვანი იყო საინკასო დავალებებიც, რომლებიც ადასტურებდა, რომ თანხა ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან ჩამოიჭრა, რაც განთავსებულია ეროვნული ბანკში და დანიშნულებაში მითითებულია, რომ აღნიშნული წარმოადგენდა საფეხბურთო კლუბის ვალდებულებას. ამდენად, მუნიციპალიტეტს მოსარჩელეებსა და საფეხბურთო კლუბს შორის გადაწყვეტილ შრომით-სამართლებრივ დავასთან, კავშირი არ ჰქონია;

4.5. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, მუნიციპალიტეტმა დაარღვია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილობისა და საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების წარდგენის ვადა;

4.6. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სასამართლომ არ გამოიკვლია, თუ მუნიციპალიტეტის რომელ უფლებას ან კანონით გათვალისწინებულ რომელ ინტერესს ეხებოდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 იანვრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

6. კერძო საჩივარი დასაბუთებულია. მოსარჩელეებს უფლება აქვთ, მოითხოვონ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე.

7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელმა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ ის არ ყოფილა მიწვეული საქმის განხილვაზე, იმ პირობებში, როდესაც მიღებული გადაწყვეტილება ლახავს მის კანონიერ ინტერესებს, კერძოდ, მოსარჩელეების სასარგებლოდ თანხის ანაზღაურება ფაქტობრივად მუნიციპალიტეტს დაეკისრა ისე, რომ იგი საქმის განხილვაში არ მონაწილეობდა.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. "ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ", # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

10. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმისწარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.

11. სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება, ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის კონტექსტში დაინტერესებულია პირი, რომლის უფლებრივ მდგომარეობასა ან/და ინტერესებზე ზეგავლენას ახდენს საქმის განხილვის შედეგი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის აუცილებლობა იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომლის კანონიერ ინტერესსაც მართლმსაჯულების აქტი შეეხება, არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე და არ მიეცა მას საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა თუ სსსკ-ის მე-2 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ მითითებული გარემოებები და ამ გარემოებების დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა იმგვარი დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ მიღებული გადაწყვეტილება უშუალო შემხებლობაში იყო მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებთან. განმცხადებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივ საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო გადაწყვეტილების საფუძველზე მისი ანგარიშიდან თანხები ჩამოიჭრა. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საფეხბურთო კლუბს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ, დამატებით 7875 ლარის, ხოლო მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ, დამატებით 14850 გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილებით განმცხადებელს, მოსარჩელეთა სასარგებლოდ, თანხის გადახდა ან რაიმე სხვა ვალდებულების შესრულება არ დაჰკისრებია. აღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებლის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძვლად მითითებული გარემოება არ ქმნის გადაწყვეტილების ბათილობის წინაპირობას. პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება ის გარემოება, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საფეხბურთო კლუბისათვის დაკისრებული თანხა, მუნიციპალიტეტის ანგარიშიდან ჩამოიჭრა, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგინდებოდა, რომ მოსარჩელეების სასარგებლოდ დაკისრებული თანხა განმცხადებელს ჩამოეჭრა, აღნიშნული მაინც ვერ გახდებოდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველი. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განმცხადებელი, განსახილველ შემთხვევაში, სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაინტერესებულ პირს წარმოადგენს.

13. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტში, რომლის თანახმადაც, კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ. Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX).

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. "ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ", # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი კერძო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია.

15. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობასა და დასკვნებს და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, ხოლო განცხადება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილობისა და საქმისწარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ქ-ისა და ც. ჩ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინება;

3. თერჯოლის მუნიციპალიტეტის განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი