Facebook Twitter

საქმე №ას-965-900-2017 22 სექტემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ღ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ღ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების საკუთრებაში დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

თ. ღ-მა (შემდგოში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამყიდველი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ღ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მყიდველი) მიმართ 2015 წლის 10 თებერვალს მოპასუხის სახელზე გაცემული მინდობილობისა და 2015 წლის 17 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ასევე, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ მოსარჩელის აღდგენის მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო გარიგებები კანონიერია, დადებულია მხარეთა ნამდვილი ნების საფუძველზე და არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის 2015 წლის 17 თებერვალს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და ეს ქონება აღირიცხა გამყიდველის საკუთრებად.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

(ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემაც, თუმცა იგი საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს, შესაბამისად, პალატა აღარ იმსჯელებს მასზე).

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით საპროცესო ვადის დარღვევის მოტივით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

6.2. კერძო საჩივრის თანახმად, არასწორია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მხარემ დაარღვია საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი შპს „უ-ას“ ჩაბარდა 2017 წლის 1 ივნისს, რაც დგინდება ფოსტის ზედდებულით. ეს ფაქტი დაადასტურა შპს „უ-ამაც“, შესაბამისად, მხარეს არ დაურღვევია სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ღ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის გამოყენება-განმარტებისა და ამ კუთხით ფაქტობრივი გარემოებების შეფასების სისწორე.

1.3. გასაჩივრებული განჩინების თანახმად, სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებაზე სააპელაციო სასამართლომ იმ მოტივით განაცხადა უარი, რომ მხარის მიერ დარღვეული იყო სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა, კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2017 წლის 20 აპრილს, რაც ცნობილი იყო მოპასუხისათვის, იგი სასამართლოში გამოცხადდა და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2017 წლის 18 მაისს, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 28-ე დღეს, რის გამოც, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების ჩაბარების დღის მომდევნო დღიდან და ამოიწურა 2017 წლის 1 ივნისს, ხოლო საქმეში წარმოდგენილი საფოსტო ზედდებულის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ფოსტას მოპასუხემ ამ ვადის დარღვევით _ 2017 წლის 2 ივნისს ჩააბარა.

1.4. კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ მას საპროცესო ვადა არ დაურღვევია, ამ ფაქტის მტკიცების მიზნით წარმოადგინა შპს „უ-ის“ ზედდებული და ამავე ორგანიზაციის მიერ გაცემული ცნობა. მითითებული მტკიცებულებების ანალიზით (სსსკ-ის 105-ე მუხლი) კი, დასტურდება, რომ შპს „უ-ას“ „ბ-იის“ მიერ თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში გასაგზავნად ჩაბარდა კორესპოდენცია 2017 წლის 1 ივნისს და ადრესატს იგი გადაეცა 2017 წლის 5 ივნისს. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივარზე დართული ზედდებულის სერიული ნომერი არის ..., ამავე ნომრის მქონე ზედდებულს ეხება საფოსტო განყოფილების ცნობა და უფრო მეტიც, სააპელაციო საჩივარზე დართული #... ზედდებულით დასტურდება იგივე გარემოება, კერძოდ ის, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა არა 2, არამედ 1 ივნისს.

1.5. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას მისი მხრიდან სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დაცვის შესახებ და განმარტავს შემდეგს:

1.5.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. განსახილველი ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო/საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადით შეზღუდვა სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპს ემყარება, თუმცა ეს ვადა სასამართლოს მხრიდან ყოველთვის ზედმიწევნით უნდა იქნეს შესწავლილი, რათა დაუსაბუთებლად არ შეიზღუდოს ამავე კოდექსის მე-2 მუხლით, ასევე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, ამასთანავე, სასამართლოს მხრიდან საკითხის ზედმიწევნითი ანალიზი უზრუნველყოფს მოგებული მხარის ინტერესების დაცვასაც, რაც გონივრული პროპორციაა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე (სსსკ-ის მე-4 მუხლი).

1.5.2. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხე ესწრებოდა რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. ამ დღიდან გადაწყვეტილების ჩაბარების კანონით გათვალისწინებული 30-დღიანი ვადის ამოწურვამდე, 2017 წლის 18 მაისს (28-ე დღე) ჩაიბარა მან დასაბუთებული გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა დაიწყო მხარის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების მომდევნო დღეს და ამოიწურა 2017 წლის 1 ივნისს, ამასთანავე, ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.4. პუნქტში აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ აპელანტს არ დაურღვევია საჩივრის წარდგენის ვადა, რამდენადაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

1.6. ამდენად, საკასაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რადგანაც საკითხის სხვაგვარი განმარტება, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, გაუმართლებლად შეზღუდავს აპელანტის უფლებას სასამართლო ხელმისაწვდომობაზე (იხ. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ღ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური