Facebook Twitter

საქმე №ას-902-842-2017 15 სექტემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – გ. გ-ე, ვ. კ-ი, მ. ბ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. გ-ა (მოსარჩელე)

თანამოპასუხეები: ამხანაგობა „ბ-ა 2006-ის“ წევრები: რ. ფ-ე, შ. ა-ე, გ. ბ-ე, ზ. ქ-ი, ხ. ფ-ე, ლ. მ-ე (გვარის ცვლილებამდე გ-ი), თ. გ-ი, დ. ე-ე, ნ. ღ-ი, გ. ნ-ე, ც. ე-ის უფლებამონაცვლე ა. ე-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ა. გ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ამხანაგობა „ბ-ა 2006-ის“ წევრების: რ. ფ-ის, შ. ა-ის, გ. ბ-ის, ზ. ქ-ის, ხ. ფ-ის, ლ. მ-ის (გვარის ცვლილებამდე გ-ი), თ. გ-ის, დ. ე-ის, ნ. ღ-ის, გ. ნ-ისა და ც. ე-ის უფლებამონაცვლე ა. ე-ის მიმართ, მოპასუხეებისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 199 404 ლარის, ასევე, მიუღებელი შემოსავლის _ 42 550 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილოვრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს: რ. ფ-ეს, ვ. კ-ს, ნ. ღ-ს, გ. ნ-ეს, გ. გ-ეს, მ. ბ-ს და ც. ე-ის უფლებამონაცვლე ა. ე-ეს დაეკისრათ ა. გ-ას სასარგებლოდ 199 404 ლარის გადახდა. ა. გ-ას სარჩელი მოპასუხეების: შ. ა-ის, გ. ბ-ის, ზ. ქ-ის, ხ. ფ-ის, ლ. მ-ის (გვარის ცვლილებამდე გ-ი), თ. გ-ის, ტ. ე-ის და დ. ე-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეებისათვის 42 550 ლარის დაკისრების თაობაზე.

4. აპელანტის მოთხოვნა:

4.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;

4.2. ამავე გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინეს ნ. ღ-მა, ვ. კ-მა, გ. ნ-ემ, გ. გ-ემ, მ. ბ-მა და ა. ე-ემ.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. საქმის სააპელაციო წესით განხილვის ეტაპზე გარდაიცვალა ტ. ე-ე, ხოლო აპელანტმა ა. გ-ამ უარი თქვა სარჩელზე ტ. ე-ის მიმართ.

5.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შეწყდა საქმის წარმოება ა. გ-ას სარჩელზე ტ. ე-ის მიმართ სარჩელზე უარის თქმის გამო, განემარტათ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა არ დაიშვება, ასევე, გაუქმდა ტ.ე-ის მიმართ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

6. კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს გ. გ-ემ, ვ. კ-მა და მ. ბ-მა, რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება.

6.2. კერძო საჩივრის თანახმად, გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, რადგანაც სარჩელზე უარის თქმა განხორციელდა გარდაცვლილი პირის მიმართ, რაც დაუშვებელია, სააპელაციო სასამართლოს ევალებოდა უფლებამონაცვლეობის საკითხის დადგენა. ამ საკითხის გადაწყვეტამდე კი, გარდაცვლილი პირის მიმართ რაიმე საპროცესო მოქმედების განხორციელება დაუშვებელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ის, ვ. კ-ისა და მ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სარჩელზე უარის თქმის შესახებ მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების კანონიერება. ამ თვალსაზრისით მხარე სადავოდ ხდის იმას, რომ პირი, რომლის მიმართაც შეწყდა წარმოება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, იყო გარდაცვლილი და მისი საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, განეხორციელებინა რაიმე საპროცესო მოქმედება.

1.3. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა აღნიშნულ პრეტენზიას და ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ საკითხებზე:

1.3.1. განსახილველ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის გამო ქონებრივი რესტიტუციისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი აღძრულია ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის წევრების მიმართ, რომელთა შორის, მოპასუხეს წარმოადგენდა გარდაცვლილი ტ. ე-ე;

1.3.2. სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს), სახეზე გვყავს სოლიდარული მოვალეები და სასამართლოს შეფასების საგანსაც წარმოადგენს, როგორც სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის ნამდვილობა, ისე _ ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილ მოთხოვნაზე ვალდებულ პირთა წრის განსაზღვრა;

1.3.3. უდავოა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვისას გარდაიცვალა ერთ-ერთი თანამოპასუხე, ხოლო, მოსარჩელემ მისი მიმართ მოთხოვნაზე განაცხადა უარი.

1.4. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებულ საპროცესო სამართლის ამოსავალ პრინციპზე - დისპოზიციურობაზე, რომლის თანახმადაც მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ, საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. დასახელებული ნორმა განამტკიცებს იმ საპროცესო მოქმედებათა ჩამონათვალს, რომელშიც ვლინდება მხარის უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი საპროცესო უფლებები, იგი ნების ავტონომიის საპროცესო გამოხატულებაა და წარმოადგენს მხარის საპროცესო უფლებათა იმგვარი რეალიზაციის საშუალებას, როდესაც საქმეზე მისაღები გადაწყვეტილება უმთავრესად მხარის ნებაზეა ორიენტირებული. ნორმა იძლევა უფლებათა შემდეგ კლასიფიკაციას:

ა) პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ დაირღვა მისი უფლება, თავად წყვეტს ამ უფლების სასამართლო წესით დაცვას საპროცესო კანონმდებლობით შემოთავაზებული წესების საფუძველზე;

ბ) თავად განსაზღვრავს დავის საგანს და იმას, თუ რა ფაქტებსა და გარემოებებზე დაამყაროს მოთხოვნა;

გ) მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე.

ჩამოთვლილთაგან უმეტესი ნაწილი მიმართულია მოსარჩელის უფლებებისაკენ, თუმცა პირთა თანასწორობაზე დამყარებული სამოქალაქო საპროცესო სამართალი ანალოგიურ პირობებს უქმნის მოპასუხეს და ადგენს მის უფლებას, შეთანხმების შემთხვევაში, დავა დაასრულოს მორიგებით, მას ასევე შეუძლია, ცნოს სარჩელი.

1.4.1. უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელზე უარის თქმის აბსოლუტური ბუნება თავად ამ ინსტიტუტის არსით აიხსნება: მსგავსად სარჩელის აღძვრისა, მოსარჩელის სრულ თავისუფლებას წარმოადგენს, მოპასუხეს მოსთხოვოს ან არ მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება და განსხვავებით, მაგალითად, სარჩელის გამოხმობისაგან (იხ. სსსკ-ის 831 მუხლი), მოსარჩელეს მოპასუხის ყოველგვარი თანხმობის გარეშე შეუძლია განკარგოს კანონით გარანტირებული ზემოხსენებული შესაძლებლობა. სწორედ ამ პოზიციიდან გამომდინარე მიიჩნევს საკასაციო სასამართლო, რომ სარჩელზე უარის თქმის შესახებ შუამდგომლობის განხილვაზე გავლენას ვერ იქონიებს პირის გარდაცვალებისა და მისი უფლებამონაცვლის დადგენის საკითხები, კანონის ამგვარი განმარტება დააკარგვინებს აზრს, როგორც საქმის განხილვის შეჩერების, ისე _ პროცესის ეკონომიურობის პრინციპებს.

1.5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო თანამონაწილეობის საფუძველი (სავალდებულო თანამონაწილეობა) არ შეიძლება, განიმარტოს ასევე თანამონაწილეობის მატერიალური წინაპირობების გაუთვალისწინებელად, ასეთია სოლიდარული მოვალეების ინსტიტუტი, რომელსაც აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსის 463-ე-476-ე მუხლები, თავად 465-ე მუხლის შესაბამისად კი, კრედიტორს შეუძლია, თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე - ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. მოცემულ შემთხვევაში, თუკი სასამართლო განხილვით დადასტურდება სარჩელის საფუძვლიანობა, მაშინ სარჩელზე უარი (ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ) თავად სარჩელის საპროცესო უფლებაზე გავლენას არ იქონიებს, ხოლო სოლიდარული მოვალეების მატერიალურ-სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესებას გამორიცხავს, როგორც სამკვიდროს მიღებისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმები, ისე _ ამავე კოდექსის 471-ე და 473-ე მუხლების რეგულაციები.

1.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სწორად დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა კერძო საჩივარი კი, არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ შედავებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. გ-ის, ვ. კ-ისა და მ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური