საქმე №ას-255-243-2017 19 მაისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „T-A“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს. გ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პარტნიორისათვის ინფორმაციის მიწოდება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ს. გ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან პარტნიორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „T-A-ს“ (შემდგოში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, საზოგადოება ან კომპანია) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება, მოსარჩელეს გადასცეს 2014 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შემდეგი დოკუმენტები:
ა) საზოგადოების წლიური ბალანსები;
ბ) საზოგადოების ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისები (ბანკი, სალარო);
გ) საზოგადოების ყოველთვიური დეკლარაციები (საშემოსავლო, დღგ), ასევე, დაზუსტებული საგადასახადო დეკლარაციები;
დ) საზოგადოების მიერ მესამე პირებთან გაფორმებული ყველა ხელშეკრულება;
ე) კომპანიის საკაბელო მომსახურების მომხმარებლების ამომწურავი ჩამონათვალი;
ვ) საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ ასლი;
ზ) სასაქონლო მატერიალური მარაგების ნაშთები.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორია 50%-იანი წილობრივი მონაწილეობით. საზოგადოების მეორე პარტნიორია მ. მ-ი (შემდგომში _ დირექტორი), რომელიც იმავდროულად არის წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი. მისი, როგორც პარტნიორის ინტერესს წარმოადგენს, მიიღოს დოკუმენტური ინფორმაცია კომპანიის დირექტორისა და მენეჯმენტის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ 2014 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამ მიზნით მან არაერთხელ სცადა კომპანიის პარტნიორთან (დირექტორთან) მოლაპარაკება, თუმცა უშედეგოდ. მის წერილობით შეტყობინებებს დირექტორი არ იბარებს და ამ ფორმით უარს აცხადებს მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადაცემაზე. 2014 წელს მოპასუხემ მას გადასცა გასული წლების დოკუმენტაცია, რომელიც აუდიტორული კომპანიის მიერ შესწავლილ იქნა და გაცემულია შესაბამისი დასკვნა, რაც ცნობილია კომპანიისათვის.
2. მოპასუხის პოზიცია:
მარტივი შედავებით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადაცემის შესახებ კომპანიისათვის სარჩელით გახდა ცნობილი, დირექტორი არ იმყოფებოდა ადგილზე და მხარეთა შორის რაიმე მოლაპარაკება არ შემდგარა, სხვა შემთხვევაში, კომპანია თანახმაა მიაწოდოს მას დოკუმენტაცია, ასევე, მიიღოს მოლაპარაკებებში მონაწილეობა. ამასთან, არანაირ პრობლემას არ ქმნის დოკუმენტების გაცნობაზე და არც ასლის მიღებაზე, რაც კანონმდებლობით დაშვებულიც არის, მაგრამ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემოება, რომ საგადასახადო კოდექსის თანახმად, 2016 წლის 1 აპრილამდე ხდება 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით წლიური დეკლარაციების წარდგენა. მოსარჩელე ითხოვს 2015 წლის საზოგადოების წლიურ ბალანსს, რაც მზადების პროცესშია და ამ საფუძვლით შეუძლებელია დოკუმენტის მიწოდება. წლიური დეკლარაციების მომზადების დროს შესაძლებელია, საჭირო გახდეს მისი დაკორექტირება, რასაც ასევე ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსი, შესაბამისად, ცვლილების შეტანის შემთხვევაში იგი შესაძლოა მოსარჩეოლის მხრიდან შედავების საფუძველი გახდეს. ამდენად, მოპასუხე მართალია, უარს არ აცხადებს დოკუმენტაციის გადაცემაზე, თუმცა, მოსარჩელე თავად არ იცავს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ამგვარი ქმედებებით არ უნდა შეექმნას პრობლემა კომპანიაში დასაქმებულ 120-კაციან კოლექტივს. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ მზად იყო, შეესრულებინა მოთხოვნა იმ ფარგლებში, რასაც კანონი ანიჭებდა პარტნიორს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს (მის დირექტორს) დაევალა მოსარჩელისათვის 2014 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საზოგადოების შემდეგი ინფორმაციისა და დოკუმენტების გადაცემა:
ა) საზოგადოების წლიური ბალანსები;
ბ) საზოგადოების ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისები (ბანკი, სალარო);
გ) საზოგადოების ყოველთვიური დეკლარაციები (საშემოსავლო, დღგ), ასევე, დაზუსტებული საგადასახადო დეკლარაციები;
დ) საზოგადოების მიერ გაფორმებული ყველა ხელშეკრულება, მესამე პირებთან მიმართებაში;
ე) საკაბელო მომხმარებლების ამომწურავი ჩამონათვალი;
ვ) საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ ასლი;
ზ) სასაქონლო მატერიალური მარაგების ნაშთები.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. კომპანიის პარტნიორები არიან მოსარჩელე და მ. მ-ი, რომელიც ამავე დროს საზოგადოების დირექტორია;
1.2.2. მოსარჩელეს საწარმოს კაპიტალში ეკუთვნის 50%-იანი წილი;
1.2.3. 2015 წლის 10 დეკემბერს პარტნიორმა მიმართა საზოგადოების დირექტორს და წერილობით მითხოვა სარჩელში აღნიშნული დოკუმენტების ომისთვის მიწოდება. ეს მოთხოვნა მოსარჩელემ წერილობით გააგზავნა, როგორც საზოგადოების დირექტორის, ასევე, მთავარი ბუღალტრის სახელზე;
1.2.4. კურიერის ვიზიტის მიუხედავად, დირექტორის სახელზე გაგზავნილი გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა, რადგან მიმღებმა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე, ჩაუბარებლობის მიზეზად დასახელდა დირექტორის მისამართზე არ ყოფნის ფაქტი. საზოგადოების მთავარ ბუღალტერს კი, გზავნილი ჩაბარდა 2015 წლის 14 დეკემბერს, რომელმაც ამავე წლის 15 დეკემბერს წერილობით უპასუხა მოსარჩელეს, რომ მოთხოვნილი დოკუმენტების გაცემის უფლება მას არ ჰქონდა, საზოგადოებას ჰყავდა ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელსაც ევალებოდა შესაბამისი დოკუმენტების გაცემა;
1.2.5. აპელანტისათვის სარჩელის გადაცემის შემდგომ, მოსარჩელემ კომპანიას იმავე მოთხოვნებით განმეორებით მიმართა 2016 წლის 12 და 25 აპრილს, რომლებზეც საზოგადოების დირექტორს პასუხი არ გაუცია.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. სააპელაციო სასამართლომ, მართალია, გამოასწორა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში დაშვებული ხარვეზები და აღმოფხვრა არსებული ბუნდოვანებები, შესაბამისად, სრულად გაიზიარა სააპელაციო საჩივრის საფუძვლები, თუმცა, სასამართლოს არ შეუცვლია გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც აღსრულების ეტაპზე აღმასრულებელი იხელმძღვანელებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რადგანაც სააპელაციო პალატის განჩინების სამოტივაციო ნაწილი არააღსრულებადია;
1.4.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტება არასწორია საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ თაობაზე, რამდენადაც სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და დაარღვია შეჯიბრებითობა, როდესაც მოთხოვნის ტრანსფორმირებით მან მოპასუხეს დაავალა ამ პროგრამის მეშვეობით შედგენილი ბაზების ასლის და არა „ორისის“ ასლის გადაცემა.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს იმ ძირითადი დასაბუთებით, რომ გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი აღიარებს პარტნიორის უფლებას, ინფორმირებული იყო საზოგადოების საქმიანობის თაობაზე და დაუბრკოლებლად მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ საქმიანობის შედეგებთან შემხებლობაშია. მეწარმე სუბიექტის (ამ შემთხვევაში, საწარმოს პარტნიორის) ამგვარი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს ხსენებული კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი, ხოლო 46-ე მუხლის მე-4 პუნქტით აღიარებულია დირექტორის, როგორც ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მოვალეობა, ხელი შეუწყოს პარტნიორს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით (მათ შორის 3.10 მუხლით) გათვალისწინებული უფლების განხორციელებაში. მოცემულ შემთხვევაში, კანონის აღნიშნული დანაწესები სწორად იქნა მოძიებულ-განმარტებული ქვემდგომი სასამართლების მიერ.
1.6. პალატა არ იზიარებს კასატორის არგუმენტს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლისა და იმის თაობაზე, რომ ზემდგომ სასამართლოს უნდა მიეღო ახალი გადაწყვეტილება, რადგანაც, პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლები, ხოლო, ამ ნორმებით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდება, ამასთან, უნდა განიმარტოს ისიც, რომ თუკი რეალურად იარსებებს გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი წინაპირობები და მათი გამორიცხვა ზემდგომი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდგომაც შეუძლებელი გახდება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი სრულ შესაძლებლობას აძლევს, როგორც მხარეს, ისე _ აღმასრულებელს, მიმართოს გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს განმარტების თხოვნით.
1.7. სრულიად დაუსაბუთებელია კასატორის შედავება სასამართლოს მხრიდან მოთხოვნის ფარგლებისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევის თაობაზე, რამდენადაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 248-ე მუხლის თანახმად, იმპერატიულად იკრძალება სასამართლოს მიერ მხარისათვის გადაწყვეტილებით იმის მიკუთვნება, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტის, ვიდრე ის მოითხოვდა. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას „ბუღალტრული პროგრამა „ორისის“ ასლის“ გადაცემა წარმოადგნდა. ბუნებრივია, პროგრამის ასლის გადაცემაზე მსჯელობა გონივრულ ფარგლებს ცდება, შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს თუ რა სურს მოსარჩელეს და ამგვარად გამოიტანოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. როგორც სარჩელის, ისე _ სასარჩელო მოთხოვნის შესწავლით ირკვევა, რომ მოსარჩელის სურვილია ამ პროგრამის მონაცემების გაცნობა, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის, მით უფრო შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევად ვერ იქნება განხილული (სსსკ-ის მე-4 მუხლი).
1.8. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც კომპანიის პარტნიორთა შიდა კორპორაციული ურთიერთობების, მათ შორის საწარმოს საბუღალტრო მონაცემების გაცნობის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თოაბაზე, ხოლო, კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 06.03.2017წ. #117 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „T-A-ს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „T-A-ს“ (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 06.03.2017წ. #117 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური