საქმე №ას-272-260-2017 10 მაისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჰ-ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „ჰ-ომ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მენარდე) სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან შემკვეთი) მიმართ მხარეთა შორის გაფორმებული #... ხელშეკრულებიდან გამომდინარე პურგასამტეხლოს 0,2%-მდე შემცირებისა და მოპასუხისათვის 14 540,904 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 13 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლების ენერგოსისტემების დაპროექტების თაობაზე. ხელშეკრულების თანახმად, მენარდეს პროექტი სს „ე-ასთვის“ უნდა შეეთანხმებინა და შესაბამისი ექსპერტიზა სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უნდა ჩაეტარებინა 60 დღის ვადაში. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 38 468 ლარს. მოგვიანებით, ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და მენარდეს დაეკისრა დამატებითი ვალდებულება, შესრულების ვადა კი, განისაზღვრა დამატებით 13 დღით. მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია წარადგინა ვადის დარღვევით, რაც არა მისი, არამედ, ექსპერტიზის ბიუროს ბრალით მოხდა. ამ ფაქტის თაობაზე მენარდემ წერილობით აცნობა შემკვეთს, რომელმაც არ გაიზიარა მითითებული გარემოება და ვადაგადაცილება მიიჩნია ვალდებულების დარღვევად, შესაბამისად, მოსარჩელეს დაარიცხა პირგასამტეხლო, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულია და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს მისი ჯამური ღირებულების 2%-ს. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული შეუსაბამოდ მაღალია. მოპასუხემ დაკისრებული პირგასამტეხლოს გაქვითვის გამო, მოსარჩელეს არ აუნაზღაურა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, რითაც დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მოთხოვნები, შესაბამისად, მენარდემ ითხოვა პირგასამტეხლოს 0,2%-მდე შემცირება და ზედმეტად გადახდილი (დაქვითული) პირგასამტეხლოს შემკვეთისათვის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ივლისის #1196 განკარგულებით (რომელშიც ცვლილება შევიდა 2014 წლის 28 ოქტომბერს) და სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო. ხელშეკრულების დადებისას მხარეებმა განსაზღვრეს პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც არ უნდა ყოფილიყო სიმბოლური თანხა, რათა მენარდეს ჰქონოდა სამუშაოს შესრულების მოტივაცია. ვინაიდან თანხა 2014 წლის ბიუჯეტიდან იყო გამოყოფილი, სწორედ ამ წელს უნდა დასრულებულიყო სამუშაოები, რადგანაც ამ თანხის შემდეგ წელს გამოყენება არ დაიშვებოდა, ამასთანავე, 2015 წლის ბიუჯეტი პროექტის დაფინანსებას აღარ ითვალისწინებდა. რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით, რათა სამუშაოების შესრულება შესაძლებელი ყოფილიყო, ხელშეკრულებით განისაზღვრა 60-დღიანი ვადა, რომელიც მოსარჩელის მიერ დარღვეულია, გარდა ამისა, პროექტის მნიშვნელობისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, პირგასამტეხლო მოცემული იყო სატენდერო წინადადებაში და არ არსებობს მისი შემცირების წინპაირობა, გარდა ამისა, მოპასუხემ განმარტა, რომ თუკი სასამარლო დაუშვებს პირგასამტეხლოს შემცირების პრეცედენტს, აღნიშნული წაახალისებს არაკეთილსინდისიერ კონტრაჰენტებს და რეალური საფრთხის ქვეშ დადგება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელება.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, 2014 წლის 13 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შემცირდა 0,2%-მდე და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14 540,9 ლარის ანაზღაურება.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემკვეთმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2014 წლის 13 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #... ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლების: მ-ის, ც-ისა და ბ-ის ენერგოსისტემების დაპროექტება. ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრა 60 დღით, ხოლო მენარდის ანაზღაურება _ 38 468 ლარით;
1.2.2. 2014 წლის 6 ნოემბრის #1 შეთანხმებით ცვლილება შევიდა მხარეთა მიერ 2014 წლის 13 აგვისტოს გაფორმებულ ხელშეკრულებაში და მოსარჩელეს დამატებით დაეკისრა სოფელ ხ-ის ენერგოსისტემის დაპროექტების მომსახურების გაწევა;
1.2.3. ხელშეკრულების 6.3 მუხლის თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში მენარდეს ეკისრებოდა პირგასამტეხლოს ანაზღაურება გასაწევი მომსახურების ღირებულების 2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
1.2.4. მოწინააღმდეგე მხარემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა სათანადო ხარისხით, თუმცა სახელშეკრულებო ვადის დარღვევით: ვადაგადაცილებული პერიოდი შეადგენს 21 დღეს, რის შედეგადაც მას დაეკისრა პირგასამტეხლო _ 16 156,56 ლარი;
1.2.5. აპელანტმა მოსარჩელეს აუნაზღაურა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაური დარიცხული პირგასამტეხლოს - 16 156,56 ლარის გამოკლებით;
1.2.6. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო _ მისი ღირებულების 2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არაგონივრულია, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად მიჩნეულ იქნა 0,2%.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებები იურიდიულად არასაკმარისადაა დასაბუთებული. სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს 10-ჯერ შემცირებით ადგილი აქვს თავად პირგასამტეხლოს ფუნქციის გაუქმებას, რამდენადაც ვალდებულების შესრულების 21-დღიანი ვადაგადაცილებისას 1 615,65 ლარის დაკისრება ვერ უზუნველყოფს იმ პრევენციული მიზნის მიღწევას, რაც ამ ინსტიტუტს გააჩნია და იგი პირს ვალდებულების შესრულების მოტივაციას არ უქმნის, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოსათვის მინიჭებული დისკრეციის გამოყენება ნორმის მიზნის მიღწევის პროპორციული და გონივრული საშუალება უნდა იყოს;
1.4.2. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, რადგანაც უდავოა, რომ მოსარჩელემ ვალდებულება დაარღვია, ხოლო კასატორმა პირგასამტეხლოს დაკისრებისას იხელმძღვანელა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საშუალებით;
1.4.3. სასამართლომ, მართალია, სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, თუმცა, არასწორად განმარტა იგი.
1.5. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მარეგულირებელ სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი წარმოადგენს, რომელიც, როგორც ორმხრივად მავალდებულებელი, ხელშეკრულების თითოეულ მხარეს უდგენს მოვალეობათა კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულებას, თავის მხრივ, უდავოა, რომ ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაზე _ პირგასამტეხლოს გადახდაზე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში (სკ-ის 417-ე მუხლი). პირგასამტეხლოს ოდენობა, მიუხედავად სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის გამოყენებისა, შემოწმებას ექვემდებარება და იგი იმგვარი სიკეთეების პროპორციულობით ფასდება, როგორიცაა: მხარეთა მდგომარეობა ხელშეკრულების დადებისას, ვალდებულების დარღვევის ხასიათი, დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის მნიშვნელობა, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და ვალდებულების დარღვევის შედეგად დაზარალებული პირის ინტერესების პროპორციულობა დარღვევის ხასიათთან. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მენარდემ ვალდებულება შეასრულა, ამ შესრულების მიმართ შემკვეთს პრეტენზია არ გამოუთქვამს, ამასთანავე, დასაბუთებული შედავება არ არის წარმოდგენილი იმის თაობაზე, რომ ვადაგადაცილება მოხდა არა კონტრაჰენტის, არამედ _ ექსპერტიზის ბრალით, რაც არ გაითვალისწინა შემკვეთმა. მნიშვნელოვანია, რომ კასატორს არ მიუთითებია ვადაგადაცილებით გამოწვეული ზიანის არსებობის ფაქტზე, არამედ, მისი ძირითადი მოტივაცია მიმართულია იმისკენ, რომ პირგასამტეხლოს სახით სოლიდური თანხის დაკისრება მოტივაციას შეუქმნის მენარდეს სამუშაოს დროულად შესრულებისათვის, რასაც ბუნებრივია არ იზიარებს საკასაციო პალატა, ვინაიდან მენარდისათვის ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მოტივაციის მიცემა სამოქალაქო კოდექსის 417-ე-420-ე მუხლების მიზანს არ წარმოადგენს. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ იმისათვის, რათა პირგასამტეხლომ არ დაკარგოს საკუთარი ფუნქცია, ხოლო სამოქალაქო ურთიერთობა არ გასცდეს მხარეთა თანასწორობის პრინციპს, მიზანშეწონილია, სასამართლომ სამართლიანობაზე დაყრდნობით შეაფასოს შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა, ამ მხრივ, სააპელაციო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები სამოქალაქო კოდექსის 417-ე, ასევე, 420-ე მუხლების თაობაზე, სრულ შესაბამისობაშია საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკასთან, ამასთანავე, უდავოა, რომ კასატორი, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, კეთილსინდისიერების პრინციპით უნდა მოქმედებს და მიუხედავად სამოქალაქო ურთიერთობებში მისი კერძო სამართლის სუბიექტებთან უფლებრივი გათანაბრებისა, მას მაღალი ხარისხით ეკისრება კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტის დაცვა, აღნიშნული თავისთავად მოიცავს როგორც სახელშეკრულებო, ისე _ წინასახელშეკრულებო პერიოდს რადგანაც სამინისტრომ, როგორც შემსყიდველმა, მისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილება არ შეიძლება გამოიყენოს გადამეტებით, არამედ, მას მართებს მეორე მხარის უფლებებისა და ქონების მიმართ გულისხმიერი დამოკიდებუკლება. ამ მხრივ, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის ნორმებს (სკ-ის 115-ე და 316-ე (2) მუხლები).
1.6. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და თვლის, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო _ ხელშეკრულების ღირებულების 2% არა მისი დარღვევის პრევენციული, არამედ, კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფუნქციის მატარებელი იყო, შესაბამისად, იგი სწორად შემცირდა 0,2%-მდე, რომელიც მხოლოდ ვალდებულების ვადაგადაცილებისათვის (იმგვარად, რომ ამ დარღვევას არც ზიანი მოჰყოლია და არც შესრულებას გააჩნია სხვა ნაკლი) თანაზომიერი და ადეკვატურია.
1.7. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (იხ. მაგ: სუსგ №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი), რომლისგანაც არ განსხვავდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, კასატორი კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცველად დატოვების თოაბაზე. კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური