საქმე №ას-331-310-2017 19 მაისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ-ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან შემკვეთი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ-ას“ (შემდგოში _ მოპასუხე, მოწინააღმდგე მხარე ან მენარდე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს _ 15 324,06 ლარის დაკისრება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 31 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #... ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა შ-ის საჯარო სკოლის საპანსიონო კორპუსის მშენებლობის სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 822 146 ლარი, რაც 2014 წლის 17 ოქტომბერს ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებებით შემცირდა და განისაზღვრა 793 602,99 ლარით. სამუშაოები დასრულებულია და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერიტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის #... დასკვნის თანახმად, შესრულებული სამუშაობის ღირებულებამ შეადგინა 761 284,02 ლარი, რის საფუძველზეც გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი. ვადაგადაცილებისათვის მოპასუხეს ერიცხება პირსაგამტეხლო, კერძოდ, სამუშაოს შესრულების ეტაპების შესახებ ინფორმაციიის თანახმად, მიმწოდებელს 2014 წლის 1 დეკემბრამდე უნდა დაესრულებინა 329 161,27 ლარის ღირებულების სამუშაო, რაც ვერ განხორციელდა. ხელშეკრულების 9.2 პუნქტით, პირველი ეტაპისთვის განკუთვნილი სამუშაოს 2014 წლის 1 დეკემბრამდე დაუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირველი ეტაპისათვის გათვალისწინებული დაუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,5%-ის ოდენობით, რაც ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით შეადგენს 2 615,24 ლარს. გარდა აღნიშნულისა, მენარდეს ასევე ეკისრებოდა პირგასამტეხლო საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევისათვის 12 708,82 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2014 წლის 31 ივლისის ხელშეკრულება შედგენილი იყო არასრულყოფილად, დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვა და პროექტი არ ჩაჯდა მშენებლობისათვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთში. სამშენებლო მოედნის გათავისუფლება და მიმწოდებელზე გადაცემა განხორციელდა 25 დღის დაგვიანებით. კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა და პროექტი მენარდეს გადაეცა 59 დღის დაგვიანებით. შემკვეთმა დროულად ასევე ვერ უზრუნველყო 50 კილოვატი სამი ფაზა ელექტროენერგიის მოწოდება მშენებლობაზე. მოსარჩელემ თავად დაარღვია ხელშეკრულების პირობები, ხოლო მოპასუხე დროულად შეუდგა ვალდებულების შესრულებას, თუმცა, ვინაიდან მოედანზე იყო მსხვილგაბარიტიანი ხეები, მათი მოჭრის თანხმობა მოსარჩელემ მიიღო 14 დღის დაგვიანებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განსახორციელებლად გამოყოფილი მიწის ნაკვეთი არასაკმარისი იყო საპროექტო სამუშაოების განსახორციელებლად, რის თაობაზეც 2014 წლის 1 სექტემბერს ეცნობა. შემკვეთმა მიღებული შეტყობინების გადამოწმების შემდეგ უკან გაითხოვა პროექტი, ხარჯთაღრიცხვა და შეაჩერა ძირითადი კორპუსის დაწყებითი სამუშაოების წარმოება უზუსტობის დადგენა-აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად. დააზუსტა პროექტი და კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა მენარდემ მიიღო 59 დღის დაგვიანებით, შესაბამისად, სამუშაოების შესრულება მოსარჩელის ბრალით 84 დღის დაგვიანებით დაიწყო, ეს გარემოება კი, გამორიცხავს საჯარიმო სანქციების გამოყენების შესაძლებლობას. გარდა ამისა, 2014 წლის 22 დეკემბერს მენარდემ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მოითხოვა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების ანაზღაურება, რაც მოსარჩელემ განახორციელა თითქმის 48 დღის დაგვიანებით, ამ საფუძვლით შემოსავლების სამსახურმა ყადაღა დაადო მოპასუხის ანგარიშებს და დაარიცხა ჯარიმა, რაც მოწმობს იმ ფაქტს, რომ ვალდებულება არა მოპასუხემ, არამედ, მოსარჩელემ დაარღვია, ამასთანავე, მენარდემ სადავო გახადა პირგასამტეხლოს ოდენობა იმ დასაბუთებით, რომ მოთხოვნილი თანხა შეუსაბამოდ მაღალია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს _ 1 000 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემკვეთმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2014 წლის 31 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #... ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა შ-ის საჯარო სკოლის საპანსიონო კორპუსის მშენებლობის სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 822 146 ლარი, 6.2. პუნქტის თანახმად, სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან _ 2015 წლის 20 აგვისტომდე პერიოდი. 9.1. პუნქტის შესაბამისად, მენარდეს, ვალდებულების შესრულებლობის შემთხვევაში, ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,5% -ის ოდენობით;
1.2.2. 2014 წლის 11 აგვისტოს #... მიმართვით მენარდემ აცნობა შემკვეთს, რომ სამშენებლო სამუშაოები ვერ დაიწყო მრავალწლოვანი ფოთლოვანი ხე-მცენარეების გაჩეხვის აუცილებლობის გამო, რომელთა მოჭრა, სათანადო ნებართვის გარეშე, იყო შეუძლებელი, შესაბამისად, მოითხოვა სამშენებლო მოედნის გათავისუფლება, ასევე, 2014 წლის 1 სექტემბერს წერილობით აცნობა მოპასუხემ შემკვეთს, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში შესატანი იყო ცვლილებები, რადგანაც მშენებლობისათვის გამოყოფილი ნაკვეთის ფართი საკმარისი არ იყო სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად. პროექტი იქნა გათხოვილი და საბოლოოდ კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა და პროექტი დამტკიცდა 2014 წლის 17 ოქტომბერს;
1.2.3. 2014 წლის 17 ოქტომბერს ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილებები და შესრულების თანხა განისაზღვრა 793 602,99 ლარით. ხელშეკრულებით პირველი ეტაპისთვის განკუთვნილი სამუშაოს დასრულების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 1 დეკემბრამდე, მთლიანი სამუშაოების დასრულების ვადა _ 2015 წლის 20 აგვისტომდე, ხოლო, ხელშეკრულების მოქმედების ვადა _ 2015 წლის 1 დეკემბრამდე;
1.2.4. შესრულებულ სამუშაოებზე ფორმდებოდა შესაბამისი შესრულებულ სამუშაოთა მოცულობებისა და მიღება-ჩაბარების აქტები. შესრულებულ სამუშაოებზე პირველი მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2014 წლის 29 ოქტომბერს, ხოლო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი _ 2015 წლის 25 ნოემბერს, რომლის თანახმად მენარდემ ჩააბარა, ხოლო მოსარჩელემ მიიღო 769 544.02 ლარის ღირებულების სსიპ დაბა შ-ის საჯარო სკოლის საპანსიონო კორპუსის შენობის მშენებლობის შესრულებული სამუშაოები, თანახმად 2014 წლის 31 ივლისის #... ხელშეკრულებისა;
1.2.5. მოსარჩელის 2015 წლის 23 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადგინდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება. დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი ფარული სამუშაოების აქტების გათვალისწინებით, ხილული სამუშაოების აზომვის შედეგად დადგენილ მოცულობათა და წარმოდგენილ ფორმა #2-ებსა და ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებულ შესრულებულ სამუშაოთა შედარების საფუძველზე, მიღებული შედეგებით შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულებამ შეადგინა 761 284.02 ლარი, რაც წარმოდგენილ ფორმა #2-ზე 172,65 ლარით ნაკლები იყო;
1.2.6. 2015 წლის 24 ნოემბრის წერილით მოსარჩელემ აცნობა მოპასუხეს პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2015 წლის 20 აგვისტომდე, მაგრამ მენარდის მიერ საბოლოო ინფორმაცია დასრულებული სამუშაოების შესახებ წარდგენილ იქნა 2015 წლის 21 ოქტომბერს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო პალატამ ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად არასწორად მიიჩნია პირგასამტეხლოს სახით 1000 ლარის დაკისრება, ამ თვალსაზრისით სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა მის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის ის ფაქტი, რომ სამუშაოების დასრულების თაობაზე ინფორმაცია მოპასუხემ ორთვიანი ვადაგადაცილებით წარადგინა;
1.4.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, რამდენადაც: ა) პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულად მიჩნევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე; ბ) სასამართლო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რამაც გავლენა მოახდინა პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაზე. ამასთან, მხედველობაშია მისაღები: ა) ვალდებულების ხასიათი და მისი შესრულების მნიშვნელობა, როგორც ხელშეკრულების მხარეების, ასევე, მესამე პირებისათვის (საზოგადოებრივი სარგებელი); ბ) ვალდებულების დარღვევის გამომწვევი მიზეზები; გ) ხელშეკრულების მხარის (მხარეების) ბრალეულობა ვალდებულების დარღვევაში; დ) ვალდებულების დარღვევის გამო ხელშეკრულების მხარისათვის მოსალოდნელი, შესაძლო ზიანი.
1.4.3. სასამართლოს არ შეუფასებია მის მიერვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ 2014 წლის 17 ოქტომბერს ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებით ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა და განისაზღვრა 793 602,99 ლარით, რასაც ხელი უნდა შეეწყო მენარდისათვის სამუშაოების ვადის დაცვით წარმოებაში. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას შეფასებას საჭიროებდა ისიც, რომ ხელშეკრულება დაიდო აჭარის მაღალმთიანეთში საჯარო სკოლის საპანსიონო კორპუსის მშენებლობის მიზნით, რის გაჭიანურებას უშუალო ზიანი მოჰქონდა, როგორც ხელშეკრულების მხარისათვის (სამინისტრო), ასევე, უპირატესად, ბენეფიციარისათვის, რომლის სოციალური პირობების შემსუბუქებასა და განათლების უფლების ხელმისაწვდომობას ემსახურებოდა ხელშეკრულების ჯეროვანი, დროული შესრულება.
1.4.4. საყურადღებოა, რომ სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეიძლება იმგვარად განისაზღვროს, რომ თავის თავში მოიცავდეს ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის კომპენსაციას და აღემატებოდეს კიდევაც მას. სწორედ ამიტომ საქმის გარემოებებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობის შეფასებისას, იმისათვის, რათა არ მოხდეს აღრევა კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტთან, რაც განსახილველ შემთხვევაში მოხდა;
1.4.5. სააპელაციო ინსტანციამ შეფასების გარეშე დატოვა ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით გონივრულად მიიჩნევა არანაკლებ 0,06% ოდენობის პირგასამტეხლო.
1.5. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მარეგულირებელ სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი წარმოადგენს, რომელიც, როგორც ორმხრივად მავალდებულებელი, ხელშეკრულების თითოეულ მხარეს უდგენს მოვალეობათა კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულებას, თავის მხრივ, უდავოა, რომ ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაზე _ პირგასამტეხლოს გადახდაზე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში (სკ-ის 417-ე მუხლი). პირგასამტეხლოს ოდენობა, მიუხედავად სახელშეკრუელებო თავისუფლების პრინციპის გამოყენებისა, შემოწმებას ექვემდებარება და იგი იმგვარი სიკეთეების პროპორციულობით ფასდება, როგორიცაა: მხარეთა მდგომარეობა ხელშეკრულების დადებისას, ვალდებულების დარღვევის ხასიათი, დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის მნიშვნელობა, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და ვალდებულების დარღვევის შედეგად დაზარალებული პირის ინტერესების პროპორციულობა დარღვევის ხასიათთან. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მენარდემ ვალდებულება შეასრულა, ამ შესრულების მიმართ შემკვეთს პრეტენზია არ გამოუთქვამს, ამასთანავე, დასაბუთებული შედავება არ არის წარმოდგენილი იმის თაობაზე, რომ ვადაგადაცილებით არსებითი ხასიათის ზიანი მიადგა მოსარჩელის ინტერესებს, შესაბამისად, პალატა თვლის, რომ ვალდებულების დარღვევისა და ამ დარღვევაში მენარდის ბრალის ხარისხის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია პირგასამტეხლოს სახით 1 000 ლარის დაკისრება კრედიტორის ინტერესების დაცვის პროპორციულად. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ იმისათვის, რათა პირგასამტეხლომ არ დაკარგოს საკუთარი ფუნქცია, ხოლო სამოქალაქო ურთიერთობა არ გასცდეს მხარეთა თანასწორობის პრინციპს, მიზანშეწონილია, სასამართლომ სამართლიანობაზე დაყრდნობით შეაფასოს შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა, ამ მხრივ, სააპელაციო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები სამოქალაქო კოდექსის 417-ე, ასევე, 420-ე მუხლების თაობაზე, სრულ შესაბამისობაშია საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკასთან, ხოლო კასატორის მტკიცება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოდ განიხილება 0,06%, მცდარია და არ გამომდინარეობს თავად ერთგვაროვანი პრაქტიკის ანალიზიდან. ამასთანავე, უდავოა, რომ კასატორი, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, კეთილსინდისიერების პრინციპით უნდა მოქმედებს და მიუხედავად სამოქალაქო ურთიერთობებში მისი კერძო სამართლის სუბიექტებთან უფლებრივი გათანაბრებისა, მას მაღალი ხარისხით ეკისრება კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტის დაცვა, აღნიშნული თავისთავად მოიცავს როგორც სახელშეკრულებო, ისე _ წინასახელშეკრულებო პერიოდს, რადგანაც სამინისტრომ, როგორც შემკვეთმა, მისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილება არ შეიძლება გამოიყენოს გადამეტებით, არამედ, მას მართებს მეორე მხარის უფლებებისა და ქონების მიმართ გულისხმიერი დამოკიდებულება. ამ მხრივ, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის ნორმებს (სკ-ის 115-ე და 316-ე (2) მუხლები).
1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (იხ. მაგ: სუსგ №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი), რომლისგანაც არ განსხვავდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, კასატორი კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცველად დატოვების თოაბაზე. კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
2.1. საკასაციო საჩივრის პასუხად მოწინააღმდეგე მხარემ წერილობით მომართა სასამართლოს და წარმოადგინა მტკიცებულებები.
2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, კერძოდ, ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შუამდგომლობის გაზიარების საფუძველი, შესაბამისად, მის ავტორს უნდა დაუბრუნდეს #ა-1410-17 მოსაზრებაზე დართული მტკიცებულებები 11 (თერთმეტი) ფურცლად.
3. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. შპს „გ-ას“ დაუბრუნდეს #ა-1410-17 მოსაზრებაზე (საკასაციო პასუხზე) დართული მტკიცებულებები 11 (თერთმეტი) ფურცლად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური