Facebook Twitter

საქმე №ას-408-381-2017 30 ივნისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს მოკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ი, მ. თ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება _ დაუსწრებელი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების _ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დამაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „ბ-მა“ (უფლებამონაცვლე სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ-ი“, იხ. საკასაციო სასამართლოს 13.04.2017წ. განჩინება, შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან გამსესხებელი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. მ-ისა და მ. თ-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, მოწინააღმდეგე მხარეები ან სოლიდარული მოვალეები, მ.მ-ი ასევე წოდებული, როგორც მსესხებელი, ხოლო მ.თ-ე _ სოლიდარული თავდები) მიმართ მოპასუხებისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებისა და ზიანის (მიუღებელი შემოსავლის) ანაზღაურების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 22 იანვარს #... ხელშეკრულებით მ. მ-მა მოსარჩელისგან მიიღო სესხი - 590 ლარი, 60 დღის ვადით. სესხის სარგებლობაზე დღიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0,530%-ით. სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ თანხას ემატებოდა პირგასამტეხლო, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა გადაუხდელი თანხის 0.5%-ს. პირველი ვადაგადაცილება დაფიქსირდა 2015 წლის 25 იანვარს და პირგასამტეხლოს დარიცხვა დაიწყო 2015 წლის 26 იანვრიდან. სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია 2015 წლის 22 იანვარს მ. თ-ესთან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრება 10 000 ლარის ოდენობით. მსესხებელმა ვალდებულება არ შეასრულა და 2015 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს 1 761.21 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხა 548.46 ლარია, სარგებელი _ 578.56 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო _ 634.19 ლარი. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხეებისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება, ძირი თანხის _ 548.46 ლარის 0.530%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2.9069 ლარს, ასევე, მოპასუხეთათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის სოლიდარულად დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია:

სარჩელის წინააღმდეგ მოპასუხეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ, საქმის განხილვის თაობაზე კი, ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით/გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს გამსესხებლის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1 426,56 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირ თანხას 548,46 ლარი, სარგებელს _ 578,56 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს _ 300 ლარი წარმოადგენდა, ამ ვალდებულების შესრულებაში სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა არა უმეტეს 10 000 ლარისა, მათვე გამსესხებლის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე სესხის ძირი თანხის _ 548,46 ლარის წლიური 10%-ის გადახდა. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისათვის ზიანის სახით სესხის ძირი თანხის _ 548,46 ლარის 0,530%-ის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის _ 47,61 ლარის ანაზღაურება, ხოლო, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟის ნაწილი _ 32,17 ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გამსესხებელმა, მოითხოვა მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეებისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად სესხის ძირი თანხის _ 548,46 ლარის 0,530%-ის დაკისრება (დღეში 2,9069 ლარი).

5. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით/დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს გამსესხებლის სასარგებლოდ, ზიანის სახით დაეკისრათ სესხის ძირი თანხის _ 548,46 ლარის 9%-ის, ხოლო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ _ 117,75 ლარის გადახდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ (სარეზოლუციო ნაწილის მე-4, მე-5, მე-6 პუნქტები) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეებისათვის სესხის ძირი თანხის _ 548,46 ლარის 0,530%-ის ყოველდღიურად დაკისრება სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (რაც ყოველდღიურად შეადგენს 2,9069 ლარს).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია არა იმ მხარის მიერ, რომლის წინააღმდეგაცაა იგი გამოტანილი სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო (დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაწილში), არამედ იმ მხარის მიერ, რომელიც გამოცხადდა სხდომაზე, თუმცა, სასამართლომ ჩათვალა, რომ კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას (სსსკ-ის 230.2 მუხლი), შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე (5) მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა არ არსებობს. თავად გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება კი, ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

1.2.1. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის განჩინებით გამსესხებლის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რომელიც დანიშნული იყო 2017 წლის 17 იანვარს, 12:00 საათზე, არ გამოცხადდნენ მოწინააღმდეგე მხარეები, რომლებიც საქმის განხილვაზე მიწვეული იყვნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამასთან, მათ სასამართლოსათვის არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი უცნობებიათ. ამ ფაქტის გამო აპელანტის წარმომადგენელმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება;

1.2.2. მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დადატურებულად იქნა მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ თანხის დაუბრუნებლობით აპელანტს ადგება ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, თუმცა, პალატის დასკვნით, მის მიერ მოთხოვნილი ოდენობა არ მომდინარეობს სამართლის ნორმებიდან: სესხის ძირითადი თანხის - 548.46 ლარის 0.530% ბევრად აღემატება ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს (რომელიც შეადგენს 9%-ს, ხოლო მოთხოვნილი თანხა თითქმის სესხის წლიური 120%-ია). სასამართლო პრაქტიკისათვის ფაქტობრივად უცნობია მხარეთა შეთანხმება სარგებლის მსგავს ოდენობაზე როგორც ბანკებთან, ასევე, მიკროსაფინანსო ან ფიზიკურ პირებს შორის დადებულ ხელშეკრულებებში. შესაბამისად, თანხის მსგავს ოდენობას მხარე ვერ მიიღებდა ვერც სარგებლის და ვერც პირგასამტეხლოს სახით. სასამართლოს ყოველთვის შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეეხება სარგებელს, სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი ბათილია, ამდენად, არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეებისათვის სესხის ძირი თანხის მხოლოდ წლიური 9%-ის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რამდენადაც სასამართლო ვერ მიუთითებს პროცენტის ნაწილში გარიგების ბათილობის სამართლებრივ საფუძველზე. მხარეთა შორის შეთანხმებული სესხის ყოველდღიური სარგებელი შეადგენდა ძირი თანხის 0,530%-ს, შესაბამისად, მოსარჩელე, სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, სწორედ ამ ოდენობით ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა, რამდენადაც მისი ძირითადი ბიზნესსაქმიანობა ფულის გასესხება და ამ გზით შემოსავლის მიღებაა. მოპასუხეების მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამსესხებელი ამ თანხას კვლავ სესხად გასცემდა და მიიღებდა ამავე ოდენობით საპროცენტო სარგებელს. სააპელაციო პალატამ კი, უსაფუძვლოდ მიიჩნია შეთანხმება ბათილად სარგებლის ნაწილში, მით უფრო რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ უსარგებლია პროცესუალური უფლებით, შედავებოდა სასარჩელო მოთხოვნას;

1.4.2. მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, რომელსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ეცნობა საქმის განხილვის თაობზე, ამავე კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, დადგენილად მიიჩნევა გამსესხებლის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებიც იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას. შედავების არარსებობის გამო, სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა დისკრეცია, ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით;

1.4.3. მოცემულ შემთხვევაში, არსებობს მიუღებელი შემოსავლის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებისა და, შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხეებისათვის სრულად დაკისრების საფუძველი.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები. საკასაციო პრეტენზიებთან მიმართებით პალატა დაატებით განმარტავს შემდეგს:

1.5.1. მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის კონტექსტში (სსსკ-ის 387-ე მუხლი) დადგენილად მიიჩნევა დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს არა მხარის მოსაზრებებს, არამედ, იურიდიული მნიშვნელობის მქონე იმ ფაქტებს, რომლებიც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას ქმნიან, რაც შეეხება ამა თუ იმ მოსაზრებას, რომელსაც მხარე ავითარებს, ისინი სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, რა დროსაც საქმის განმხილველი შემადგენლობა ამოწმებს ამ ფაქტებს მატერიალური სამართლის დანაწესებთან მიმართებით. თავის მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ მართლმსაჯულების აქტი, მიუხედავად იმისა, იგი მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპითაა მიღებული თუ ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობის შედეგად, ყოველთვის უნდა ემყარებოდეს მატერიალური სამართლის ნორმას. საქმის განხილვაზე ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობა, თუნდაც ეს არასაპატიო მიზეზით იყოს განპირობებული, სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილებისას, გადაწყვეტილებას მხოლოდ სამართლებრივი სანქციის ფუნქცია შესძინოს და იურიდიული შეფასების გარეშე დააკმაყოფილოს გამოცხადებული მხარის ყველა პრეტენზია. სწორედ ამგვარი თვითნებობის თავიდან აცილებას ემსახურება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმა.

1.5.2. საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატა მიიჩნევს, რომ ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ზიანის, როგორც აბსტრაქტული (ანაცდენი) მოგების ცნება და სახელშეკრულებო შეთანხმება ზიანის ანაზღაურებაზე, რომელთაგან პირველს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, ხოლო, მეორეს _ 403-ე მუხლი არეგულირებს. საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკით დადგენილია, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. რაც შეეხება 403-ე მუხლს, მისი ანალიზი ცხადყოფს, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე (№ას-1701-1685-2011, 22 ოქტომბერი, 2012 წელი). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის ფარგლებში მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა საზოგადოებაში დამკვიდრებული მორალური სტანდარტებით, ნებისმიერი საშუალო წინდახედულების მქონე პირის შესაძლებლობით, გათვალოს, როგორ საკუთარი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგები, ისე _ ქვეყანაში არსებული ფულადი მიმოქცევის საშუალო, გონივრული ოდენობა და ვინაიდან მხარის მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღემატებოდა ამ ოდენობას, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, სწორად მიიჩნია იგი ამორალურად. პალატა დამატებით მოიხმობს მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და კასატორი [სარგებლის მიმღები] მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი კასატორს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დებულება, რომლითაც კასატორმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ, როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით, უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე“ (იხ. სუსგ №ას-663-629-2015, 28 ივლისი 2015 წელი).

1.5.3. რაც შეეხება სახელმწოფო ბაჟის საკითხზე კასატორის პრეტენზიას, პალატა მასზე აღარ მსჯელობს, რადგანაც არ არსებობს მხარეთა შორის ამ თანხის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.

1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც, როგორც მიუღებელი შემოსავლის დაკისრების, ისე _ სესხის პროცენტის ოდენობის განსაზღვრის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თოაბაზე, ხოლო, კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 06.03.2017წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ-ს“ (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 06.03.2017წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი