№ას-196-183-2015 24 დეკემბერი, 2015 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/ მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „რ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ. ყ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ავტოსატრანსპორტო საშუალება ,,ვოლვო“ ვინკოდით ..., ტრანზიტული ნომრით ... (შემდეგში ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადავო ავტომანქანა) 2012 წლის 24 მაისიდან 2014 წლის 14 მაისამდე ეყენა (განთავსებული იყო) შპს „რ-ის“ ტერიტორიაზე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საწარმო, კომპანია, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი), რომელიც საბაჟო კონტროლის ზონაში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე საქმიანობს. კომპანიის ტერიტორიაზე ავტომობილის დაყენების პერიოდში ავტომობილის მფლობელს არ ეკისრება ავტომობილის საბაჟო დეკლარირების ვალდებულება.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებას არ გაუვლია სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2014 წლის 14 მაისს იგი სამართალდამცველმა ორგანოებმა ამოიღეს.
3. 2014 წლის 2 ივნისს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა გ. ყ-ის (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ, 3900 ლარის დაკისრების მოთხოვნით. იგი ამტკიცებდა, რომ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რა დროსაც ავტომობილი მის ტერიტორიაზე იდგა, მოსარჩელე მოპასუხეს პარკირების მომსახურებას უწევდა. ამის თაობაზე ავტომანქანის მფლობელისათვის ცნობილი იყო, ვინაიდან ტერიტორია შემოსაზღვრულია სპეციალური ნიშნულებით, სადაც მითითებულია, რომ ეს ტერიტორია წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას და ხდება პარკირების მომსახურების გაწევა. ამასთან, მოპასუხემ რამდენჯერმე გადაიხადა მომსახურების საფასური, თუმცა შემდეგ შეწყვიტა გადახდა, რის გამოც დავალიანებამ 3 900 ლარი შეადგინა.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა მოთხოვნის წარმოშობის დამაბრკოლებელი შესაგებელი და განმარტა, რომ სასარჩელო განცხადებისა და თანდართული დოკუმენტებიდან არ დგინდებოდა, ვისთან დადო მოსარჩელემ გარიგება ან/და ვინ არის ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე. ამასთან, მოპასუხის მითითებით, ტერმინალსა და საწყობშიც საქონლის განთავსების მაქსიმალური ვადა 90 დღეა და არა - ორი წელი.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5.1. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 50-ე, 115-ე, 158.1, 316.1, 317.1, 319.1, 327.1, 780-ე, 781-ე მუხლები და დაასკვნა, რომ მოპასუხეს სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება საბაჟო კონტროლის ზონაში არ მიუბარებია და მხარეთა შორის არ არსებობდა მიბარების სამართლებრივი ურთიერთობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო თავისი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარადგინა მხარეთა შორის მიბარების ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ელექტრონული საბაჟო ტერმინალის სისტემიდან“ ამოღებულ მონაცემებთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ იგი ადასტურებდა მხოლოდ სადავო ავტომანქანის საბაჟო ტერმინალში შემოსვლისა და გასვლის თარიღს, სადგომზე დგომის დღეთა რაოდენობას. ამ მტკიცებულებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ მხარეთა შორის დაიდო ნარდობის, სასამართლოს მოსაზრებით კი, მიბარების ხელშეკრულება, რაც წარმოშობდა მოპასუხის ვალდებულებას თანხის ანაზღაურების თაობაზე. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ აღნიშნულ დოკუმენტში ავტომანქანის მფლობელად მითითებულია არა მოპასუხე, არამედ სხვა პირი. იგივე დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ე.წ. „გამოცხადების“ შინაარსიდანაც.
5.2. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მომსახურების გადახდის ქვითრებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ისინი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდებოდა, ვინაიდან მოპასუხე არ იყო ავტომანქანის მფლობელი, მოსარჩელეს არ წარუდგენია მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულება და იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ავტომანქანა საბაჟო კონტროლის ზონაში უშუალოდ მოპასუხემ შეიყვანა. უფრო მეტიც, ავტომანქანა ამოღებული იყო პროკურატურის (პოლიციის) მიერ, შესაბამისად, გაურკვეველი იყო, თუ რა დანიშნულებით და ვინ შეიყვანა ავტომანქანა საბაჟო კონტროლის ზონაში.
6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. მოპასუხის მიერ მომსახურების საფასურის რამდენიმეჯერ გადახდა ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მას აღნიშნული ვალდებულება წარმოეშვა ზეპირი ფორმით დადებული ნარდობიდან გამომდინარე. მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის არსებობის პირობებში, მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა, რისთვის გადაიხადა ეს თანხა და რატომ არ შეასრულა სრულად და ჯეროვნად ვალდებულება.
6.2. აპელანტის განმარტებით, „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ელექტრონული საბაჟო ტერმინალის სისტემიდან“ ამონაწერში მფლობელად მითითებული პირი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ გარეშე მესამე პირს. მან მინდობილობის საფუძველზე გამოიყვანა ავტომობილი ფოთის პორტიდან და როგორც მაშინდელი ფაქტობრივი მჭერი პროგრამაში აღირიცხა როგორც მფლობელი. იგი მოპასუხის სასარგებლოდ ახორციელებდა ნივთზე ბატონობას.
6.3. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ წარადგინა შემოსავლების სამსახურის შეტყობინება, სადაც მფლობელად მითითებულია მოპასუხე, ასევე, წარმოდგენილია მოპასუხის პირადობის ასლი.
6.4. აპელანტის განმარტებით, მის მიერ წარდგენილ მტკიცებულებაში, ე.წ. „გამოცხადებაში“ მითითებულია მომსახურების ტარიფი, შესაბამისად, მოპასუხისათვის ხელშეკრულების არსებითი პირობა - ფასი ცნობილი იყო. ამასთან, დამონტაჟებული ბანერების საფუძველზე მოპასუხისათვის აღქმადი იყო ის პირობა, რომ ე.წ. ღია მოედანზე ავტომანქანის გაჩერება ფასიანია.
6.5 სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ მოპასუხე არ იყო ავტომანქანის მფლობელი. აპელანტი მიიჩნევს, რომ, თუ მოწინააღმდეგე მხარე არასათანადო მოპასუხე იყო, მაშინ სასამართლოს იგი სათანადო მოპასუხით უნდა შეეცვალა.
6.6. სასამართლოს ერთმანეთისგან უნდა გაემიჯნა მიბარებისა და ნარდობის ხელშეკრულებები, ხოლო, თუ მითითებულ ხელშეკრულებას სასაწყობო მიბარების ხელშეკრულებად აკვალიფიცირებდა, გასათვალისწინებელი იყო, რომ იგი ყოველთვის სასყიდლიანია. აპელანტი ასევე მიუთითებდა, რომ ავტომანქანის მფლობელის მიზანი იყო არა მისი შენახვა, არამედ სავალდებულო დეკლარირებისათვის თავის არიდება. მიბარების ხელშეკრულება ნიშნავს ნივთზე კონტროლის დაწესებას შემნახველის მიერ. მოცემულ შემთხვევაში კი, საწარმო ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას არ იღებდა ნივთის დაზიანების შემთხვევაში. კომპანიამ კონტრაჰენტს მხოლოდ ადგილი გამოუყო ე.წ. ღია მოედანზე ავტომანქანის გასაჩერებლად, რათა მას თავი აერიდებინა სავალდებულო საბაჟო დეკლარირებისათვის. ამდენად, აპელანტი მიიჩნევდა, რომ აღნიშნული მომსახურება არა მიბარება, არამედ ნარდობა იყო.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომელიც მითითებულია წინამდებარე განჩინების 5.1-5.2 პუნქტებში და დაასკვნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, მოსარჩელის მიერ მოპასუხის ავტომანქანის შესანახად მიღების ფაქტი, მასთან ხელშეკრულების დადება და შესაბამისი ვალდებულებების წარმოშობის ფაქტი. მოსარჩელემ ვერ წარადგინა სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად, უსაფუძვლო იყო მისი მოთხოვნა მოპასუხის მიმართ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.
8. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულად არ არის შესწავლილი და გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ არ შეაფასა შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული შეტყობინება, სადაც ავტომობილის მფლობელად/მესაკუთრედ მოპასუხეა მითითებული, ასევე - პარკირების მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლომ არ დაუკავშირა უდავო ფაქტს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება მოსარჩელის ტერიტორიაზე იდგა.
8.2. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს დასკვნას, რომ საქმის მასალებით მხარეთა შორის ხელშეკრულების პირობების შეთანხმება არ დგინდებოდა. იგი უთითებს სსკ-ის 764-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, როდესაც შემნახველი შენახვას ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, საზღაური დუმილითაც შეთანხმებულად ჩაითვლება. ამდენად, თუ სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ურთიერთობა მიბარების ხელშეკრულება იყო, ამასთან, უდავოდ დადგენილი ფაქტია, რომ ავტომანქანა მოსარჩელის ტერიტორიაზე იდგა, საზღაური დუმილითაც შეთანხმებულად უნდა ჩაეთვალა.
8.3. რაც შეეხება მოპასუხის სათანადოობას, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა თავისი დისკრეცია და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოეთხოვა შესაბამისი ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურიდან. სასამართლომ კი დაარღვია მხარეთა თანასწორობის პრინციპი და არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა შემოსავლების სამსახურის N06898663 შეტყობინების გამოთხოვის თაობაზე, რომელშიც მითითებულია ნივთის მფლობელი/მესაკუთრე, რომელმაც ტვირთი საბაჟო რეჟიმში უნდა მოაქციოს. ამდენად, კასატორის მითითებით, უდავოა, რომ მოპასუხემ გადაიხადა პარკირების საფასური, ამავე დროს იგი ნივთის მფლობელია, შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულების პირობები და ფაქტი, რომ ფულადი ვალდებულება შესასრულებელია.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებების შეჯერებისა და გაანალიზების, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიდის იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგი მოტივაციით:
11. სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა მტკიცების საგანში შემავალი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტი (სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი), ამის შედეგად სააპელაციო საჩივარი საკმარისი არგუმენტაციის გარეშე იქნა უარყოფილი.
12. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);
13. მოცემულ შემთხვევაში, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ავტომანქანა განთავსებული იყო კომპანიის მფლობელობაში არსებულ სადგომზე, მოსარჩელის მოთხოვნა კი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ანაზღაურებაა. თავად ხელშეკრულება, მისი არსიდან გამომდინარე, ყველაზე ახლოს დგას მიბარების ხელშეკრულების შინაარსთან. სადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების განთავსების ძირითადი მიზანი მფლობელისათვის ის იყო, რომ ტერმინალის ტერიტორიაზე ავტომობილის ყოფნის პერიოდში ავტომობილის მფლობელს არ დაჰკისრებოდა ავტომობილის საბაჟო დეკლარირების ვალდებულება. რაც შეეხება, მოსარჩელის მიერ მფლობელებისგან ავტომანქანის მიღებასა და განთავსებას დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ავტომანქანები ჩერდება კლიენტის მიერ შესაბამისი საფასურის გადახდის საფუძველზე, უკავშირდებოდა მისი ვალდებულება, უზრუნველეყო ნივთის დაცვა და შენახვის სათანადო პირობები (შდრ. სუსგ 03.02.2014, ას-884-842-2013).
14. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ აღნიშნული ნარდობის ხელშეკრულებაა და მიუთითებს სსკ-ის 629-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ძირითადი პრინციპი - მენარდის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარკვეული სამუშაოს შესრულება. მოცემულ ურთიერთობაში კი, არ იკვეთება ნარდობისათვის დამახასიათებელი ისეთი უმთავრესი წინაპირობა, როგორიცაა, მენარდის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება და მისი შედეგის მიღება შემკვეთის მიერ. მოსარჩელის ვალდებულება, დღიური ქირის სანაცვლოდ, შემოიფარგლებოდა ავტომანქანისათვის ადგილის გამოყოფითა და შენახვით, რაც ყველაზე ახლოს მიბარების ხელშეკრულებასთან დგას.
15. მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს წარმოადგენს თუ არა მოპასუხე ავტომანქანის მფლობელს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე არ იყო სადავო ავტომანქანის მფლობელი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ მხრივ გასაჩივრებული განჩინების დასკვნები არ ემყარება საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულყოფილ კვლევას, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ამ გარემოების დადგენის მიზნით, გამსაზღვრელია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის შეტყობინება (ტ.1, ს.ფ. 18), რომელიც სწორედ მოპასუხის სახელზეა გაცემული და განუსაზღვრავს მას დეკლარაციით გადასახდელ თანხას - მომსახურების საფასურსა და თანხის გადახდის ბოლო ვადას. შეტყობინებას თან ახლავს მოპასუხის პირადობის მოწმობის ასლიც. აღნიშნული მტკიცებულება არ არის შედავებული მოპასუხის მიერ და არ არის წარმოდგენილი მისი გამაქარწყლებელი რაიმე საპირისპირო მტკიცებულება. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ეს ოფიციალური დოკუმენტი სამართლებრივად შესაფასებელია, ვინაიდან, მართალია, მასში მოპასუხე პირდაპირ მფლობელად არ არის მოხსენიებული, თუმცა იძლევა მთავარ სადავო გარემოებაზე შესაბამისი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას.
16. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარადგინა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, სადაც ავტომანქანის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებთან ერთად მითითებულია სადგომის დასახელება, სადგომის ნომერი და მისი საფასური. მოსარჩელის აღნიშნულ პირობას რომ მოპასუხე დაეთანხმა, დასტურდება მის მიერ მომსახურების საფასურის გადახდით (ტ. 1, ს.ფ. 20-23, ტ. 2, ს.ფ. 36). საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოებები წარმოადგენს ხელშეკრულების იმ არსებით პირობებს, რომელთა შესრულებაც ხელშეკრულების მხარეთა ნამდვილი ნებიდან გამომდინარეობდა და რამაც განაპირობა სწორედ ამგვარი ხელშეკრულების დადება, თანახმად სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილისა. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ავტომანქანა შევიდა მოსარჩელის ტერიტორიაზე, მოპასუხემ რამდენჯერმე გადაიხადა მომსახურების საფასური, ნიშნავს იმას, რომ იგი დაეთანხმა მოსარჩელის მიერ დადგენილ მომსახურების გაწევის პირობებს. ამ კუთხით საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დარღვევით, ყოველმხრივ და სრულად არ გამოიკვლია საქმის მასალები.
აქვე საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სსკ-ის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის მიხედვითაც, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე კი, მოპასუხეს ეკისრება ვალდებულების არსებობის გაქარწყლების ვალდებულება, რაც სასამართლოს სათანადოდ არ გამოუკვლევია.
17. თუ საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ სასამართლო დაადგენს, რომ მოპასუხე არ წარმოადგენდა ავტომანქანის იურიდიულ მფლობელს და ის მოქმედებდა ამ პირის სახელით წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არ არსებობის პირობებში, მაშინ სასამართლომ უნდა შეამოწმოს ხომ არ არის განხორციელებული სსკ-ის 104-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები და აქედან გამომდინარე, მოპასუხე ხომ არ აგებს პასუხს მოსარჩელის წინაშე (2. თუ გარიგება დადებულია სხვა პირის სახელით, მაშინ წარმომადგენლობითი უფლების არარსებობა არ შეიძლება გამოიყენოს გარიგების მეორე მხარემ, თუკი წარმოდგენილმა ისეთი გარემოებები შექმნა, რომ გარიგების მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა.
3. თუ გარიგების დადებისას წარმომადგენელი არ მიუთითებს თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, მაშინ გარიგება წარმოშობს შედეგებს უშუალოდ წარმოდგენილი პირისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარეს უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა მეორე მხარისათვის სულ ერთია, ვისთან დადებს გარიგებას).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველმა სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა-არარსებობის დასადგენად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის შეტყობინება უნდა გამოიკვლიოს, შეაფასოს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განაწილების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება.
19. სსსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, ამავე ნორმის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების არასაკმარისი იურიდიული დაუსაბუთებლობის გამო.
20. გამომდინარე იქიდან, რომ საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად დაადგინოს ახალი ფაქტები და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები, მოდავე მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მართებულ შეფასებას კი არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, აღნიშნული წარმოადგენს საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „რ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.თოდუა
მოსამართლეები: პ.ქათამაძე
ე.გასიტაშვილი