საქმე № 080210016001484959
საქმე №ას-10-10-2018 31 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ნ.-ა“ (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.-ი“ (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „ს.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ გაწეული მომსახურების ღირებულების გადაუხდელი დავალიანების – 29400 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს გაუწია მომსახურება მძიმე ტექნიკის მეშვეობით, რისი ღირებულებაც მხარეს არ გადაუხდია.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გაწეული მომსახურების ღირებულებას იხდიდა თანხის შესაბამისი პირისათვის ხელზე გადაცემის გზით. ამდენად, მას დავალიანება არ გააჩნია და სადავო თანხა სრულად გადახდილი აქვს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 29 400 ლარის ანაზღაურება, რაც მოპასუხე გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე მუხლით, 387-ე მუხლის პირველი ნაწილით, 229-ე მუხლის მეორე ნაწილითა და მიუთითა, რომ მოცემული საქმის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 11 დეკემბერს, 11:00 საათზე, რის თაობაზე მხარეები გაფრთხილებულნი იქნენ კანონით დადგენილი წესით. აპელანტის წარმომადგენელს (მინდობილობა იხ: ს.ფ. 36) სხდომის თაობაზე ეცნობა სასამართლო უწყებით, რომელიც ჩაბარდა 2017 წლის 27 ნოემბერს პირადად.
7. 2017 წლის 11 დეკემბერს, 11:00 საათზე სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, არამედ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
8. აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა დადასტურებული არ არის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
9. სააპელაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი – 1176 ლარი, მაგრამ ვინაიდან სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მოხდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა აპელანტს არ აუნაზღაურდება.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
11. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოსათვის ცნობილი იყო სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით, რომ აპელანტი ვერ ახერხებდა საქმის განხილვაზე გამოცხადებას. რიკოთის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო, 2017 წლის 11 დეკემბერს გზა გაიხსნა მხოლოდ 14:55 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემული საქმის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 11 დეკემბერს, 11:00 საათზე, რის თაობაზე მხარეები გაფრთხილებულნი იქნენ კანონით დადგენილი წესით. აპელანტის წარმომადგენელს (შესაბამისი მინდობილობა წარმოდგენილია ს.ფ. 36-ზე) სხდომის თაობაზე ეცნობა სასამართლო უწყებით, რომელიც ჩაბარდა 2017 წლის 27 ნოემბერს პირადად. (ს.ფ. 134)
14. 2017 წლის 11 დეკემბერს, 11:00 საათზე სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, არამედ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
15. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
16. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
17. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
18. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე განუხილველად დატოვებს სააპელაციო საჩივარს.
19. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ყველა ელემენტი, კერძოდ: 1. აპელანტი სასამართლო სხდომაზე მიწვეულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით; 2. მხარის გამოუცხადებლობა მიჩნეულ იქნა არასაპატიოდ; 3. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
20. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ აპელანტის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სხდომის დღეს რიკოთის უღელტეხილზე არსებული დიდთოვლობით.
21. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
22. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
23. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს. ამასთან, აღნიშნული მიზეზი უნდა ადასტურებდეს სადავო საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის ობიექტურ შეუძლებლობას.
24. შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი ნორმა ავალდებულებდა აპელანტ მხარეს, წარმოედგინა მის მიერ მითითებული, სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის დროულად შეტყობინების ამსახველი მტკიცებულება, რაც მას არ განუხორციელებია. მხოლოდ კერძო საჩივრის ავტორის განმარტება, რომ მხარე ვერ დაესწრო პროცესს გზაზე არსებული დიდთოვლობის გამო, ვერ შეფასდება სადავო საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად.
25. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას საქმის განხილვისათვის სხდომის დანიშვნის შესახებ და განმარტავს, რომ საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა და განპირობებულია ყოველი კონკრეტული დავის თავისებურებებით.
26. მხარეს განემარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე განხილულ უნდა იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
27. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მას სურვილი აქვს, სხდომაზე წარმოადგინოს მტკიცებულებები, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულის განხორციელება შეუზღუდავად შესაძლებელი იყო საქმის ზეპირი განხილვის გარეშეც.
28. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ნ.-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე