საქმე №010298817700047884
საქმე №ას-67-67-2018 31 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – სს „კ.-ა“ (განმცხადებელი)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ.–ი, გ. ლ.-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
განმცხადებლის მოთხოვნა:
1. სს „კ.-ამ“ (შემდგომში – განმცხადებელი) განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა, გ. ლ.-ისა (შემდგომში – თავდები საარბიტრაჟო მოპასუხეები) და გ. მ.–ის (შემდგომში – მსესხებელი საარბიტრაჟო მოპასუხეები) მიმართ აღძრული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, აეკრძალოს ამ უკანასკნელს მის საკუთრებაში არსებული ავტომობილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, აღნიშნული ავტომობილი დაკავებულ იქნას, დაილუქოს და გადაყვანილ იქნას დაცულ ტერიტორიაზე. ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 195-ე მუხლის შესაბამისად, საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გაიცეს სააღსრულებო ფურცელი მისი დაუყოვნებლივ აღსრულების მიზნით.
2. განმცხადებელმა განმარტა, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეებს გააჩნიათ სასესხო დავალიანება მის მიმართ. ბოლო პერიოდში მსესხებელმა მოპასუხემ დაარღვია გადახდის გრაფიკი და არ გადაიხადა სარგებელი. მოვალეების ქონებრივი მდგომარეობა გაუარესდა, შესაბამისად, იქმნება საფრთხე, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელემ, იგივე განმცხადებელმა, ვერ მოახდინოს მის სასარგებლოდ მიღებული სამომავლო გადაწყვეტილების აღსრულება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თავდებ საარბიტრაჟო მოპასუხეს აეკრძალა მის სახელზე რიცხული ავტომანქანის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, რაც განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში განმცხადებელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
4. საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სადავო ავტომობილი მოვალეთა ერთადერთი ქონებაა, რომლიდანაც შესაძლებელია მატერიალური უფლების დაკმაყოფილება, შესაბამისად, აუცილებელია მისი დაკავება, დალუქვა და დაცულ ტერიტორიაზე გადაყვანა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ განმცხადებლის ინტერესების დასაცავად სრულიად საკმარისია მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის გასხვისებიდა იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით.
9. ამდენად, სასამართლო წარმოდგენილ საჩივარზე იმსჯელებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა დაცვით, კერძოდ, 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით კი, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
10. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
11. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის (მათ შორის საარბიტრაჟო სარჩელის) უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
12. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
13. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
14. მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თავდებ საარბიტრაჟო მოპასუხეს აეკრძალა მის სახელზე რიცხული ავტომანქანის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
15. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით დაწესდა საარბიტრაჟო მოსარჩელის კანონიერი ინტერესების უზრუნველყოფის გონივრული ფარგლები. მოვალე ვერ შეძლებს უზრუნველყოფის საგნის რეალიზებას ან სხვაგვარად უფლებრივად დატვირთვას განმცხადებლის უფლებების საზიანოდ. შესაბამისად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მხარის განცხადების მიზანი მიღწეულია.
16. საჩივრის ავტორმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა, დამატებით იმ საჭიროების არსებობა, რომ თავდებს ჩამოერთვას ავტომანქანა და დალუქული გადაყვანილ იქნეს დაცულ ტერიტორიაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს თავდები საარბიტრაჟო მოპასუხის უფლებების არათანაზომიერ და გაუმართლებელ შეზღუდვას.
17. შესაბამისად, საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა, რით დასტურდება მისთვის მოსალოდნელი ზიანის მიყენების ალბათობა, რაც სსსკ-ის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის თანახმად, მის მოვალეობას წარმოადგენდა.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „კ.-ას“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრისა და 2018 წლის 10 იანვრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე