საქმე №330210016001291457
საქმე №ას-112-112-2018 31 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – დ. კ.-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ლ.-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ. ლ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. კ.-ას (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს საჯარო რეესტრში მის სახელზე რიცხულ უძრავ ნივთს და საკუთარი ნებით არ ათავისუფლებს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან, აღკვეთილ იქნეს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა და მოსარჩელეს ჩაბარდა უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
5. მოპასუხემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა, სააპელაციო საჩივრის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელის ქონებაზე ყადაღის დადება, რადგან არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მოსარჩელე გაასხვისებს ან უფლებრივად სხვაგვარად დატვირთავს ქონებას
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით განცხადება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაზეც განმცხადებელმა შეიტანა საჩივარი.
7. ამავე სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განჩინებით საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 1971 მუხლის მეოთხე ნაწილით, 419-ე, 420-ე, 372-ე მუხლებით, 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, 59-ე, მე-60-61-ე, 64-65-ე მუხლებით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე მუხლის პირველი ნაწილით და განსახილველი საქმის მასალებით დაადგინა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საჩივრის ავტორს პირადად ჩაბარდა 2017 წლის 28 ნოემბერს.
9. მოცემულ შემთხვევაში სსსკ-ის მე-60-61-ე მუხლების შესაბამისად, საჩივარზე დადგენილი ხარვეზი მოპასუხეს 2017 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით უნდა შეევსო. დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ საჩივრის ავტორის შესაძლებლობა, გამოესწორებინა ხარვეზი, უნდა ჩაითვალოს გაქარწყლებულად, სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში საჩივრის ავტორის მხრიდან ხარვეზი არ გამოსწორებულა და მას სასამართლოსთვის რაიმე შუამდგომლობითაც არ მიუმართავს, რაც, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
11. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის განჩინება ხარვეზის შეუვსებლობის გამო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
12. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივრის განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
14. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც საჩივრის ავტორი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
15. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მხარეს დაევალა 3 დღის ვადაში სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით შედგენილი საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების ამ განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარდგენა.
16. საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საჩივრის ავტორს პირადად ჩაბარდა 2017 წლის 28 ნოემბერს, თუმცა ხარვეზის გამოსწორების მიზნით ან რაიმე სხვა შუამდგომლობით საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
17. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
18. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარების – 2017 წლის 28 ნოემბრის მომდევნო დღიდან – 2017 წლის 29 ნოემბრიდან და ამოიწურა 1 დეკემბერს.
19. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორს გონივრული ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იგი არ გამოუსწორებია.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი წანამძღვრები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. კ.-ას საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე