საქმე №200210016001377997
საქმე №ას-1411-1331-2017 12 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. კ.-ი, დ. ბ.-ი (შემდგომში – მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ტ.-ი“ (შემდგომში – მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ. კ.-მა (შემდგომში – აპელანტი მოსარჩელე) და დ. ბ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „ტ.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 25 ივნისს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 23 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად მოსარჩელეები ვალდებული არიან, გადაიხადონ სესხის ძირითადი თანხა – 38 913,63 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5% – 3536,77 ლარი, ასევე, დარიცხული პროცენტი – 3245,73 ლარი. ამასთან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სესხის სრულ დაფარვამდე დაირიცხა ჯარიმა, ყოველდღიურად 0,5%-ის დარიცხვით.
3. მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, რაც აძლევთ საფუძველს, მიმართონ სასამართლოს სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის თაობაზე პირგასამტეხლოს ნაწილში.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 23 სექტემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს ნაწილში და მოსარჩელეებს დაეკისრათ 356,68 ლარის გადახდა, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე – 0,01%-ის გადახდა, რაც აპელანტმა მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტი მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა. ცვლილება შევიდა ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 23 სექტემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში – პირგასამტეხლოს ნაწილში, მოსარჩელეებს დაეკისრათ 356,68 ლარისა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-ის გადახდა.
8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა სესხის რესტრუქტურიზაცია ახალი გრაფიკით.
9. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული მოთხოვნა სამართლებრივად წარმოადგენს მხარის განცხადებას გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების შესახებ და იგი არ შეიძლება განხილული იქნეს სააპელაციო საჩივრით.
10. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 263-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე და ორივე მხარის კანონიერ ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად, ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვისა გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე, შეცვალოს გადაწყვეტილებით დადგენილი აღსრულების პირობები და საშუალება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს რაიმე ობიექტური გარემოების არსებობას ან მიუთითებს თავის მძიმე ქონებრივ მდგომარეობაზე, რაც, სასამართლოს შეფასებით, საფუძვლად დაედება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ ზემოაღნიშნულ ღონისძიებათა გამოყენებას.
11. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა იქნეს მიღებული და სსსკ-ის 374-ე მუხლის თანახმად, უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
13. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა სესხის რესტრუქტურიზაცია. აღნიშნული გარემოება არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ გაუთვალისწინებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
15. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
16. განსახილველი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მოითხოვეს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა და მათთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება.
17. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 23 სექტემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს ნაწილში და მოსარჩელეებს დაეკისრათ 356,68 ლარის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კი – 0,01%-ის გადახდა, რაც აპელანტმა მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
18. სააპელაციო საჩივარში მხარემ მოითხოვა მოპასუხისათვის სესხის რესტრუქტურიზაციისა და დავალიანების გადახდის ახალი გრაფიკის შედგენის დავალება.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით აპელანტი მოსარჩელის პრეტენზია მართებულად დარჩა განუხილველად, რადგან სესხის რესტრუქტურიზაციის მოთხოვნა მოსარჩელეს არც სარჩელში მიუთითებია და არც საქმის მოსამზადებელ სხდომაზე დაუფიქსირებია. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მოცემული დავის საგანს სცდება და, მოსარჩელის მიერ შესაბამისი საპროცესო მოქმედებების განხორციელების შემთხვევაში, დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრის საფუძველს წარმოადგენს. სააპელაციო პალატა კი უფლებამოსილი იყო, ემსჯელა სააპელაციო საჩივრის არგუმენტებზე მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში, სადაც (როგორც ზემოთ აღინიშნა) სესხის რესტრუქტურიზაციის საკითხი არ დასმულა და არც განხილულა.
20. რაც შეეხება სააპელაციო პალატის მითითებას გადაწყვეტილების აღსრულების გარკვეული ვადით გადადების ან განაწილვადების შესახებ, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ ამგვარი მოთხოვნის სასამართლოსათვის წარდგენა სააპელაციო საჩივრის შეტანას არ საჭიროებს.
21. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. კ.–ისა და დ. ბ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე