საქმე №050210016001374609
საქმე №ას-1420-1340-2017 26 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ტ. კ.-ა (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. კ.-ა (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ლ. კ.-ამ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ტ. კ.-ას (შემდგომში – მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის, მხარეთა ბინებს შორის გამყოფი კედლის გამოტეხილი ნაწილის აღდგენისა და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეები არიან მეზობლები. მოპასუხემ უკანონოდ დაანგრია მათი ბინების გამყოფი კედელი და მიიერთა მოსარჩელის კუთვნილი ფართი, რომელსაც ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ მარტივი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას მოსარჩელის კუთვნილი ფართი არ მიუთვისებია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, აღიკვეთა მოპასუხისაგან მოსარჩელისათვის, როგორც მესაკუთრისათვის საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა, კერძოდ, მოპასუხეს აეკრძალა მოსარჩელის მფლობელობაში (საკუთრებაში) არსებული უძრავი ქონებით სარგებლობა, ფლობა, მასვე დაევალა მათ ბინებს შორის გამყოფი კედლის გამოტეხილი ნაწილის აღდგენა და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ისინი დადგინდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად. ამავდროულად, სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 170-172-ე მუხლები.
7. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სამეზობლო უფლებიდან. მესაკუთრის საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლებიდან, რომლის სამართლებრივი განმარტება მოცემულია სსკ-ის 170-ე, 172-ე მუხლებში. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი მესაკუთრული უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, ნეგატორული სარჩელით მიმართა სასამართლოს.
8. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „ნეგატორული სარჩელი (action negotoria) მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას.... ამ სარჩელის საფუძველია გარემოებები, რომლებიც აფუძნებენ მოსარჩელის მიერ ნივთის სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებას, ასევე ამტკიცებენ, რომ მესამე პირთა მოქმედება აბრკოლებს მათ განხორციელებას. მოსარჩელეს არ ევალება, ამტკიცოს მოპასუხის მოქმედების ან უმოქმედობის არამართლზომიერება, ის ივარაუდება, სანამ მოპასუხე არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას. ნეგატორული სარჩელი მიზნად ისახავს მესაკუთრის თავისუფლების აღიარებას ხელმყოფისაგან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ზიანის ანაზღაურებასა და დაცვის გარანტიების შექმნას შემდგომში შესაძლო ხელყოფისაგან~ (ქეთევან ქოჩაშვილი მფლობელობა და საკუთრება-ფაქტი და უფლება სამოქალაქო სამართალში გვ. 175-176).
9. სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში სადავოა უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება. სასამართლომ მიუთითა საჯარო რეესტრის მონაცემებებზე, რომლის მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია (სსკ-ის 311-ე და 312-ე მუხლები) და უდავოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით 2013 წლის 23 იანვრიდან მოსარჩელის საკუთრებაშია 50 კვ.მ ბინა. რეესტრის ეს ჩანაწერი შედავებული არ არის და ძალაშია.
10. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ასევე, დავას არ იწვევს გარემოება იმის შესახებ, რომ, რეესტრის მონაცემების თანახმად, 2013 წლის 5 მარტიდან მოპასუხის საკუთრებაში ირიცხება იმავე მისამართზე მდებარე 85 კვ.მ უძრავი ქონება.
11. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №000217517 დასკვნის იმ ნაწილზე, რომლის თანახმად მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაშია მე-2 სადარბაზოს პირველ სართულზე, შესასვლელიდან ხელმარჯვნივ არსებული 57, 74 კვ.მ საცხოვრებელი ბინა, ასევე აღნიშნული კორპუსის პირველ სადარბაზოში, პირველ სართულზე სადარბაზოში შესასვლელიდან ხელმარცხნივ არსებული 56,77 კვ.მ ბინა, რომლის ფაქტობრივ მფლობელობაზე პრეტენზიას აცხადებსმოსარჩელე, ხოლო, თავის მხრივ, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაშია პირველ სადარბაზოში, პირველ სართულზე, შესასვლელიდან ხელმარცხნივ არსებული 56,77 კვ.მ საცხოვრებელი ბინა, რომელზეც ასევე პრეტენზიას აცხადებს მოპასუხე. ფართების მიერთებამდე საქმეში არსებული აზომვითი ნახაზების თანახმად, მოპასუხის საცხოვრებელი ბინის ფართი შეადგენდა 62,4 კვ.მ-ს. სწორედ ამ გამყოფი კედლის მოპასუხის მხრიდან გამოტეხვის შედეგად ამოშენებული კარის არსებობას ეწინააღმდეგება მოსარჩელე, რადგან მოპასუხე ამ კარის მეშვეობით დაეუფლა ასევე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ბინას და აღნიშნული ფაქტობრივი მდგომარეობით ილახება მისი, როგორც მესაკუთრის უფლება, თავისუფლად ფლობდეს და განკარგავდეს საკუთრებას. შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს აღნიშნული კედლის თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანას.
12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კვლევის საგანს არ წარმოადგენს ექსპერტიზის დასკვნის მე-3 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებით და ამ ნაწილში ექსპერტის პოზიცია არ მიიღება მხედველობაში, რადგან ფაქტია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით მოსარჩელე 2013 წლის 23 იანვრიდან რეგისტრირებულია 56,50 კვ.მ ბინის მესაკუთრედ, ამასთან, რეესტრის ეს ჩანაწერი შედავებული არ არის და ძალაშია.
13. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რეგლამენტირებულია მესაკუთრის უფლებები საკუთარი შეხედულებისამებრ კანონით აუკრძალავი ნებისმიერი ფორმით ისარგებლოს (მათ შორის არ ისარგებლოს) საკუთრების ობიექტით და ნორმით გაუთვალისწინებელი ნებისმიერი ჩარევა განხილულ უნდა იქნას საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლად.
14. სსკ-ის 172-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და რაიმე ხელშემშლელს საფუძველი არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. თავის მხრივ, ფაქტის არსებობა დადასტურებული უნდა იყოს სათანადო მტკიცებულებებით.
15. სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის 102-ე მუხლზე. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს სასამართლოსათვის არ მიუთითებია კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის თაობაზე და ამ გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებაზე, რაც გააბათილებდა მოსარჩელის საკუთრების უფლების არარსებობას მითითებულ მისამართზე. შესაბამისად, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ აპელანტი არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების მართლზომიერ მფლობელს და ამ ქონების დაკავების უფლება არ გააჩნია.
16. ამდენად, მოსარჩელე სადავო ქონების მესაკუთრეა, ხოლო მოპასუხეს არ მიუთითებია იმგვარ გარემოებებზე, რაც აპელანტის მიერ საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლას გაამართლებდა. შესაბამისად, მოსარჩელემ შეძლო მისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება სსსკ მე-4, 102-ე, 103-ე ად 105-ე მუხლების თანახმად, ხოლო აპელანტმა ვერ შეძლო. ამდენად, მოპასუხის მხრიდან უნდა მოხდეს მოსარჩელის საკუთრების ხელშეშლის აღკვეთა.
17. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაადინა, რომ განსახილველ საქმეში სადავო ფართის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის შესაძლებლობა არსებობს. ფართი არის მოსარჩელის საკუთრება, მესაკუთრეს მოპასუხის მხრიდან ეშლება ხელი საკუთრებით სარგებლობაში გამყოფი კედლის გამოტეხვის შედეგად ამოშენებული კარის არსებობით, ბუნებრივია, მოპასუხეს უნდა დაევალოს მხარეების ბინებს შორის გამყოფი კედლის გამოტეხილი ნაწილის აღდგენა და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
18. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ 1952 წლის 20 მარტის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება, ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრონციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
19. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
21. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხე სადავო ფართის არა მხოლოდ მფლობელი, არამედ კანონიერი მესაკუთრეა, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით. რეალურად სადავო ფართი აღრიცხულია როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის სახელზე, რაც შეუძლებელს გახდის მოცემულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
22. მხარის მითითებით, 1993 წელს მოპასუხემ სადავო ფართი მოსარჩელისაგან შეიძინა ზეპირი გარიგების საფუძველზე. აღნიშნულის შემდეგ მოპასუხემ გამოტეხა კედელი და ბინები გააერთიანა. 2013 წელს მოსარჩელემ მოსთხოვა დამატებით 3000 აშშ დოლარი იმ მოტივით, რომ ბინა იაფად გაასხვისა. ამის შემდეგ მოსარჩელემ დაირეგისტრირა სადავო ფართი.
23. კასატორმა აღნიშნა, რომ არსებობს სასამართლოს ორი ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილება – 2015 წლის 28 დეკემბრისა (რომლითაც სადავო ფართი დარჩა მოპასუხის საკუთრებაში) და 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებები.
24. მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 170-ე მუხლის დანაწესი.
25. კასატორის მითითებით, ექსპერტმა ვერ დაადგინა სადავო ფართის ადგილმდებარეობა სიტუაციური ნახაზის არარსებობის გამო, შესაბამისად, გაურკვეველია, რის საფუძველზე დაადგინა აღნიშნული ფაქტი სასამართლომ.
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
27. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
28. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეები არიან მეზობლები. მოპასუხემ გამოტეხა მოსარჩელის კუთვნილი ბინის მომიჯნავე კედელი და უკანონოდ მიიერთა ფართი.
29. ამდენად, მოსარჩელე სადავო ქონების მესაკუთრეა, ხოლო მოპასუხეს არ მიუთითებია იმგვარ გარემოებებზე, რაც აპელანტის მიერ საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლას გაამართლებდა.
30. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სადავო ფართი შეიძინა მოსარჩელისაგან ზეპირი გარიგების საფუძველზე. უძრავი ქონება ირიცხება მის საკუთრებად. ასევე, მოცემულ საქმეზე მიღებული ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გარდა, სადავო საკითხზე არსებობს ამავე სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო ფართი დარჩა მოპასუხის საკუთრებაში.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
33. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
34. სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (სუსგ 12.02.2016 საქმე №ას-1041-998-2016 გადაწყვეტილება, 26.10.2016წ. №ას-843-809-2016 განჩინება).
35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია არ წარმოუდგენია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ.
36. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი გარემოებები, კერძოდ: მოსარჩელე სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეა და იგი, მოპასუხის მხრიდან ხელშეშლის გამო, ვერ სარგებლობს უძრავი ნივთით, შესაბამისად, არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები.
37. საკასაციო სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს კასატორის მითითებას მის მიერ მოსარჩელისაგან სადავო ფართის შეძენის თაობაზე, რადგან აღნიშნული გარემოების შესახებ მხარეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ განუცხადებია.
38. ასევე, მოცემული დავის საგანს – უკანონო ხელშეშლის აღკვეთას – სცდება კასატორის არგუმენტი, რომ ექსპერტიზამ ვერ დაადგინა სადავო ფართის ადგილმდებარეობა, შესაბამისად, გაურკვეველია, რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით დაადგინა სასამართლომ აღნიშნული ფაქტი. განსახილველი დავის ფარგლებში სადავო ფართის მდებარეობა სადავოდ არ გამხდარა. როგორც სააპელაციო პალატამ გასაჩივრებულ განჩინებაში მიუთითა, შეფასებას საჭიროებდა უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება.
39. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
40. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
41. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
42. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
44. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება რ. ჯ.-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 11 ნოემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 100 ლარისა და 2017 წლის 12 დეკემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 200 ლარის, სულ – 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტ. კ.-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ტ. კ.-ას (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით რ. ჯ.-ს მიერ 2017 წლის 11 ნოემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 100 ლარისა და 2017 წლის 12 დეკემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 200 ლარის, სულ – 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი