საქმე №330210015001120457
საქმე №ას-1431-1351-2017 12 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ზ. თ.-ი (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ყ.-ი“ (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „ყ.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. თ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ მოხმარებული ბუნებრივი აირის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანების გადახდის დაკისრების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე საზოგადოების აბონენტია. 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის აპრილის ჩათვლით კომპანიამ აბონენტის არსებულ მისამართზე სამჯერ შეადგინა აქტი ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების შესახებ. სამივე შემთხვევაში ცენტრალურ მილსადენზე აღმოჩენილ იქნა უკანონო დაერთება, საიდანაც აბონენტი ბუნებრივ აირს უკანონოდ მოიხმარდა.
3. კომპანიის უფლებამოსილმა პირმა აბონენტის არსებულ მისამართზე მცხოვრები პირები ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და დაადოთ ადმინისტრაციული სახდელი – გაფრთხილება. ამასთან, აბონენტს, კომპანიისადმი ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაერიცხა თანხა მის სარგებლობაში არსებული დანადგარების მიხედვით.
4. აბონენტს კომპანიისადმი ზიანის ანაზღაურების მიზნით 2012 წლის იანვარში დაერიცხა 1082.45 ლარი, 2013 წლის მარტში 134.87 ლარი, 2013 წლის აპრილში დაერიცხა 214.21 ლარი. ამჟამად კომპანიის მიმართ აბონენტის დავალიანება შეადგენს 3080.73 ლარს, თუმცა მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ შეესაბამება რეალობას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების – 3080.73 ლარის გადახდა. ამავე სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის განჩინებით კი, მოპასუხის საჩივარს უარი ეთქვა, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 230-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 14 თებერვალს, 9:30 საათზე.
9. სააპელაციო პალატის მითითებით, საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასაბუთება დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, ასევე, ის ფაქტი, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით (სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი).
10. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 241-ე მუხლით, 233-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სსსკ-ის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
11. იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნენ სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი. მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
12. მოცემულ შემთხვევაში აპელანტი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ იგი 2017 წლის 14 თებერვლის სხდომაზე ვერ გამოცხადდა ავადმყოფობის გამო.
13. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს. ამასთან, როდესაც საპატიო მიზეზად აპელანტი უთითებს ავადმყოფობაზე, მან ეს გარემოება უნდა დაადასტუროს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. უდავოა, რომ საჩივრის ავტორს მსგავსი დოკუმენტი სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კიდევ ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას.
15. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით კანონიერად მიიჩნია დადგენილად სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
16. მოპასუხე არის მოსარჩელე საზოგადოების აბონენტი. 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის აპრილის ჩათვლით კომპანიამ აბონენტის არსებულ მისამართზე სამჯერ შეადგინა აქტი (2012 წლის 6 იანვარს – №.., 2013 წლის 13 მარტს – №.., 2013 წლის 25 აპრილს – №..) ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების შესახებ. სამივე შემთხვევაში ცენტრალურ ბუნებრივი გაზის მილსადენზე აღმოჩენილ იქნა უკანონო დაერთებები, საიდანაც აბონენტი აირს უკანონოდ მოიხმარდა.
17. კომპანიის უფლებამოსილმა პირმა აბონენტის არსებულ მისამართზე მცხოვრები პირები ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად, კერძოდ, 2012 წლის 17 იანვარის №02/30 დადგენილებით 2013 წლის 19 მარტის №.. დადგენილებით და 2013 წლის 30 აპრილის №.. დადგენილებით მათ დაედოთ ადმინისტრაციული სახდელი – გაფრთხილება. ამასთან, აბონენტს, კომპანიისადმი ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაერიცხა თანხა მის სარგებლობაში არსებული დანადგარების მიხედვით.
18. კომპანიისადმი ზიანის ანაზღაურების მიზნით, აბონენტს 2012 წლის იანვარში დაერიცხა 1082.45 ლარი, 2013 წლის მარტში – 134.87 ლარი, 2013 წლის აპრილში – 214.21 ლარი. ამჟამად კომპანიის მიმართ აბონენტის დავალიანება შეადგენს 3080.73 ლარს, რაც დაფიქსირებულია აბონენტის ბარათში. დავალიანების ანაზღაურება არ მომხდარა.
19. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დამტკიცებულად მიჩნეული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 316-317-ე, 409-ე, 477-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
20. ამდენად, აპელანტმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არსებობდა სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე შემთხვევა, ისევე, როგორც ვერ დაადასტურა სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობის სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საპატიო მიზეზი, რისი მტკიცების ტვირთიც, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრებოდა თავად საჩივრის ავტორს.
21. სსსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერად დარჩა ძალაში.
22. ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის საქმის მასალებს არ ერთვოდა 2017 წლის 14 თებერვლის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმი, რომელიც სააპელაციო პალატას პირველი ინსტანციის სასამართლოდან გადმოეგზავნა 2017 წლის 18 სექტემბერს აუდიოჩანაწერთან ერთად. აღნიშნული სხდომის ოქმი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ატვირთულია საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაშიც. მითითებული გარემოებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ არ არსებობს სსსკ-ის 394-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
24. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი არ იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი. სხდომის ჩატარების ფაქტს ადასტურებდა მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ. სასამართლომ მიმართა მოსარჩელეს, რათა დაეზუსტებინა ინფორმაცია სხდომის ჩატარების თაობაზე, რაზეც მხარემ განაცხადა, რომ არაფრის დაზუსტებას არ აპირებდა, საქმეში არ იყო სხდომის ოქმი, რისი შედეგიც გადაწყვეტილების გაუქმებაა. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის 394-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, თუ რა შედეგი მოჰყვება საქმეში სხდომის ოქმის არარსებობას, თუმცა საბოლოოდ მაინც ძალაში დატოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება.
25. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა სსსკ-ის 385-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც არასწორად არ გამოიყენა.
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
27. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
28. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვა გადაიდო 2017 წლის 3 თებერვლიდან 14 თებერვალს, რის შესახებაც მხარეებს ჩამოერთვათ ხელწერილი.
29. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია.
30. მოსარჩელემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ, რაც საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.
31. საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
32. სააპელაციო პალატას გაეგზავნა საქმე, რომელსაც არ ერთვოდა 2017 წლის 14 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, რომელიც ატვირთული იყო სასამართლოში ელექტრონულად საქმის წარმოების პროგრამაში და მატერიალური სახით აუდიოჩანაწერთან ერთად სააპელაციო სასამართლოს გაეგზავნა 2017 წლის 18 სექტემბერს.
33. მოპასუხე სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით – ავადმყოფობით, რის შესახებაც სხდომამდე აცნობა მოსამართლის თანაშემწეს, თუმცა შესაბამისი ცნობა ვერ წარადგინა, რადგან ექიმის გამოძახებისათვის საჭირო ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნდა.
34. საკასაციო საჩივრის საფუძვლად კი, მოპასუხემ ჩათვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმის არარსებობის ფაქტი, რაც, სსსკ-ის 394-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
36. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
37. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
38. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამდენად, საკასაციო პალატა იმსჯელებს გასაჩივრებული განჩინების მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელზეც მხარე აპელირებს. ასეთია სააპელაციო პალატის მითითება, რომ მოცემულ შემთხვევაში სსსკ-ის 394-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა ვერ გახდება პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 14 თებერვლის სხდომის ოქმის არარსებობა, რადგან სადავო ოქმი ატვირთული იყო ელექტრონულად საქმის წარმოების პროგრამაში და მატერიალური სახით გადმოეგზავნა სააპელაციო პალატას მასალებზე დასართავად.
39. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში 2017 წლის 14 თებერვლის სხდომის ოქმი მატერიალური სახით საქმეს არ ერთვოდა ტექნიკური ხარვეზის გამო, რომელიც გამოსწორდა სააპელაციო სასამართლოსათვის აღნიშნული საპროცესო დოკუმენტის გადაგზავნისა და საქმეზე დართვის გზით.
40. აღნიშნული მოსაზრების საფუძვლიანობაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის სააპელაციო ინსტანციაში გადაგზავნისას სადავო ოქმის ელექტრონული ვერსია იმთავითვე ერთვოდა ელექტრონულ საქმეს. ამავდროულად, 2017 წლის 18 სექტემბერს სააპელაციო პალატისათვის გადაგზავნილი სასამართლო სხდომის ოქმი შეიცავდა ელექტროჩანაწერს, რომლითაც დასტურდება, რომ განხორციელდა 2017 წლის 14 თებერვლის სასამართლო სხდომის მიმდინარეობის ჩაწერა, მაშასადამე შედგა საპროცესო დოკუმენტიც და არ არსებობს სსსკ-ის 394-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი საქმეში სასამართლო სხდომის ოქმის არარსებობის გამო.
41. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
42. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
43. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
44. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. თ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური