Facebook Twitter

3გ-ად-57-კს-02 25 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 27 ივლისის გადაწყვეტილებითა და საქართველოს კონტროლის პალატის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს 2001წ. 20 აგვისტოს ¹177 ბრძანების საფუძველზე ნ. ე.-ა და ე. ლ.-ა ჩაბმული იქნენ ს.ს “ე.-ის” საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმებაში, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. ბიუროს 2001წ. 22 აგვისტოს ¹178 ბრძანებით შეჩერდა სს “ე.-ის” საფინანსო სამეურნეო საქმიანობის შემოწმება ამავე საწარმოს დირექტორის 2001წ. 27 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე. კონტროლის პალატის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონალური ბიუროს 2001წ. 27 სექტემბრის ¹200 ბრძანებით სს “ე.-ის” შემოწმების ვადა გაგრძელდა 25 კალენდარული დღით-25 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე.

2001წ. 19 სექტემბერს ნ. ე.-მ და ე. ლ.-მ სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს საწარმოს შემოწმების შეჩერების შესახებ 2001წ. 22 აგვისტოს ¹178 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე კომპლექსური რევიზიის განახლება მათი მონაწილეობით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს “ე.-ის” შემოწმებაში მონაწილეობის მოსაღებად მოწვეული იქნენ ნ.ე.-ა და ე. ლ.-ა; საწარმოს შემოწმების ვადა გაგრძელდა 27 დღით.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მოითხოვეს 2002წ. 22 აგვისტოს ¹178 ბრძანების ბათილად ცნობა, კონტროლის პალატას დასავლეთ საქართველოს დეპარტამენტის მიერ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა ს.ს “ე.-ის” საფინანსო-სამეურნეო რევიზიის ჩატარებაზე მათი მონაწილეობითა და შედეგებზე ერთობლივი აქტის შედგენით, ასევე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის, კონტროლის პალატის ცალკეული პიროვნების თანამდებობიდან გათავისუფლება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი 2001წ. 22 აგვისტოს ¹178 ბრძანება.

2002წ. 1 აგვისტოს ნ. ე.-ამ განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს, სადაც აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 31 ივლისის გადაწყვეტილების გამოტანისას არ იმსჯელა მისი სააპელაციო საჩივრის მე-2 და მე-3 პუნქტებზე. კერძოდ, კონტროლის პალატის დასავლეთ საქართველოს დეპარტამენტი არ დაავალდებულა, რათა მას გამოეცა ახალი ბრძანება სს “ე.-ის” შემოწმების ჩატარებაზე მათი მონაწილეობით და შედეგებზე ერთობლივი აქტის შედგენით. ასევე სასამართლოს არ უმსჯელია კონტროლის პალატიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის ო.ჩიხლაძის, ჟ.გოცაძის და მ. შერგ.-ის დათხოვნის თააობაზე. აქედან გამომდინარე, ნ. ე.-ამ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის მე-2 და მე-3 ნაწილების დაკმაყოფილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. ე.-ას განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ შემდეგი მოტივით:

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნ. ე.-ასა და ე. ლ.-ას სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 2001წ. 22 აგვისტოს ¹178 ბრძანების ბათილად ცნობა და სს “ე.-ის” შემოწმებაში მათი მონაწილეობა, რაც შეეხება საჩივრის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნებს, ისინი მხარეებს არ დაუყენებიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც შესაბამისი მტკიცებულებები ყოფილა წარმოდგენილი ამის თაობაზე. ამიტომ სსკ-ს 248-ე მუხლის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მათზე არ უმსჯელია. მართალია, სააპელაციო საჩივარში დაყენებული იქნა ეს მოთხოვნებიც, მაგრამ სსკ-ს 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 8 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. ე.-ამ და ე. ლ.-ამ. მათ მითითებით, მართალია, საოლქო სასამართლომ ბათილად ცნო კონტრილის პალატის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონალური ბიუროს 2001წ. 22 აგვისტოს ¹178 ბრძანება სს “ე.-ის” საქმიანობის შემოწმების შეჩერების შესახებ, მაგრამ ამ ბრძანების ბათილად ცნობა მისი სანაცვლო ბრძანების გამოცემის გარეშე ვერ აღადენს მათ უფლებებს. ამოტომ კერძო საჩივარში მოსარჩელეებმა განმეორებით მოითხოვეს სააპელაციო საჩივრის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 20 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა უზენაესი სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ე.-ასა და ე.ლ.-ას კერძო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 და 20 აგვისტოს განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:

კერძო საჩივრის ავტორები სარჩელით ითხოვდნენ საქართველოს კონტროლის პალატის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს 2001წ. 22 აგვისტოს ¹178 ბრძანების ბათილობას, რაც დაკმაყოფილდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ივლისის გადაწყვეტილებით. კერძო საჩივრის ავტორებმა სსკ-ს 261-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვეს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა მათ სააპელაციო საჩივარში დაყენებულ დამატებით საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, მოითხოვეს საქართველოს კონტროლის პალატას გამოეცა ახალი ბრძანება სს “ე.-ის” საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური რევიზიის ჩატარებაზე მოსარჩელეთა მონაწილეობით და შემოწმების შედეგების ერთობლივი აქტის შედგენით. აპელანტებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის, ასევე მოითხოვეს კონტროლის პალატიდან რიგი მუშაკების დათხოვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 8 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს უარი ეთქვათ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე, რასაც მთლიანად იზიარებს საკასაციო სასამართლო, რადგან აღნიშნული მოთხოვნები მოსარჩელეებს თავდაპირველ სარჩელში არ დაუყენებიათ და პირველი ინსტანციის სასამართლოს (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს) აღნიშნულ მოთხოვნებზე არ უმსჯელია, შესაბამისად სააპელაციო პალატამ სსკ-ს 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით შეამოწმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არ მოიცავდა მსჯელობას კერძო საჩივრის ავტორების მიერ დამატებით მითითებულ საკითხებზე და ამავე კოდექსის 381-ე მუხლის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სააპელაციო ინსტანციაში დავის საგნის გადიდება, რისი პროცესუალური უფლებაც სააპელაციო პალატას გააჩნდა. ამიტომ საკასაციო პალატა ეთანხმება ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 და 20 აგვისტოს განჩინებას დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ და თვლის, რომ განჩინებები უცვლელი უნდა დარჩეს, ხოლო ნ.ე.-ასა და ე.ლ.-ას უარი უნდა ეთქვათ კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 419-ე 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ე.-ასა და ე. ლ.-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 და 20 აგვისტოს განჩინებები;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.