Facebook Twitter

საქმე №-10210016001374510

საქმე №ას-1441-1361-2017 26 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. და ი. ლ.-ები (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.-ი“ (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ბ.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ლ.-ასა (შემდგომში – მსესხებელი მოპასუხე) და ი. ლ.-ას (შემდგომში – თავდები მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთათვის სოლიდარულად 2625 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1231 აშშ დოლარი, გადაუხდელი სესხის პროცენტი – 343 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო (ჯარიმა) – 1051 აშშ დოლარი.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 26 იანვარს მსესხებელ მოპასუხეს 18 თვის ვადით ასესხა 1300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი წლიური 36 %-ის დარიცხვით (თვეში 3%). სესხის ვადაგადაცილების (გადაუხდელობის) შემთხვევისთვის განისაზღვრა პირგასამტეხლო დავალიანების 0.2 %-ის ოდენობით ყოველ სრულ ვადაგადაცილებულ დღეზე.

3. 2015 წლის 26 იანვარს მოსარჩელესა და თავდებს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელი მოპასუხის მიერ ნაკისრ სასესხო ვალდებულებების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იტვირთა თავდებმა მოპასუხებაც. ხელშეკრულების თანახმად, სოლიდარული ვალდებულების ზღვრული თანხა შეადგენდა 12000 ლარს.

4. მოპასუხეებმა ნაკისრი ვალდებულება დაარღვიეს.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1679 აშშ დოლარის გადახდა, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით დაეკისროთ პირგასამტეხლოს სახით 262,08 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა სესხის ხელშეკრულებიდან, ასევე, სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაკისრების ნაწილში დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები, რაც გამორიცხავს მოპასუხეთა სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

9. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებული პრეტენზია სესხისა და დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით ვერ გახდება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი, ვინაიდან ამ ფაქტებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით შედავება არ განუხოციელებიათ, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 380-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოში მათი განხილვის შესაძლებლობას.

10. მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, სწორად შეამცირა თუ არა, პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა.

11. სარჩელზე თანდართული მსესხებელი მოპასუხის საკრედიტო ანგარიშიდან ამონაწერისა და სასარჩელო განცხადების შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხის გადახდის ვადაგადაცილებული პერიოდი შეადგენს 426 დღეს.

12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 417-418-ე მუხლების მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში კრედიტის თანხის დაუბრუნებლობისათვის პირგასამტეხლო მხარეთა შორის წერილობითი ფორმითაა შეთანხმებული.

13. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა.

14. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.

15. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდეობასთან.

16. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

17. სსკ-ის 420-ე და 115-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით გამოარკვია, რომ მოსარჩელე ითხოვდა პირგასამტეხლოს, რომელიც შეადგენს სესხის ძირითადი თანხის – 1231 აშშ დოლარის 0,2%-ს 426 დღეზე (2015 წლის 15 მარტიდან 2016 წლის 15 მაისამდე), სულ – 1051 აშშ დოლარს.

18. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ნებისმიერ მსესხებელთან კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ საკრედიტო დაწესებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს.

19. სესხისთვის გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი არის ის თანხა, რომელიც უზრუნველყოფს საკრედიტო დაწესებულების ხარჯების დაფარვას, რაც დაკავშირებულია დეპოზიტზე მოზიდული სხვისი სახსრების პროცენტების გადახდასთან, შესაბამისი მოგების მიღებასთან და სარესურსო ფონდების გაზრდასთან.

20. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეებს დაეკისრათ როგორც ძირითადი თანხა – 1231 აშშ დოლარი, ასევე საპროცენტო სარგებელი – 343 აშშ დოლარი, სულ – 1574 აშშ დოლარი.

21. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული თანხა უზრუნველყოფს საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას, რაც მდგომარეობს იმ ხარჯების დაფარვაში, რომლებიც დაკავშირებულია დეპოზიტზე მოზიდული სხვისი სახსრების პროცენტების გადახდასთან, შესაბამისი მოგების მიღებასთან.

22. მართალია, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, თუმცა ისეთ ვითარებაში, როდესაც კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი თანხის – 1231 აშშ დოლარისა და საპროცენტო სარგებლის – 343 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილებულია, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,2%-ზე გაანგარიშებით პირგასამტეხლოს დაკისრება გამოიწვევს საკრედიტო დაწესებულების გამდიდრებას.

23. ამდენად, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად პალატამ მიიჩნია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის – 1231 აშშ დოლარის 0,07%, ანუ 0,86 აშშ დოლარი დღეში, რაც მთლიანობაში, 426 დღეზე შეადგენს 367,08 აშშ დოლარს.

24. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შემცირდა 105 აშშ დოლარამდე დაუსაბუთებელია, ამასთან, საქმის მასალებით არ ირკვევა თუ რაზე დაყრდნობით დაადგინა პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ ოდენობის თანხა.

25. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 420 აშშ დოლარის ნაცვლად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლოს სახით 262,08 აშშ დოლარის გადახდა (367,08-105=262,08).

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

26. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

27. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა საქმის უდავო ფაქტობრივი გარემოებები, პროცესუალური კანონმდებლობის უხეში დარღვევები და არსებობს სსსკ-ის 404-ე და 407-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების შემოწმების აუცილებლობა.

28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

29. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

30. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 26 იანვარს მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის დაიდო 1300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის სესხის ხელშეკრულება 18 თვის ვადით წლიური 36 %-ის დარიცხვით (თვეში 3%). სესხის ვადაგადაცილების (გადაუხდელობის) შემთხვევისთვის განისაზღვრა პირგასამტეხლო დავალიანების 0.2%-ის ოდენობით ყოველ სრულ ვადაგადაცილებულ დღეზე.

31. 2015 წლის 26 იანვარს მოსარჩელესა და თავდებ მოპასუხეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელი მოპასუხის მიერ ნაკისრ სასესხო ვალდებულებების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იტვირთა თავდებმა მოპასუხებაც. ხელშეკრულების თანახმად, სოლიდარული ვალდებულების ზღვრული თანხა შეადგენდა 12000 ლარს.

32. სარჩელზე თანდართული მსესხებელი მოპასუხის საკრედიტო ანგარიშიდან ამონაწერისა და სასარჩელო განცხადების შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხის გადახდის ვადაგადაცილებულმა პერიოდმა შეადგინა 426 დღე.

33. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი არ დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მისთვის ფულადი ვალდებულების დაკისრებას და მიიჩნია, რომ საქმის განხილვისას დაშვებულ იქნა საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევები.

34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

36. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

37. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი შეეხება სესხისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების დარღვევის საფუძველზე წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულებას.

38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

39. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

40. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

42. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

43. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

44. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

45. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

46. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

47. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და კასატორებმა დასაშვები და დაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარადგინეს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გასაქარწყლებლად, ამდენად, საქმის მასალებით სააპელაციო სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ მოპასუხეებს გააჩნდათ მოსარჩელის მიმართ დაუფარავი დავალიანება. მოპასუხეებმა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვიეს და მათ წარმოეშვათ პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

48. ყოველივე ზემოთ მითითებულის საფუძველზე მოპასუხეებმა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში ვერ დაასაბუთეს მისი დასაშვებად ცნობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობის არსებობა.

49. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

50. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

51. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

52. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

53. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

54. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ვ. ლ.-ას მიერ 2017 წლის 15 დეკემბერს №- საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. და ი. ლ.-ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ლ. ლ.-ასა (პირადი №..) და ი. ლ.-ას (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ვ. ლ.-ას მიერ 2017 წლის 15 დეკემბერს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური