საქმე №010210017001779655
საქმე №ას-1462-1382-2017 8 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ზ. ღ.-ე (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ვ.-ე (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ. ვ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ღ.-ის (შემდგომში – მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, შეიძინა და თავის სახელზე აღრიცხა უძრავი ნივთი. მოპასუხე უკანონოდ ფლობს მის კუთვნილ ფართს და, არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, არ ათავისუფლებს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის იყო სასესხო ურთიერთობა, რის შედეგად გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, არსებითი ფაქტობრივი გარემოებები სწორად დადგინდა, ასევე, სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 170-172-ე მუხლები.
7. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სანივთო, კერძოდ კი, უძრავი ნივთის მესაკუთრის უფლებიდან, რომლის სამართლებრივი განმარტება მოცემულია სსკ-ის 164-ე, 168-ე, 170-ე და 172-ე მუხლებში.
8. სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, სააპელაციო პალატამ მიუთითა საჯარო რეესტრის მონაცემებებზე, რომლის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია (სსკ-ის 311-ე, 312-ე მუხლები). სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული ჩანაწერის მიმართ მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია, რომელიც გაუქმებული არ არის.
9. ამასთან, მოპასუხის შეგებებული სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ იქნა მიღებული წარმოებაში. აღნიშნული განჩინება არ გასაჩივრებულა და ძალაშია.
10. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ რეესტრის მონაცემებით 2014 წლის ნოემბრიდან მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება. რეესტრის ეს ჩანაწერი შედავებული არ არის ანუ იგი ძალაშია. ასევე შედავებული არ არის რეესტრის ჩანაწერის საფუძველი – ნასყიდობის ხელშეკრულება.
11. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, გააჩნია თუ არა აპელანტს უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობს თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება.
12. მოპასუხემ მიუთითა, რომ არავითარი ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა და ის არის სადავო სახლის მესაკუთრე. მოპასუხემ მიიჩნია, რომ მას აქვს უფლება, იცხოვროს სადავო სახლში. რაც სათანადოდ დადასტურებული არ არის.
13. სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება მხარეებს აკისრიათ, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნას აღნიშნულ გარემოებებს აფუძნებენ. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე/აპელანტს სასამართლოსათვის არ მიუთითებია კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის თაობაზე და ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ აპელანტი არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების მართლზომიერ მფლობელს და ამ ქონების დაკავების უფლება არ გააჩნია.
14. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ აპელანტის მითითების ფარგლებში სადავო ფართში მისი ცხოვრების მართლზომიერების შემოწმება სცილდება განსახილველი დავის ფარგლებს, რადგან მოსარჩელის საკუთრების უფლება შეგებებული სარჩელით შედავებული არ ყოფილა. მოპასუხის შეგებებული სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ იქნა მიღებული წარმოებაში.
15. ამდენად, მოსარჩელე სადავო ქონების მესაკუთრეა, ხოლო მოპასუხეს, გარდა მოსარჩელის საკუთრების უფლების სადავოობისა, არ მიუთითებია იმგვარ გარემოებებზე, რაც აპელანტის (მოპასუხის) მიერ ნივთის ფლობის უფლებას დაადასტურებდა. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელემ, მოპასუხისაგან განსხვავებით, შეძლო მისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება სსსკ მე-4, 102-ე, 103-ე ად 105-ე მუხლების თანახმად.
16. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
17. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ის სადავო ქონებას ფლობს მართლზომიერიერად. აპელანტის მტკიცებით, მოწინაარმდეგე მხარე (მოსარჩელემ) უძრავი ნივთი საკუთრებაში მიიღო თვალთმაქცური და მოჩვენებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. პალატამ მიუთითა, რომ იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მართლზომიერად ფლობს სადავო ბინას, ეკისრება აპელანტს.
18. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას.
19. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
20. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება;
21. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ მითითებული გარემოება ვერ იქნა სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებული, შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება აპელანტის მიერ უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტი. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მხოლოდ მითითება არ შეიძლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდეს. აღნიშნული ვერ გახდება ასევე საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ისეთი უფლების ხელყოფის საფუძველი, როგორიცაა საკუთრების უფლება.
22. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სიკეთის დაცვა უნდა ხორციელდებოდეს კანონიერების ფარგლებში და არა კანონმდებლობის მოთხოვნათა, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ხარჯზე.
23. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
24. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
25. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მხარეთა შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა.
26. სააპელაციო პალატამ არ შეუწყო ხელი მხარეთა მორიგებას და უკანონოდ არ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ სარჩელი აღძრა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც მოსარჩელემ სადავო ფართზე საკუთრების უფლება მოიპოვა.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
28. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
29. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით 2014 წლის ნოემბრიდან მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება. რეესტრის ეს ჩანაწერი შედავებული არ არის ანუ იგი ძალაშია. ასევე შედავებული არ არის რეესტრის ჩანაწერის საფუძველი – ნასყიდობის ხელშეკრულება.
30. ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავო ქონების მესაკუთრეა. მოპასუხემ კი ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ სადავო უძრავი ნივთის ფლობის უფლება გააჩნია.
31. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა. ამასთან, სააპელაციო პალატამ არ შეუწყო ხელი მხარეთა მორიგებას და უკანონოდ არ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ სარჩელი აღძრა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც მოსარჩელემ სადავო ფართზე საკუთრების უფლება მოიპოვა.
32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
34. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:
36. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
37. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
38. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
39. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს. აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
40. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია, თუმცა, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მან ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
41. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, ვინაიდან, გამოიკვეთა სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, ნივთის მისთვის გადაცემა მოეთხოვა. (სუს №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება, №ას-1032-952-2017 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება, №ას-1375-1295-2017 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება).
42. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
43. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ ჩაითვლება კასატორის მითითება, რომ სააპელაციო პალატამ უკანონოდ უთხრა უარი მოპასუხეს საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნაზე. მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სასამართლოს წარმოებაში იმყოფება მისი სარჩელი მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. მხარის მხოლოდ ზეპირი განმარტება კი, საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი ვერ გახდებოდა.
44. რაც შეეხება მხარეთათვის მორიგების შესაძლებლობის შეზღუდვას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მორიგების მიღწევა დასაშვებია საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე.
45. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
46. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
47. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
49. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 18 დეკემბერს №2 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ღ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ზ. ღ.-ეს (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 18 დეკემბერს №2 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე