Facebook Twitter

საქმე №120210116001631517

საქმე №ას-1478-1398-2017 26 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ფ.-ა (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.-ი, ე.--ა, ნ. ი.–იები, ი.-ე, ზ.–ი, ნ.-ა, ნ.–ი, ნ.-ე, ბ. და ზ. გ.-ები, ნ. მ.-ა, ფ. ბ.-ა, ქ.-ი, ქ.-ა, ნ. ა.-ი, ჯ. ა.-ი, გ.-ე, დ.-ი, თ.-ე (შემდგომში – მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ.-მა, ე.-ა, ნ. ი.-.იებმა, ი.-ემ, ზ.–მა, ნ.-ამ, ნ.–მა, ნ.-ემ, ბ. და ზ. გ.-ბმა, ნ. მ.-ამ, ფ. ბ.-ამ, ქ.-მა, ქ.-ამ, ნ. ა.-მა, ჯ. ა.-მა, გ.-ემ, დ.-მა და თ.-ეებმა (შემდგომში – მოსარჩელეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში გ. ფ.-ას (შემდგომში – აპელანტი მოპასუხე), ასევე შპს „თ.-ის“, ზ.-ისა და ნ. დ.-ის მიმართ ზიანის – 317150 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელეთა განმარტებით, მოპასუხეების მიერ დაფუძნებულ ბინათმშენებლობის ამხანაგობას უნდა აეშენებინა საცხოვრებელი ბინები. მშენებლობა დაიწყო. მოსარჩელეებმა გადაიხადეს ბინების საფასური, თუმცა ამჟამად მშენებლობა მიტოვებულია, ხოლო შენობის ექსპლუატაციაში მიღება ვერ ხერხდება, რადგან კომუნალური კომუნიკაციები მიყვანილი არ არის. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მშენებლობის სათანადოდ დასრულებას ესაჭიროება თანხა, რომელიც სოლიდარულად უნდა გადაიხადონ მოპასუხეებმა.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტმა მოპასუხემ კი განაცხადა, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს სადავო ამხანაგობის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით იგი გამოვიდა ამხანაგობიდან, გაიტანა მის მიერ ამხანაგობაში შეტანილი მიწის ნაკვეთი, შესაბამისად არ წარმოედგენს იმ პირს, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელეების სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 317150 ლარის ანაზღაურება, რაც აპელანტმა მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე მუხლით, 2591 მუხლის პირველი ნაწილით, 369-ე მუხლით და დაადგინა, რომ 2017 წლის 7 ივლისს გამართულ სხდომაზე საქმის განხილვა დასრულდა და მხარეებს ეცნობათ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი. მათ ასევე განემარტათ, სსსკ-ის 2591 მუხლის თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებისა და გასაჩივრების წესი და ვადა. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი.

7. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 17 აგვისტოს და ამოიწურა 2017 წლის 31 აგვისტოს. აპელანტმა მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით ფოსტას მიმართა 2017 წლის 1 სექტემბერს, ხოლო საჩივრის შეტანის უკანასკნელი ვადა ამოიწურა 2017 წლის 31 აგვისტოს.

8. სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია, ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი მოპასუხის წარმომადგენელმა გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე სასამართლოს განცხადებით მიმართა 2017 წლის 22 აგვისტოს (გადაწყვეტილების ჩაბარებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით). საქმეში არ არის წარმოდგენილი სასამართლოს მოხელის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა გადაწყვეტილების ვადის დარღვევით მომზადების ფაქტს, ამიტომ გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა მოხდეს სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილი წესით.

9. სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 374-ე, 2591 და 369-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

11. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა 2017 წლის 22 აგვისტოს. სააპელაციო საჩივარი კი წარადგინა 2017 წლის 1 სექტემბერს.

12. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მხარემ სასამართლოს მიმართა 2017 წლის 22 აგვისტოს, რაც განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სავარაუდოდ 9 აგვისტოს სასამართლო გადაწყვეტილება ჯერ მზად არ იყო. მართალია, აღნიშნულის შესახებ სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი დოკუმენტი არ მოიპოვება, თუმცა საქმის მასალებით ცალსახად დასტურდება გადაწყვეტილების დაგვიანებით მომზადების ფაქტი, კერძოდ, დანარჩენ მოპასუხეებს, რომლებიც სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრებოდნენ, გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა 2017 წლის 15 აგვისტოთი დათარიღებული მიმართვით. ამდენად, დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადდა საპროცესო ვადის დარღვევით, შესაბამისად, მისი გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2017 წლის 25 აგვისტოდან (გადაწყვეტილების მომზადების თარიღს+10 დღე), საიდანაც აპელანტი მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა ვადის დაცვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი საპროცესო ვადის გაშვების გამო.

15. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

16. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ.

17. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.

18. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).

19. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ აპელანტ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი კანონით დადგენილი წესით ეცნობა და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი (მინდობილობა წარმოდგენილია მე-2 ტომის ს.ფ. 158-ზე) ესწრებოდა კიდეც გამოცხადებას.

20. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული მომენტიდან მე-20-30-ე დღეებში აპელანტი მოპასუხე სასამართლოში არ გამოცხადებულა და დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება წერილობით არ მოუთხოვია. მითითებული მიზნით მხარის წარმომადგენელმა სასამართლოს მიმართა 2017 წლის 22 აგვისტოს და ჩაიბარა კიდეც გადაწყვეტილების ასლი.

21. ამდენად, სსსკ-ის 369-ე, 2591 მუხლების მიხედვით, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღიდან – 2017 წლის 18 აგვისტოდან. აღნიშნული ვადა ამოიწურა 2017 წლის 31 აგვისტოს. აღნიშნულის შემდგომ აპელანტმა მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2017 წლის 1 სექტემბერს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით.

22. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებული ვარიანტი მომზადდა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ დანარჩენ მოპასუხეებს, რომლებიც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას არ ესწრებოდნენ, გადაწყვეტილება გაეგზავნა 2017 წლის 15 აგვისტოს.

23. სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

24. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.

25. განსახილველ შემთხვევაში მხარეს არ მოუთხოვია და საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის უფლებამოსილი სასამართლო მოხელის ცნობა იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მომზადდა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, მხარის ვარაუდი კანონით იმპერატიულად დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლის წესზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.

26. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ფ.-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე