Facebook Twitter

საქმე №200210016001445988

საქმე №ას-1483-1403-2017 12 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. წ.-ე, ს. ბ.–ი, კ. ბ.–ი (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. დ.–ი (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ზ. დ.–მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. წ.-ის, ს. და კ. ბ.–ების (შემდგომში – მოპასუხეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 5 მარტს მოპასუხისაგან შეიძინა უძრავი ნივთი, გადასცა ნასყიდობის საფასური, თუმცა მოპასუხეებმა ფართი უკანონოდ არ გაათავისუფლეს. მოსარჩელემ არაერთხელ უშედეგოდ მოითხოვა კუთვნილი ქონების გადაცემა.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მხარეთა შორის დაიდო არა ნასყიდობა, არამედ სესხის ხელშეკრულება, თუმცა მოსარჩელემ მოითხოვა, თანხის დაბრუნებამდე მისთვის უძრავი ქონების გადაფორმება.

4. სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 4500 აშშ დოლარს, სარგებელი – 250 აშშ დოლარს. ამჟამად მოპასუხე მხარეს სულ გადახდილი აქვს სარგებლის სახით 3000 აშშ დოლარი. ბოლოს თანხა გადასცეს 2016 წლის მაისში. მოსარჩელეს მოპასუხეებისათვის ბინის გამოთავისუფლებაზე არაფერი უთქვამს. მხარეებს ურთიერთობა ჰქონდათ მხოლოდ პროცენტის გადახდის დროს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან, თუმცა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 9 ნოემბერს ერთ-ერთ აპელანტს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა ამავე წლის 16 ნოემბერს, 16:00 საათზე საქმის განხილვის დანიშვნის შესახებ. აპელანტმა ვალდებულება იკისრა, დანარჩენი მოპასუხეებისა და, ამავდროულად, მისი ოჯახის წევრებისათვის (მეუღლისა და შვილისათვის) სასამართლო შეტყობინების შინაარსის გადაცემის ვალდებულება. აღნიშნულის მიუხედავად, დანიშნულ დროს პროცესზე აპელანტები არ გამოცხადდნენ და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოს არ აცნობეს. მოწინააღმდეგე მხარემ კი მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, 229-ე მუხლის მეორე ნაწილით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 276-ე მუხლით და მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

10. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, მათი გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, მანამდე 2017 წლის 9 ნოემბერს დანიშნული სხდომა გადაიდო ერთ-ერთი აპელანტის ავადმყოფობის გამო, რის შესახებაც წარდგენილ იქნა შესაბამისი ცნობა. შემდეგი პროცესისთვის აღნიშნული პირი კვლავაც ავად იმყოფებოდა, რაც დამატებით მტკიცებას აღარ საჭიროებდა. სასამართლო შეტყობინების მიმღები აპელანტი ვერ გამოცხადდა სხდომაზე, რადგან უვლიდა და მარტოს ვერ ტოვებდა ავადმყოფ მეუღლეს, ხოლო შვილს საქმის განხილვის შესახებ ინფორმაცია ვერ გადასცა მისი რაიონში ყოფნისა და კომუნიკაციის შესაძლებლობის არქონის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

13. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

14. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

15. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

16. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

17. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.

18. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 9 ნოემბერს ერთ-ერთ აპელანტს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა ამავე წლის 16 ნოემბერს, 16:00 საათზე საქმის განხილვის დანიშვნის შესახებ. აღნიშნულმა აპელანტმა იკისრა დანარჩენი მოპასუხეებისა და, ამავდროულად, მისი ოჯახის წევრებისათვის (მეუღლისა და შვილისათვის) სასამართლო შეტყობინების შინაარსის გადაცემის ვალდებულება.

19. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად ჩათვალა, რომ სასამართლო პროცესის შესახებ აპელანტებს ეცნობათ სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

20. აღნიშნულის მიუხედავად, ისინი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

21. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთ აპელანტს საქმის განხილვის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია, რადგან იმყოფებოდა რაიონში და მისი ოჯახის წევრმა, რომელმაც სასამართლო შეტყობინება ჩაიბარა, მისი შინაარსი ვერ გადასცა. ასევე, უსაფუძვლოა მოპასუხეთა მითითება, რომ სადავო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად უნდა ჩაითვალოს ერთ-ერთი აპელანტის ავადმყოფობა და ის ფაქტი, რომ მეორე აპელანტი მარტოს ვერ ტოვებდა და უვლიდა მას.

22. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

23. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

24. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული როგორც მხარის ავადმყოფობა, ისე ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს.

25. შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი ნორმა ავალდებულებდა აპელანტებს, წარედგინათ მათ მიერ მითითებული, სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის ამსახველი მტკიცებულება.

26. განსახილველ შემთხვევაში აპელანტებმა კერძო საჩივარში მითითებული ვერც ერთი გარემოების დამადასტურებელი ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარადგინეს.

27. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტებს არ მიუთითებიათ ისეთი დამაბრკოლებელი გარემოების არსებობაზე, რომელიც რეალურად ხელს შეუშლიდათ აპელანტებს, გამოცხადებულიყო სააპელაციო სასამართლოში და საკუთარი საპროცესო ვალდებულებების შესრულების გზით მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, რაც გამორიცხავდა მისი მხრიდან დავის მიმართ ინტერესის დაკარგვის ვარაუდს და გახდებოდა მხარის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის წინაპირობა.

28. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. წ.-ის, ს. ბ.–ისა და კ. ბ.–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე