Facebook Twitter

საქმე №330210017001825874

საქმე №ას-1514-1434-2017 26 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. თ.–ი (შემდგომში – მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ბ.-ა (შემდგომში – მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ.თ.–მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ბ.-ას (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 9 თებერვლიდან სადავო უძრავი ნივთის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მის სახელზე. აღნიშნულ ქონებას მართლზომიერი საფუძვლის გარეშე, ფლობს თ. ბ.-ა, რომელიც არ ათავისუფლებს მას და არ აძლევს საშუალებას მესაკუთრეს, ისარგებლოს კუთვნილი უძრავი ქონებით.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან, ამასთან, გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

განმცხადებლის მოთხოვნა და საფუძვლები:

5. მოპასუხემ მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ-ის) 375-ე მუხლის საფუძველზე აღსრულების დროებით შეჩერება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

6. განმცხადებელმა მიიჩნია, რომ იგი მოცემულ დავაში არასათანადო მოპასუხეა, რადგან სადავო სახლში აღარ ცხოვრობდა მანამდეც, სანამ ბინას მოსარჩელე შეიძენდა, რასაც ადასტურებს ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, მოპასუხე სხვა მისამართზეა აღრიცხული და სწორედ იქ ამოწმებს სოციალური აგენტი. გარდა ამისა, სადავო ბინის მისამართზე გაგზავნილი არც ერთი დოკუმენტი მოპასუხეს პირადად არ ჩაუბარებია. მოპასუხემ პროცესზე იშუამდგომლა სათანადო მოპასუხის ჩართვის თაობაზე, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა და არც სასამართლოს ამ საკითხზე არ უმსჯელია.

7. განმცხადებლის განმარტებით, აღსულების შეჩერების მოთხოვნით მიმართვის საჭიროება გამოწვეული იყო იმით, რომ ამა წლის 30 ოქტომბერს სადავო ბინაში მიიტანეს წინადადება მოვალისადმი გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. შესაბამისად, პასუხს არ უნდა აგებდეს ის, ვინც რეალურად არ ახდენს ხელშეშლას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის განცხადება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე სააღსრულებო წარმოების დროებით შეჩერების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 372-ე მუხლის, 375-ე მუხლის მეორე ნაწილის, 418-ე მუხლის მეორე ნაწილის, 432-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სსსკ-ის 375-ე მუხლის მეორე ნაწილში მითითებული არ არის კონკრეტული შემთხვევები, როდესაც სასამართლო უფლებამოსილია, შეაჩეროს აღსრულება. ეს ნიშნავს იმას, რომ ამგვარი გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს საკუთარი შეხედულებისამებრ საქმის გარემოებებზე დაყრდნობით, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით.

10. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება მდებარე და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

11. სააპელაციო პალატის მითითებით, განმცხადებელმა სადავოდ გახადა მოპასუხის სათანადოობა და განმარტა, რომ აღნიშნულ ბინაში არ ცხოვრობს, იგი რეგისტრირებულია სხვა მისამართზე. სწორედ ამ გარემოებას აფუძნებდა იგი თავის სააპელაციო საჩივარს.

12. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოპასუხე წარმოადგენს პირს, რომელსაც ირჩევს მოსარჩელე და რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე. მოსარჩელის მიერ მოპასუხის არჩევა დამოკიდებულია დავის საგანზე და არა მხოლოდ მოსარჩელის თავისუფალ ნებაზე. მხარეს, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, ენიჭება პროცესუალური შესაძლებლობები, თავი დაიცვას მოსარჩელისაგან. ამ უკანასკნელის მოსაზრებებს, მის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და ზოგადად შესაგებელ პრეტენზიას არსებითი მნიშვნელობა აქვს მოთხოვნის განხილვისთვის.

13. მოცემულ შემთხვევაში, როგორც განმცხადებელი მიუთითებს, სადავო ბინაში ცხოვრობს სხვა ფიზიკური პირი, რომელიც არ ყოფილა ჩართული საქმის განხილვაში და, შესაბამისად, არ მისცემია შესაძლებლობა, წარედგინა საკუთარი მოსაზრება, მტკიცებულება თუ შესაგებელი და დაეცვა თავისი უფლებები. მით უფრო ისეთ ვითარებაში, როდესაც სასამართლომ სადავო ბინის გადაცემა გადაწყვეტილებით დაადგინა თავისუფალ მდგომარეობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში აღნიშნული მესამე პირის გამოსახლება გარდუვალი იქნება.

14. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულმა უნდა იდავოს საკუთარი და არა სხვისი უფლების დასაცავად.

15. მოპასუხე, რომელიც გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან, ამტკიცებს, რომ დასახელებულ ფართში არ ცხოვრობს და ამჟამად იგი სხვა პირის მფლობელობაშია. ერთი შეხედვით შესაძლოა, ნათლად არ იკვეთება მოპასუხის ინტერესი აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებით, რადგან ეს უკანასკნელი მიუთითებს, რომ არ ცხოვრობს სადავო ბინაში, შესაბამისად, ვერც მოხდება მისი გამოსახლება, მაგრამ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ იმის გამო, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა სადავო ბინის გადაცემა მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში უცილობლად გამოიწვევს ზემოაღნიშნული ფიზიკური პირის გამოსახლებას, რომელსაც არ მისცემია შესაძლებლობა დაეცვა საკუთარი უფლებები სასამართლოს გზით და სანამ არ გადაწყდება განმცხადებლის მიერ მითითებული საკითხი მოპასუხის სათანადოობასთან დაკავშირებით, პროცესუალურად გამართლებულია და მართლზომიერია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება და გადაწყვეტილების აღსრულების დროებით შეჩერება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

16. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს აღსრულების შეჩერების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

18. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ მტკიცებულება, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა, არ ასახავს ამჟამინდელ მდგომარეობას.

19. საჯარო რეესტრში სადავო ბინის მესაკუთრე იყო უშუალოდ მოპასუხე, ხოლო მისი და, რომელიც მოპასუხის მითითებით ამჟამად სადავო ფართში ცხოვრობს, მხარეთა ურთიერთობაში მონაწილეობას არ იღებდა.

20. მოსარჩელის მოსაზრებით, ირღვევა მისი, როგორც მესაკუთრის უფლებები. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხე სადავო ფართს აღარ ფლობს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

21. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვისას სასამართლო შეზღუდულია იმ საპროცესო-სამართლებრივი ფარგლებით, რომლებსაც, ერთი მხრივ, მხარის წარმოდგენილი მოთხოვნა, ხოლო, მეორე მხრივ, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება განსაზღვრავს.

23. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრით გასაჩივრებულია სააპელაციო პალატის განჩინება მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერების თაობაზე.

24. მოპასუხე სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერების შესახებ თავის მოთხოვნას აფუძნებდა იმ გარემოებაზე, რომ იგი წლების მანძილზე აღარ ცხოვრობდა სადავო სახლში, რომელიც ამჟამად სხვა პირის მფლობელობაშია. შესაბამისად, დაუყოვნებლივ აღსრულების შემთხვევაში დაირღვევა ისეთი პირის უფლებები, რომელიც საქმეში არ მონაწილეობს. ამავდროულად, მოპასუხე აპელირებდა იმაზე, რომ იგი მოცემულ დავაში არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა.

25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 375-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია აღსრულების შეჩერება, აღსრულების ღონისძიებების გაუქმება, აგრეთვე აღსრულების გაგრძელება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, მხარეთა შუამდგომლობით შეაჩეროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ორივე მხარის უფლებათა დაცვით, მათ ინტერესებს შორის ბალანსის უზრუნველყოფით. სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს აღსრულების გაუქმებით, შეჩერებით მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა სსსკ-ის 57-ე მუხლით დადგენილი წესით.

26. მხარე, რომელიც შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე ისეთი საპროცესო მოქმედების შესრულების თაობაზე, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარეს შეიძლება მიადგეს ზიანი, არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ასეთი მოთხოვნით. მან იმავდროულად უნდა შესთავაზოს სასამართლოს გარანტია, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს იმ ზარალის ანაზღაურებას, რაც მოწინააღმდეგე მხარემ შეიძლება განიცადოს ამ საპროცესო მოქმედების შესრულებით, მაგალითად – აღსრულების დროებით შეჩერებით. ამდენად, მხარე, რომელიც მოითხოვს აღსრულების შეჩერებას, ვალდებულია მიუთითოს, თუ რას სთავაზობს სასამართლოს მოწინააღმდეგე მხარის იმ ზარალის უზრუნველსაყოფად, რომელიც ამ უკანასკნელმა შესაძლებელია, განიცადოს. თუ მხარე ამ მოვალეობას არ ასრულებს, მისი მოთხოვნა, საპროცესო მოქმედების შესრულებაზე, სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს.

27. საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსსკ-ის მე-5 მუხლით, მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე.

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია მხარეთა თანასწორობის პრინციპზე. ამ პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა ორივე ურთიერთდაპირისპირებული მხარის ინტერესების თანაბრად გათვალისწინება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების დროს. სსსკ-ის 375-ე მუხლის საფუძველზე აპელანტი მხარის ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია, მიიღოს განჩინება აღსრულების შეჩერების შესახებ და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ დასახელებული მუხლი ითვალისწინებს ასევე მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებსაც და აღსრულების შეჩერების, აღსრულების ღონისძიების გაუქმების, აგრეთვე, აღსრულების გაგრძელების შესაძლებლობას შუამდგომლობის ავტორის მხრიდან შესაბამისი გარანტიების წარმოდგენას უკავშირებს.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებამდე სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა, ჰქონდა თუ არა მხარეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი განსახილველი განცხადების წარდგენის მიმართ.

30. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის განცხადებიდან იკვეთება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერების მოთხოვნით იგი იცავდა არა საკუთარ, არამედ სხვა პირის ინტერესებს. მისივე განმარტებით დასტურდება, რომ სადავო გადაწყვეტილების აღსრულებით მოპასუხის კანონიერ უფლებებს არანაირი ზიანი არ მიადგება.

31. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოპასუხის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მხარეს იურიდიული ინტერესი. აღნიშნულ მსჯელობას სააპელაციო სასამართლო ამართლებს იმაზე მითითებით, რომ აღსრულების შეჩერებით ხდება სადავო ფართში ამჟამად მცხოვრები ფიზიკური პირის ინტერესების დაცვა, რომელსაც არ მისცემია შესაძლებლობა, დაეცვა საკუთარი უფლებები სასამართლოს გზით.

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ფართში მცხოვრები ფიზიკური პირისათვის წინამდებარე დავის არსებობის შესახებ ცნობილი იყო (ყველაზე გვიან მისთვის აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების თაობაზე მიმართვის გზით, როგორც ამას თავად მოპასუხე უთითებს), თუმცა მას საქმეში მხარედ ან მესამე პირად ჩართვის მიზნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს და არც დამოუკიდებელი სარჩელი აღუძრავს სადავო უძრავი ნივთის კეთილსინდისიერად ფლობასთან დაკავშირებით.

33. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ დაუსაბუთებელია, მისი ავტორი ვერ უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ შეიძლება, მიზანშეწონილად მიიჩნიოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერება. გარდა ამისა, წარმოდგენილი შუამდგომლობა არ შეიცავს მითითებას უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებასთან დაკავშირებით, კერძოდ, თუ რას სთავაზობს მოწინააღმდეგე მხარის იმ ზარალის უზრუნველსაყოფად, რომელიც ამ უკანასკნელმა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებით შეიძლება განიცადოს. შესაბამისად, სააპელაციო პალატის განჩინება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერების თაობაზე მიღებულია კანონდარღვევით და უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. თ.–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე