საქმე №120210017001841030
საქმე №ას-1519-1439-2017 26 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ო. ო.-ე (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჭ.–ი (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ. ჭ.–მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. ო.-ის (შემდგომში – მოპასუხის) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, საჯარო აუქციონზე შეიძინა მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონება. მოპასუხე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აგრძელებს ბინაში ცხოვრებას და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს ფართს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გეგმავს სესხის აღებასა და სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვას. აღნიშნულის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილია და ეთანხმება მოპასუხეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემული საქმის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 31 ოქტომბერს, 12:30 საათზე, რის შესახებაც აპელანტს ეცნობა სატელეფონო შეტყობინების გზით. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დროს აპელანტი პროცესზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოს არ აცნობა. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, 229-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
9. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ აპელანტის წარმომადგენელმა იშუამდგომლა 2017 წლის 17 ოქტომბერს საქმის განხილვის გადადების შესახებ, რაც დაკმაყოფილდა. აპელანტის წარმომადგენელი ელოდა შეტყობინებას სასამართლო პროცესის ჩანიშვნის შესახებ, თუმცა მოგვიანებით შეიტყო, რომ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად მისი გამოუცხადებლობის გამო. იგი დაუკავშირდა აპელანტს, რათა გაერკვია, ეცნობა თუ არა საქმის განხილვის თარიღი უშუალოდ მოპასუხეს. როგორც აღმოჩნდა, სასამართლო შეტყობინების ჩაბარების მომენტში მოპასუხე იმყოფებოდა ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ და შეტყობინების შესახებ საერთოდ არ ახსოვდა.
10. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ მოხდა გაუგებრობა, რის შედეგადაც მხარე არ იყო ინფორმირებული სხდომის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში უთუოდ გამოცხადდებოდა პროცესზე. მის ინტერესს დავისადმი ადასტურებს ის ფაქტიც, რომ აპელანტმა გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 31 ოქტომბერს, 12:30 საათზე, რის თაობაზეც 2017 წლის 24 ოქტომბერს, 14:33 საათზე სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა უშუალოდ აპელანტს (ტომი 2, ს.ფ. 57).
13. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დროს აპელანტი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის შესახებ სააპელაციო პალატას არ აცნობა.
14. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
15. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
16. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
17. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
18. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე განუხილველად დატოვებს სააპელაციო საჩივარს.
19. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ყველა ელემენტი, კერძოდ: 1. აპელანტი სასამართლო სხდომაზე მიწვეულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით; 2. მხარის გამოუცხადებლობა მიჩნეულ იქნა არასაპატიოდ; 3. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
20. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად უნდა ჩაითვალოს მისი მითითება, თითქოს სატელეფონო შეტყობინების მიღებისას აპელანტი იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში და შემდგომ ვერ შეძლო შეტყობინების თაობაზე გახსენება.
21. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
22. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
23. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს. ამასთან, აღნიშნული მიზეზი უნდა ადასტურებდეს სადავო საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის ობიექტურ შეუძლებლობას.
24. შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი ნორმა ავალდებულებდა აპელანტ მხარეს, წარმოედგინა მის მიერ მითითებული, სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის ამსახველი მტკიცებულება, რაც მას არ განუხორციელებია და არც ისეთ ობიექტურ გარემოებაზე მიუთითებია, რომელიც დაადასტურებდა სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე აპელანტის საპატიოდ გამოუცხადებლობას.
25. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო პალატას საქმის განხილვის თარიღი უნდა შეეტყობინებინა წარმომადგენლისათვის, რაც თავიდან ააცილებდა გაუგებრობას.
26. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
27. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო ვალდებულია, საქმის განხილვის შესახებ აცნობოს მხარეს, რა მიზნითაც უფლებამოსილია, საპროცესო დოკუმენტები ჩააბაროს როგორც უშუალოდ მხარეს, ისე მის წარმომადგენელს. შესაბამისად, იმ საკითხის გადაწყვეტა, საჭირო ინფორმაცია მიეწოდოს თავად მხარეს თუ მის წარმომადგენელს, სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს.
28. ამდენად, სასამართლოს მიერ უწყების შინაარსის უშუალოდ მხარის და არა მისი წარმომადგენლისათვის შეტყობინება რაიმე სახის საპროცესო დარღვევად ან გაურკვევლობის შექმნის წინაპირობად ვერ შეფასდება.
29. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. ო.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე