Facebook Twitter

საქმე №330210016001503158

საქმე №ას-9-9-2018 9 თებერვალი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ „ვ.-ი“ (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. თ.–ი (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ. თ.–მა (შემდგომში – მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ „ვ.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობისა და კომპენსაციის – 35 000 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, იგი მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში და დაკავებული თანამდებობიდან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე უკანონოდ გათავისუფლდა.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე სამსახურის დირექტორის 2016 წლის 1 აგვისტოს №137 ბრძანება მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 22 800 ლარის გადახდა, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 364-ე მუხლის, 369-ე მუხლის პირველი ნაწილის, 2591 მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტის წარმომადგენელი ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების 30-დღიანი ვადა ამოიწურა 2017 წლის 2 ნოემბერს. მოპასუხის წარმომადგენელს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარებული აქვს 2017 წლის 17 ნოემბერს. ვინაიდან აპელანტმა 30-დღიანი ვადის განმავლობაში არ მიმართა სასამართლოს განცხადებით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, 2017 წლის 3 ნოემბრიდან და ამოიწურა 2017 წლის 16 ნოემბერს. როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 2017 წლის 30 ნოემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ აპელანტმა დაარღვია გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი საპროცესო ვადა.

7. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სსსკ-ის 2591 მუხლის მეორე ნაწილზე, 46-ე მუხლის მეორე ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოპასუხე აპელანტის მითითებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მითითებული ნორმის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

8. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვ.-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ №342 დადგენილების მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამსახურის დაფინანსების წყაროებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) გრანტების, შენატანების (შემოწირულობების) სახით და სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებიდან მიღებული შემოსავლები; გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ე) საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით ნებადართული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც უზრუნველყოფს სამსახურის ფუნქციების შესრულებას და დამოუკიდებლობას.

9. ზემოაღნიშნული დებულების თანახმად, მოპასუხე არ წარმოადგენს დაწესებულებას, რომლის ხარჯი ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იგი არ არის გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს არ ჰქონდა სსსკ-ის 2591 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების მხარისათვის გაგზავნის ვალდებულება.

10. სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენა, კანონით დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით განაპირობებს მის დაუშვებლობას, რაც, თავის მხრივ, წარმოშობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი განჩინებით სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:

12. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეისწავლა საქმის მასალები და არ გამოიკვლია, თუ რამდენჯერ მიმართა აპელანტმა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად. ფაქტობრივად მოპასუხემ დასაბუთებული განჩინება მოითხოვა 2017 წლის 10 ოქტომბერს სხდომის აუდიოჩანაწერის მოთხოვნასთან ერთად და განცხადება აღნიშნული მოთხოვნით დაარეგისტრირა ამავე წლის 26 ოქტომბერს. აღნიშნული მომენტიდან მხარე სისტემატურად უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს, თუმცა საპროცესო დოკუმენტი მზად არ იყო. მოპასუხეს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზადაა და მხარემ იმავე დღეს ჩაიბარა იგი, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2017 წლის 30 ნოემბერს.

13. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 29 ნოემბერს შეტანილი ცვლილება, რომლის შედეგად მოპასუხე ორგანიზაციის დაფინანსების წყარო იქნება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი, შესაბამისად, მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

15. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

16. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

17. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ.

18. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.

19. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).

20. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ მოპასუხეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას თარიღი კანონით დადგენილი წესით ეცნობა და ესწრებოდა კიდეც გამოცხადებას.

21. საქმის მასალებში წარმოდგენილია მოპასუხის წარმომადგენლის (შესაბამისი რწმუნებულება წარმოდგენილია ტ. 1, ს.ფ. 145) 2017 წლის 26 ოქტომბრის განცხადება დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ (ტომი 1. ს.ფ 220), შესაბამისად, დასაბუთებულია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ მოპასუხის წარმომადგენელი კანონით დადგენილ ვადაში მართლაც გამოცხადდა სასამართლოში და მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი. გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხემ ჩაიბარა 2017 წლის 17 ნოემბერს, რაც ქმნის საფუძველს იმგვარი ვარაუდისათვის, რომ გადაწყვეტილების დასაბუთებული ვარიანტი მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეების პერიოდში – 2017 წლის 23 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით მზად არ იყო.

22. ამდენად, სსსკ-ის 369-ე, 2591 მუხლების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო მოპასუხის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან – 2017 წლის 17 ნოემბრიდან (ტომი 1, ს.ფ. 255) და ამოიწურა 2017 წლის 1 დეკემბერს, ხოლო მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2017 წლის 30 ნოემბერს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დაცვით.

23. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად აითვალა მოპასუხის სააპელაციო საჩივრის შეტანის საპროცესო ვადა და მისი სააპელაციო საჩივარი არამართლზომიერად დატოვა განუხილველად.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, წარმოდგენილი კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ „ვ.-ს“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე