Facebook Twitter

საქმე №330210116001510317

საქმე №ას-17-17-2018 9 თებერვალი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „მ.-ა“ (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ.-ი“ (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „რ.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების – 104785,26 აშშ დოლარისა და ზიანის – 32485 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 24 აგვისტროდან 2014 წლის 27 იანვრამდე მოპასუხეს მიაწოდა სხვადასხვა დასახელების ქსოვილი 418307,26 აშშ დოლარის ღირებულებით. მიღებული პროდუქციის საფასურიდან მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ 313522 აშშ დოლარი. უკანასკნელი გადახდა დაფიქსირდა 2014 წლის 21 იანვარს. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეს ვალდებულება არ შეუსრულებია, შესაბამისად, მას უნდა დაეკისროს დავალიანების – 104785,26 აშშ დოლარისა და ზიანის – 104785,26 შშ დოლარზე 2014 წლის 1 თებერვლიდან 2016 წლის 1 სექტემბრამდე 31 თვის განმავლობაში ბანკთაშორის ბაზარზე 2014-2016 წლებში არსებული წლიური 12% განაკვეთი.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 374-ე მუხლით, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქმის მასალებიდან გამოარკვევა, მოპასუხის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტით დადგინდა მისი გასაჩივრების წესი და ვადა, კერძოდ, განჩინებაზე სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის ათვლის წერტილად განისაზღვრა მისი მხარისათვის გადაცემის მომენტი.

7. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინების ასლი მოპასუხეს გაეგზავნა მის მიერ საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2017 წლის 6 ოქტომბერს ჩაბარდა კომპანიის ბუღალტერს ამ უკანასკნელი სახელის, გვარისა და პირადი ნომრის მითითებით.

8. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 მუხლის მეორე ნაწილის, 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 7 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2017 წლის 20 ოქტომბერს.

9. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2017 წლის 24 ოქტომბერს, კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ და იგი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

11. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად აითვალა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა მოპასუხე კომპანიის ბუღალტრად მითითებული პირისათვის სასამართლოს გზავნილის ჩაბარების მომენტიდან, ვინაიდან გზავნილის ჩაბარებაზე ხელმომწერი პირი არასოდეს ყოფილა მოპასუხე კომპანიის ბუღალტერი. მას არანაირი ოფიციალური ურთიერთობა არ გააჩნია მოპასუხესთან და არ იყო უფლებამოსილი, ჩაებარებინა მის სახელზე გამოგზავნილი საპროცესო დოკუმენტი. აღნიშნული პირი წარმოადგენს მოპასუხის ადგილმდებარეობის მეზობლად, იმავე მისამართზე ფაქტობრივად განთავსებული სხვა იურიდიული პირის ბუღალტერს.

12. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა ჩათვალა, რომ მოპასუხეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია. მხარე გადაწყვეტილებას გაეცნო www.info.court.ge ვებგვერდის დახმარებით 2017 წლის 22 ოქტომბერს და 24 ოქტომბერს შეიტანა სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, კანონით დადგენილი საპროცესო ვადა მას არ დაურღვევია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი საპროცესო ვადის გაშვების გამო.

15. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

16. მითითებული ნორმა განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის შეტანის იმპერატიულ ვადას – 14 დღეს და ადგენს, რომ აღნიშნული საპროცესო ვადის ათვლა დაიწყება მხარისათვის დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

17. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით დასტურდება, რომ მოპასუხე კომპანიისათვის გაგზავნილი პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს, კერძოდ, ბუღალტერს. მიეთითა აღნიშნული პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი (ს.ფ 385).

18. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე საზოგადოების არგუმენტს, რომ ზემოთ დასახელებული პირი არ წარმოადგენს მოპასუხე დაწესებულების ბუღალტერს და არანაირი ოფიციალური კავშირი მასთან არ აქვს, არამედ მითითებული პოზიცია უკავია მოპასუხის მეზობლად, იმავე მისამართზე მდებარე სხვა ორგანიზაციაში.

19. სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

20. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.

21. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის მტკიცების საგანს წარმოადგენდა იმ ფაქტის უარყოფა, რომ ფოსტის მეშვეობით იურიდიული პირისათვის გაგზავნილი სასამართლო გზავნილი ჩაბარდა არა ადრესატს, არამედ მეზობლად განთავსებული ორგანიზაციის ბუღალტერს. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად მხარემ წარმოადგინა მეზობელი ორგანიზაციის მიერ გაცემული ცნობა, რომ გზავნილის მიმღები პირი აღნიშნული საზოგადოების და არა მოპასუხე კომპანიის ბუღალტერია. ასევე, წარმოდგენილია უშუალოდ მოპასუხე კომპანიის ცნობა, რომ სადავო პირი არც ამჟამად და არც მანამდე ბუღალტერის პოზიციას არ იკავებდა.

22. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე შეფასების შედეგად განმარტავს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები სარწმუნოდ ვერ ადასტურებს სადავო გზავნილის მიმღები პირის არაუფლებამოსილებას გზავნილის ჩაბარებაზე.

23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რა დროსაც საკასაციო პალატამ გაიზიარა მხარის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო გზავნილის მიმღები პირი ადრესატი მხარის თანამშრომელი არ იყო და აღნიშნული გარემოება დადასტურებულად მიიჩნია უტყუარი მტკიცებულების – შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ორგანიზაციის მიერ კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში გაცემული თანხისა და დაკავებული თანამდებობების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე (იხ. სუსგ 31.01.2017წ. №ას-1007-968-2016).

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე კერძო საჩივარზე დართული ზემოაღნიშნული ცნობა გაცემულია დავის სამართლებრივი შედეგით უშუალოდ დაინტერესებული პირის – მოპასუხის მიერ. რაც შეეხება მეორე იურიდული პირს, წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან არ დასტურდება, რომ მისი მისამართი მოპასუხე კომპანიის მისამართის იდენტური ან მეზობლად განთავსებულია.

25. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებას, რომ საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინების ასლი მოპასუხეს გაეგზავნა მის მიერ საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2017 წლის 6 ოქტომბერს ჩაბარდა კომპანიის წარმომადგენელს ამ უკანასკნელის სახელის, გვარისა და პირადი ნომრის მითითებით. მოპასუხემ კი სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2017 წლის 24 ოქტომბერს, კანონით დადგენილი 14-დღიანი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ.

26. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მ.-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე