Facebook Twitter

საქმე №330210016001530228

საქმე №ას-64-64-2018 9 თებერვალი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ჯ.-ე (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ო. გ.-ი (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბერის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ო. გ.-მა (შემდგომში – მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ჯ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 13 სექტემბრიდან არის სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე. მოპასუხე კი ხელს უშლის კუთვნილი ნივთით სარგებლობაში.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან, რაზეც მოპასუხემ შეიტანა საჩივარი.

5. ამავე სასამართლოს 2017 წლის 7 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბერის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2017 წლის 7 ივნისის სასამართლო სხდომაზე სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დასაბუთებული განჩინება გამოაცხადა და მისი გასაჩივრების ზემოაღნიშნული წესი და ვადა განმარტა. აღნიშნულ სხდომას ესწრებოდნენ მოპასუხე და მისი წარმომადგენელი.

8. შესაბამისად, მოპასუხეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ივნისის განჩინებაზე სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის უფლება ჰქონდა 2017 წლის 21 ივნისის ჩათვლით.

9. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ივნისის განჩინებასა და 2017 წლის 8 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოში შეიტანა დაგვიანებით, 2017 წლის 26 ივლისს (ს.ფ. 138).

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-60 მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების, 61-ე მუხლის, 59-ე, 63-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და მისი დასაშვებობის თაობაზე არსებული სადავო საკითხების საქმეზე ზეპირი განხილვის გზით გამორკვევა. ვინაიდან, საქმის ზეპირი მოსმენის დროს დადგინდა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხემ გაუშვა გასაჩივრების ვადა. სააპელაციო სასამართლო მიიჩნია, რომ სსსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

12. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად აითვალა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა. საფუძველს მოკლებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მოპასუხეს სასამართლომ სხდომაზე გამოუცხადა დასაბუთებული გადაწყვეტილება და განუმარტა მისი გასაჩივრების წესი. აღნიშნული გარემოება არ დასტურდება სადავო სხდომის ოქმის ვიდეო და აუდიო ჩანაწერებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მოკლე განმარტება გააკეთა მხარეთა თანდასწრებით საჩივრის არგუმენტების დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით. მოპასუხე ვერ იხსენებს, რომ სასამართლოს გამოექვეყნებინოს განჩინების დასაბუთებული ვერსია. მეტიც, განჩინების გასაჩივრებაზე საუბრისას მხარემ აღნიშნა, რომ მიზანშეწონილია მას ჩაბარდეს დასაბუთებული განჩინება წერილობითი სახით, რათა გაეცნოს მის არგუმენტებს და შემდეგ წარადგინოს სააპელაციო საჩივარი.

13. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ იგი დროდადრო აკითხავდა მოსამართლის თანაშემწეს დასაბუთებული განჩინების ჩასაბარებლად, თუმცა სასამართლო მოხელე პასუხობდა, რომ საპროცესო დოკუმენტი მზად არ იყო. განჩინების სრული ვერსიის ჩაბარება მხარემ შეძლო 2017 წლის 25 ივლისის მიმართვის საფუძველზე, 2017 წლის 26 ივლისს და იმავე დღეს წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

15. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი საპროცესო ვადის გაშვების გამო.

16. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

17. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ.

18. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.

19. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).

20. მოცემულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ივნისის სხდომის ოქმიდან და განჩინების სარეზოლუციო ნაწილიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ სხდომაზე გამოცხადდა დასაბუთებული განჩინება. დასახელებულ გარემოებაზე მეტყველებს განჩინების გასაჩივრების წესი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანა მოცემულ განჩინებაზე უნდა მომხდარიყო მისი გამოცხადებიდან მე-14 დღეს.

21. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ საქალაქო სასამართლომ მხარეებს გამოუცხადა არა დასაბუთებული განჩინება, არამედ მისი სარეზოლუციო ნაწილი, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მხოლოდ მხარის განმარტება საკმარისი არ არის. მით უფრო, რომ მოპასუხე დარწმუნებით ვერ უარყოფს დასაბუთებული განჩინების გამოცხადების ფაქტს და მიუთითებს, რომ ასეთს ვერ იხსენებს.

22. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული მოსაზრების გაზიარების შემთხვევაშიც არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

23. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი მტკიცების სტანდარტის დაცვით მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ იგი გასაჩივრებული განჩინების თუნდაც სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში გამოცხადდა საქალაქო სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩასაბარებლად მაშინ, როდესაც უტყუარადაა დადგენილი ის ფაქტი, რომ მხარე ესწრებოდა საქმეზე სამართლებრივი შედეგის გამოცხადებას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არ არის სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტი იმის თაობაზე, რომ სასამართლო განჩინება კანონით დადგენილ ვადაში მზად არ იყო.

24. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 7 ივნისს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემთხვევაშიც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყებოდა 2017 წლის 8 ივლისიდან და ამოიწურებოდა 21 ივლისს. სააპელაციო საჩივარი კი, მხარემ შეიტანა 2017 წლის 26 ივლისს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი კანონიერად დატოვა განუხილველად.

25. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ჯ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბერის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე