Facebook Twitter

საქმე №140210016001597954

საქმე №ას-71-71-2018 9 თებერვალი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. ჭ.-ი (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ.-ი (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ. მ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ჭ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე უკანონოდ ფლობს მის კუთვნილ უძრავ ნივთს და საკუთარი ნებით არ ათავისუფლებს მას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო. ამავე სასამართლოს 27 მარტის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 241-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აპელანტი არ მიუთითებს ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების არსებობაზე, რაც დააბრკოლებდა, შესაგებლის წარმოუდგენეობის გამო, მოპასუხის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას.

6. აპელნტმა სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, ავადმყოფობით.

7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს არ წარუდგენია სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხის ავადმყოფობა და შესაგებლის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზი. ამასთან, აპელანტი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარში შესაგებლის წარუდგენლობის ამ საპატიო მიზეზზე არ მიუთითებდა და განმარტავდა, რომ შესაგებელი არ წარადგინა, რადგან მოსარჩელესთან საუბრის შემდეგ ჩათვალა, რომ მოსარჩელე გაიხმობდა სარჩელს, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ მიიჩნია საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად.

8. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე დაყრდნობით (მხარე ვარაუდობდა, რომ მოსარჩელე გაიხმობდა სარჩელს) გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილება. აუცილებელია, ობიექტური საფუძველი – მტკიცებულებით დადასტურებული გარემოება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებს, რომ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ შეძლო საპროცესო მოქმედების შესრულება.

9. ამრიგად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებულ განჩინებაში მოცემულ დასკვნებსა და შეფასებებს, რომ საჩივრის ავტორმა ვერ დაამტკიცა შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების არსებობა, შესაბამისად, არ არსებობს ამ საფუძვლით გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

10. დაუსაბუთებელია აპელანტის მტკიცება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რადგან სასამართლომ არ გამოიკვლია მოპასუხის მიერ ნივთის ფლობის მართლზომიერება, ასევე, არასწორია სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ გაურკვეველია მოპასუხის უფლებამონაცვლეობის საკითხი.

11. სააპელაციო პალატამ სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველ, მეშვიდე ნაწილების, 2321 მუხლის საფუძველზე განმარტა, რომ თუ სარჩელზე არ არის წარმოდგენილი შესაგებელი, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად შემოწმებას, სარჩელში მითითებული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას.

12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უკანონოდ ფლობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 170-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, ხოლო მოპასუხის მფლობელობის მართლზომიერებას სასამართლო შეამოწმებდა საქმის არსებითად განხილვის შედეგად, იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სარჩელზე წარადგენდა შესაგებელს და ამ გზით სადავოდ გახდიდა სარჩელში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც მოპასუხემ არ განახორციელა.

13. რაც შეეხება საჩივარში მითითებულ გარემოებებს უფლებამონაცვლეობის თაობაზე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია მოპასუხის მიმართ და არ არსებობდა საფუძველი, სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, უფლებამონაცველობის დადგენისათვის, შესაბამისად, დაუსაბუთებელია აპელანტის მტკიცება, რომ უფლებამონაცვლეობის დადგენამდე სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესაგებლის არარსებობის პირობებშიც.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

15. კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია. სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა შესაგებლის წარუდგენლობის მიზეზზე და არ გაითვალისწინა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელი იყო მისი მხარის უფლებამონაცვლეობისა და სადავო ქონების მართლზომიერად ფლობის საკითხები. ასევე, სააპელაციო პალატას არ შეუფასებია ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ნივთის ღირებულება მოსარჩელეს სრულად არ გადაუხდია.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

17. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

18. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ, მისთვის სარჩელის ჩაბარების მიუხედავად, კანონით დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარადგინა და ვერ მიუთითა სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ მტკიცებულებაზე, რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხის ავადმყოფობა და შესაგებლის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზი. ამასთან, აპელანტი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარში შესაგებლის წარუდგენლობის ამ საპატიო მიზეზზე არ მიუთითებდა და განმარტავდა, რომ შესაგებელი არ წარადგინა, რადგან მოსარჩელესთან საუბრის შემდეგ ჩათვალა, რომ მოსარჩელე გაიხმობდა სარჩელს, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ მიიჩნია საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად.

19. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოპასუხემ არ დაეთანხმა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის, მხარის უფლებამონაცვლეობისა და სადავო ფართის მართლზომიერად ფლობის საკითხებზე, რის გარეშეც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელი იყო.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

22. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წანამძღვრები.

24. სსსკ-ის 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

25. ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაიშვება თუ: ა) მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე) სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით იქნა ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით ჩაბარდა სარჩელი (სააპელაციო საჩივარი) და თანდართული მასალები და ამომწურავად განემარტა ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგები; ბ) მოპასუხემ ბრალეულად დაარღვია შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა; გ) სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. აღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას.

26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად შემოწმებას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა, იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და საქმის არსებითად განხილვის აუცილებლობას, იმ განსხვავებით, რომ ასეთ დროს მოპასუხისაგან მტკიცებულებების მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს (სუსგ 24.03.2014წ. საქმე №ას-535-509-2013).

27. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, ხოლო კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია იმ ფაქტის მიმართ, რომ სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხეს ჩაბარდა, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. მხოლოდ კასატორის საწინააღმდეგო განმარტება აღნიშნული გარემოების გასაქარწყლებლად საკმარისად ვერ ჩაითვლება, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ფაქტის ამსახველი რაიმე მტკიცებულება კი თავისი პოზიციის დასადასტურებლად მოპასუხემ ვერ წარადგინა.

28. საკასაციო სასამართლო მოცემული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლად ვერ მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას, რომ სასარჩელო განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებანი სარჩელის მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა, რაც სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

31. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

32. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. (სუს №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება, №ას-1032-952-2017 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება).

33. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს. მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია. მას არ უსარგებლია სარჩელისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების – შესაგებლის წარდგენის შესაძლებლობით, რათა უარეყო მოსარჩელის არგუმენტები მის მიერ სადავო ფართის მართლზომიერად ფლობისა და სხვა, მათ შორის, საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებების მითითების თაობაზე.

34. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება მოპასუხის მოსაზრება, რომ არსებობდა შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე დაყრდნობით (მხარე ვარაუდობდა, რომ მოსარჩელე გაიხმობდა სარჩელს) გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილება. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევისათვის მხარის მხრიდან შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის აუცილებლობას, რაც მოპასუხემ ვერ განახორციელა.

35. ასევე, საფუძვლიანია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება, რომ მოცემულ საქმეზე სარჩელი აღძრულია უშუალოდ მოპასუხის მიმართ და არ არსებობდა საფუძველი, სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, უფლებამონაცველობის დადგენისათვის, შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოპასუხის მტკიცება, რომ უფლებამონაცვლეობის დადგენამდე სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესაგებლის არარსებობის პირობებშიც.

36. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

37. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

39. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

41. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 25 იანვრის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ჭ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ნ. ჭ.-ს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 25 იანვრის №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე