Facebook Twitter

საქმე №330210115700891

საქმე №ას-79-79-2018 9 თებერვალი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. გ.-ე, გ. ბ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ო. ლ.-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა, საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქალაქო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა ო. ლ.-ის (შემდგომში – მოსარჩელე) განცხადება და ყადაღა დაედო ნ. გ.-ის (შემდგომში – განმცხადებელი, კერძო საჩივრის ავტორი) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.

2. ამავე სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის განჩინებით განმცხადებლის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გარკვეულ ქონებას ყადაღა მოეხსნა, ხოლო დანარჩენ ნაწილში საქმე გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს განსახილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 მაისის განჩინებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გამოყენებული ყადაღა კი შეიცვალა გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვით.

განმცხადებლის მოთხოვნა:

4. განმცხადებელმა წერილობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 მაისის განჩინების გადახედვა ან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საგნის შეცვლა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 იანვრის განჩინებით განცხადება დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 იანვრის განჩინებაზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განმცხადებელმა შეიტანა საჩივარი, რაზეც თბილისის სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომმა ინსტანციამ, მიიღო 2015 წლის 8 მაისის განჩინება. იმის გათვალისწინებით, რომ ზემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივართან დაკავშირებით საბოლოოა და არ საჩივრდება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 მაისის განჩინება კანონიერ ძალაშია შესული.

7. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხელმეორედ ვერ იმსჯელებს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების კანონიერებაზე, ვინაიდან ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება.

8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია, რომ 2015 წლის 8 მაისის განჩინების კანონიერება უნდა გადაიხედოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ-ის 422-423-ე მუხლების) ფარგლებში (გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება), ვინაიდან 2015 წლის 8 მაისის განჩინება (რომელიც მიღებულია სარჩელის უზრუნველყფოის ღონისძიების გამოყენების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 21 იანვრის განჩინებაზე წარდგენილი საჩივრის განხილვის შედეგად სსსკ-ის 1971 მუხლის საფუძველზე) არ შეიძლება განხილულ იქნეს იმ შემაჯამებელ გადაწყვეტილებად, რომლითაც სრულდება საქმის წარმოება და რომლის კანონიერებაც შეიძლება შემოწმდეს სსსკ-ის 422-ე ანდა 423-ე მუხლებით დადგენილ პროცესუალურ-სამართლებრივ რეჟიმში. ამდენად, განმცხადებლის მოთხოვნა საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დაუშვებლობის გამო დატოვებული უნდა იქნეს განუხილველად.

9. რაც შეეხება განმცხადებლის ალტერნატიულ მოთხოვნას, უზრუნველყოფის საგნის შეცვლის თაობაზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განცხადებას ამ ნაწილშიც უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. დადგენილია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 21 იანვრის განჩინებით. სააპელაციო პალატამ 2015 წლის 8 მაისის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული აკრძალვა შეამსუბუქა და, ყადაღის ნაცვლად, გამოიყენა გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა. შესაბამისად, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 8 მაისის განჩინებით რაიმე ახალი უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა, არამედ მოხდა მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების (ყადაღის) ფარგლებში უფრო მსუბუქი შეზღუდვის მქონე ღონისძიების გამოყენება, რაც იმას ნიშნავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამომყენებელ სასამართლოდ კონკრეტულ შემთხვევაში ითვლება თბილისის საქალაქო სასამართლო.

10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საპროცესო კანონი პირდაპირ (სსსკ-ის 1961 მუხლი) არ უთითებს უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მოთხოვნის შემთხვევაში უფლებამოსილ, განცხადების განმხილველ სასამართლოზე, შესაბამისად, სსსკ-ის მე-7 მუხლის (კანონის ანალოგია) პირველი ნაწილის საფუძველზე გამოყენებულ უნდა იქნეს ამავე კოდექსის193-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტს ამ სარჩელის განმხილველი სასამართლო.

11. ამგვარად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნა საქალაქო სასამართლოს მიერ და შემდგომ არსებითად არ შეცვლილა, უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ განცხადების განხილვის უფლებამოსილებაც საქალაქო სასამართლოს აქვს, მით უფრო, რომ სარჩელი, რომლის უზრუნველყოფის საგნის შეცვლასაც განმცხადებელი ითხოვს, იმყოფება საქალაქო სასამართლოს განხილვაში, შესაბამისად, უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ განცხადებით განმცხადებელმა უნდა მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განმცხადებელმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

13. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფა მისი კუთვნილი ქონებით არასწორად მოხდა. აღნიშნული გარემოება სააპელაციო პალატას არ შეუმოწმებია. იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო არ იმსჯელებდა გასაჩივრებული განჩინებების კანონიერებაზე, განმცხადებელმა მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა.

14. მხარემ განმარტა, რომ შესასრულებელი აქვს სასწრაფო ღონისძიებები ბანკთან მიმართებით და გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით ზიანი ადგება.

15. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ბ.-ემაც. მან გაიზიარა განმცხადებლის კერძო საჩივრის მოტივები და დასძინა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებითა და სააღსრულებო ფურცლით იგი ცნობილ იქნა უფლებამონაცვლედ იმ სასამართლო გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მოსარჩელე მხარის მიმართაა გამოტანილი. ამდენად, მოსარჩელე არასათანადო მხარეა და არ გააჩნია უფლებამოსილება, ედავოს განმცხადებელს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ქონება აღრიცხულია განმცხადებლის სახელზე, რეალურად იგი ეკუთვნის გ. ბ.-ეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

17. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ მხარის იმ განცხადების განუხილველად დატოვების კანონიერება, რომლითაც განმცხადებელი მოითხოვდა საქმის წარმოების განახლებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინებაზე ან, ალტერნატიული მოთხოვნის სახით, ითხოვდა უზრუნველყოფის ღონისძიების საგნის შეცვლას.

18. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება და ყადაღა დაედო კერძო საჩივრის ავტორის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. ამავე სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის განჩინებით განმცხადებლის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გარკვეულ ქონებას ყადაღა მოეხსნა, ხოლო დანარჩენ ნაწილში საქმე გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს განსახილველად.

19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 მაისის განჩინებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გამოყენებული ყადაღა კი შეიცვალა გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვით.

20. სააპელაციო პალატის აღნიშნულ განჩინებასთან დაკავშირებით განმცხადებელმა წერილობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა, განჩინების კანონიერების გადახედვის მიზნით, საქმის წარმოების განახილება, რა დროსაც უნდა განხორციელდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დეტალურად შესწავლა ან, მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, უზრუნველყოფის საგნის შეცვლა. ამდენად, მხარის განცხადებიდან გამომდინარეობს, რომ განმცხადებლის მიზანია, მის სახელზე რიცხულ და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთულ ქონებაზე საბანკო დაწესებულებასთან შესასრულებელი „სასწრაფო და გადაუდებელი ღონისძიებების“ განხორციელება (იხ. კერძო საჩივარი, ტომი 9, ს.ფ. 246).

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

22. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.

23. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას წარმოდგენილი განცხადების დაუშვებლობასთან დაკავშირებით.

24. სსსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის წინამდებარე მოთხოვნა საქმის წარმოების განახლების თაობაზე კანონის ზემოთ მოყვანილ დანაწესს არ შეესაბამება. ფაქტობრივად, მხარე პრეტენზიას გამოთქვამს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების მიმართ და მისი მიზანია, განჩინების კანონიერების კიდევ ერთხელ შემოწმება, რა დროსაც საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების შეტანის საპროცესო-სამართლებრივ შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

26. ასევე, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ განცხადება მხარეს უნდა შეეტანა საქალაქო სასამართლოში, რომლის წარმოებაშიც (როგორც სააპელაციო პალატაც აღნიშნავს) სადავო ღონისძიებით უზრუნველყოფილი სარჩელი იმყოფება.

27. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. გ.-ისა და გ. ბ.-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე