Facebook Twitter

საქმე №330210016001452228

საქმე №ას-113-113-2018 15 თებერვალი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. გ.–ი (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.-ი“ (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს „ს.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. გ.–ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მის სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ნივთი, რომელსაც უკანონოდ ფლობს და საკუთარი ნებით არ ათავისუფლებს მოპასუხე მხარე. ამასთან, ამ უკანასკნელს მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე სადავოდ არ გაუხდია.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ დაკმაყოფილდა, თუმცა მხარეს უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნაზე, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად.

7. მითითებულ უძრავ ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 2013 წლის 26 თებერვალს დამოწმებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს №A12045053 -011/001 განკარგულება.

8. მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ ზემოთ მითითებულ უძრავ ნივთებს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე.

9. წინამდებარე სასარჩელო განცხადების მოთხოვნას წარმოადგენდა სადავო უძრავი ნივთების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.

10. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

11. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის მიხედვით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

13. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს უძრავი ნივთების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით, რომელთა მიმართ, სსსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, დადგენილია, რომ აპელანტი (მოპასუხე) წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთების მფლობელს.

14. რაც შეეხება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთებზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

15. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული საკუთრების უფლების ხელყოფის საფუძველი ვერ გახდება აპელანტის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოსარჩელემ არასწორად მოიპოვა საკუთრების უფლება სადავო ნივთებზე, რადგან მხარე კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ ხდის ამ უძრავ ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს (კონკრეტულ შემთხვევაში სააღსრულებო ბიუროს განკარგულებას). სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სიკეთის დაცვა უნდა ხორციელდებოდეს კანონიერების ფარგლებში და არა კანონმდებლობის მოთხოვნათა, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ხარჯზე.

16. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან უნდა არსებობდეს სსკ-ის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, საქალაქო სასამართლომ სარჩელი მართებულად დააკმაყოფილა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

18. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ გამოიკვლია გარემოება იმის შესახებ, თუ რა უკანონო გზით მოიპოვა მოსარჩელემ საკუთრების უფლება მის კუთვნილ ქონებაზე, კასატორისათვის არ უცნობებია ინფორმაცია მის წინააღმდეგ გატარებული ზომების შესახებ.

19. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

21. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

22. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად.

23. მითითებულ უძრავ ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 2013 წლის 26 თებერვალს დამოწმებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს №.. განკარგულება.

24. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ ზემოთ მითითებულ უძრავ ნივთებს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე. მხარეს კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია ამ უძრავ ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი (კონკრეტულ შემთხვევაში სააღსრულებო ბიუროს განკარგულება).

25. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ გამოიკვლია გარემოება იმის შესახებ, თუ რა უკანონო გზით მოიპოვა მოსარჩელემ საკუთრების უფლება მოპასუხის კუთვნილ ქონებაზე, ასევე, კასატორისათვის არ უცნობებია ინფორმაცია მის წინააღმდეგ გატარებული ზომების შესახებ.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

28. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

31. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

32. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

33. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს. აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

34. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია, თუმცა, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მან ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

35. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხეს შეგებებული სარჩელის ან დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის სასამართლოში წარდგენის გზით მოსარჩელის მიერ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების კანონიერების საკითხი სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, დასაშვებ საკასაციო პრეტენზიად ვერ ჩაითვლება კასატორის არგუმენტი, რომ სააპელაციო პალატას აღნიშნული გარემოება არ გამოუკვლევია.

36. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, ვინაიდან, გამოიკვეთა სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, ნივთის მისთვის გადაცემა მოეთხოვა. (სუს №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება, №ას-1032-952-2017 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება, №ას-1375-1295-2017 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება).

37. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

38. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

40. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე