საქმე №ზ-22-გან-2-2018 6 თებერვალი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – ნ. გ.-ე, ჯ. ხ.-ი (შემდგომში – მოპასუხე)
განჩინება, რომლის განმარტებასაც განმცხადებელი მოითხოვს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ივნისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – განჩინების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი №ას-1152-1098-2013 საქმეზე ამხანაგობის კრების გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
განცხადების მოთხოვნა და საფუძვლები:
2. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ნ. გ.-ემ და ჯ. ხ.-მა (შემდგომში – განმცხადებლები), რომელთაც მოითხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ივნისის №ას-1152-1098-2013 განჩინების განმარტება. განმცხადებლების მითითებით, დასახელებული განჩინებით განუხილველად დარჩა საკასაციო საჩივარი სააპელაციო პალატის იმ განჩინებაზე, რომლითაც დადგინდა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა დაფუძნდა ისეთ კორპუსებშიც, სადაც არც ერთი საცხოვრებელი ბინა არ ყოფილა და არის მხოლოდ ბიზნესცენტრები. აღნიშნული განჩინების შესახებ განმცხადებლებმა შეიტყეს მაშინ, როდესაც თბილისის მერიასთან დავისას ერთ-ერთმა ორგანიზაციამ მათ წინააღმდეგ წარადგინა განჩინება და მიუთითა, რომ უზენაესი სასამართლოს განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნა შესაძლებელია ისეთ კორპუსშიც, რომელშიც საცხოვრებელი ბინები არ არის და მხოლოდ კომერციული ობიექტებია.
3. განმცხადებლები ამგვარ პრაქტიკას არ დაეთანხმნენ და მოითხოვეს იმის განმარტება, ამკვიდრებს თუ არა ზემოთ მითითებული განჩინება სასამართლო პრაქტიკას მსგავსი კატეგორიის საქმეებზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სასამართლოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას შეეხება სსსკ-ის 262-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
6. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარს.
7. სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების განმარტება არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მთლიანად ან რომელიმე კონკრეტული დებულების სადავოდ გახდის საპროცესო მექანიზმს. დაუშვებელია, მხარემ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ მოთხოვნას საფუძვლად დაუდოს ამა თუ იმ საკითხის არასწორად გადაწყვეტა, კანონის არასწორად გამოყენება ან განმარტება. ამგვარი განცხადება უნდა დაემყაროს მხოლოდ კონკრეტული დებულების ბუნდოვანებას, ორაზროვნებას.
8. ამასთან, ზემოთ მითითებული ნორმა ადგენს სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადების შეტანაზე უფლებამოსილ პირთა წრეს და ასეთებად მიიჩნევს: 1. იმ დავაში უშუალოდ მონაწილე მხარეებს, რომლის განხილვის შედეგადაც იქნა მიღებული განსამარტი გადაწყვეტილება; 2. სააღსრულებო ბიუროს ან კერძო აღმასრულებელს, რომელმაც უნდა აღასრულოს აღნიშნული გადაწყვეტილება.
9. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლები ითხოვენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ივნისის განჩინების განმარტებას ისე, რომ მოცემულ დავაში არც მხარის და არც მესამე პირის საპროცესო სტატუსით არ სარგებლობენ. ამავდროულად, მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია არა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულება, არამედ ის გარემოება, რომ განმცხადებლების მონაწილეობით მიმდინარე სხვა დავის მიმართ არახელსაყრელ ზეგავლენას ახდენს საკასაციო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილში ასახული მსჯელობა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება დაუშვებელია, რადგან განმცხადებლები არ არიან არც განსამარტ გადაწყვეტილებაში მოხსენიებული მოდავე მხარეები, არც სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლები. ასევე, განცხადების თანახმად, განმარტებას მოითხოვს არა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულება, არამედ სამოტივაციო ნაწილში მითითებული ერთ-ერთი გარემოება. შესაბამისად, მოცემული განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. გ.-ისა და ჯ. ხ.-ის განცხადება დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე