Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-650-616-2015 28 ნოემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ი. ჯ-ე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ც-ის უფლებამონაცვლე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

განმცხადებლის მოთხოვნა - დამატებითი განჩინების გამოტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივლისის განჩინებებით ი. ჯ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი ან განმცხადებელი) კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის, დამატებითი გადაწყვეტილების განმარტებასა და უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ, განჩინებისა და ამავე სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისის, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ, განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ხოლო მოსარჩელის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ, განჩინების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ, განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს მოსარჩელის 2015 წლის 8 მაისის, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, შუამდგომლობის ხელახლა განსახილველად; ვ. ც-ის უფლებამონაცვლის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: მოპასუხე, სააგენტო ან კასატორი) საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებისა და 11 მაისის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა (საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინებით და 30 სექტემბრის განჩინებით, უსწორობის გასწორების შესახებ, მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლოს იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (იხ. განჩინებები - ტ.4, ს.ფ. 529-532, 539-541). შესაბამისად, საკასაციო სამართალწარმოების მასალები სრული სახით გადაეგზავნა მოპასუხის უფლებამონაცვლეს - სახელმწიფოს, რომელზედაც გადავიდა უმკვიდრო ქონება (სსკ-ის 1444-ე მუხლი)).

2. 2017 წლის 8 აგვისტოს, 28 სექტემბერსა და 7 ნოემბერს, უზენაეს სასამართლოს განცხადებებით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა ი. პ-მა და მოითხოვა დამატებითი განჩინების გამოტანა. განმცხადებლის განმარტებით მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილებით არაა გადაწყვეტილი საკასაციო შესაგებლით დასმული შუამდგომლობა, კასატორისათვის საკასაციო ეტაპზე სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების დაკისრების თაობაზე (ადვოკატის და სხვა), ასევე, საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კასატორს არ დაკისრებია. აქედან გამომდინარე განმცხადებელი შუამდგომლობს დამატებითი განჩინების გამოტანას საკასაციო ეტაპზე სასამართლოსგარეშე ხარჯების კასატორისათვის დაკისრების საკითხზე; ნაკლიანი სასამართლო აქტის გამოსწორებას წარმოდგენილი შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით, მასზე ადეკვატური საპროცესო შედეგით საპროცესო აქტის მიღებას.

3. განმცხადებლის განმარტებით მას დაცული აქვს კანონით გათვალისწინებული 7-დღიანი ვადა (უზენაესი სასამართლოს განჩინება 2017 წლის 8 აგვისტოს ჩაბარდა განმცხადებელს, განცხადება კი იმავე დღესვეა წარმოდგენილი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგი არგუმენტაციით:

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-31 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში.

5. საკასაციო სასამართლო იზიარებს განმცხადებლის მითითებას, რომ მან განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შეტყობიდან 7 დღის ვადაში წარმოადგინა განცხადება დამატებითი განჩინების მიღების მოთხოვნით.

6. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა, მის სასარგებლოდ უკვე გადახდილი სასამართლოსგარეშე ხარჯის, კასატორისათვის დაკისრების თაობაზე არ გამომდინარეობს სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის დანაწესიდან, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივლისის განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ, განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს მოსარჩელის 2015 წლის 8 მაისის, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, შუამდგომლობის ხელახლა განსახილველად (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი). აღნიშნული კი იმას გულისხმობს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელის 2015 წლის 8 მაისის, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, შუამდგომლობის განხილვა ხელახლა უნდა წარიმართოს. საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებთან მიმართებით კი საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს (სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილი).

8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველს ის გარემოება წარმოშობს, როცა სასამართლოს არ გადაუწყვეტია (გამორჩა) სასამართლო ხარჯების საკითხი. განსახილველ შემთხვევაში კი ასეთი წინაპირობა არ არსებობს, რადგან საკასაციო სასამართლომ სასამართლოსგარეშე ხარჯებთან დაკავშირებული საკითხი არ გადაწყვიტა, რადგან საქმის განხილვა საბოლოოდ ჯერ კიდევ არ დასრულებულა, საქმე დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს მოსარჩელის 2015 წლის 8 მაისის, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, შუამდგომლობის ხელახლა განსახილველად. აქედან გამომდინარე, არ არსებობს დამატებითი განჩინების გამოტანის სამართლებრივი საფუძველი.

9. ზემოთ მოხმობილი ნორმებისა და მსჯელობის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს მოსარჩელის ადვოკატის განცხადებას, დამატებითი განჩინების გამოტანის თაობაზე, საკასაციო სასამართლოს მიერ კასატორისათვის სასამართლოსგარეშე ხარჯის დაკისრების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-31 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ჯ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის განცხადება, დამატებითი განჩინების გამოტანის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე