საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-650-616-2015 (გ) 26 ივლისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი –ი. ჯ-ე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ც-ის უფლებამონაცვლე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე, შებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის განჩინება, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხრეთ ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანოს 24.08.07. მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი # 218 ოქმით ვ. ც-ს (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, უძრავი ქონების მესაკუთრე, გამყიდველი, მეორე აპელანტი, აწ გარდაცვლილი მამკვიდრებელი; მისი უფლებამონაცვლეა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო იხ. ქვემორე 18.8. ქვეპუნქტი) საკუთრებაში გადაეცა ნინოწმინდის რაიონში, აბულ-სამსარის მასივზე მდებარე 7500 ჰა მიწის ნაკვეთი, რაც საჯარო რეესტრში მის საკუთრებად აღირიცხა 13.09.2007წ. (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ, 183-ე, 311-ე, 312-ე მუხლები; იხ. მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი # 218, 24.08.2007წ. - ტ.1, ს.ფ.17 და საჯარო რეეტრის ამონაწერი- ს.ფ.18).
2. ზემოხსენებული უძრავი ქონების მესაკუთრესა და ი. ჯ-ეს (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, მყიდველი, პირველი აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) შორის 2010 წლის 28 ოქტომბერს გაფორმდა განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, უძრავი ქონების მესაკუთრემ მყიდველს განვადებით მიჰყიდა ნინოწმინდის რაიონში, აბულ-სამსარის მასივში მდებარე 7 500 666 კვმ მიწის ნაკვეთი, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული სახელმწიფოს მიერ (სსკ-ის 505-507-ე, 286-ე მუხლები).
3. ხელშეკრულების მე-4 პუნქტის მიხედვით, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 135 000 (ას ოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარად, რაც ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების დღისათვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად, შეადგენდა 240 435 (ორას ორმოცი ათას ოცდათხუთმეტი) ლარს და მყიდველს უნდა გადაეხადა შემდეგი გრაფიკით: ხელშეკრულების დამოწმების დღისათვის - 55 000 (ორმოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი, შემდეგ კი 2011 წლის თებერვლიდან ნოემბრის ჩათვლით, ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვში (20 თებერვალს, 20 მარტს, 20 აპრილს, 20 მაისს, 20 ივნისს, 20 ივლისს, 20 აგვისტოს, 20 სექტემბერს, 20 ოქტომბერს, 20 ნოემბერს) - 8 000 (რვა ათასი) აშშ დოლარი; ამავე პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის ფასის სრულად გადახდამდე ნასყიდობის საგნის მყიდველი მესაკუთრედ აღირიცხებოდა საჯარო რეესტრში (იხ. გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება- ტ.1, ს.ფ. 19-23).
4. მყიდველმა განვადებით შეძენილი უძრავი ქონების (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი), საკადასტო კოდით 6--, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით 2010 წლის 29 ოქტომბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის რაიონის სარეგისტრაციო სამსახურს, რაზედაც სარეგისტრაციო სამსახურის 18.10.2012წ. #882010856215-03 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული უძრავი ნივთი განკარგული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ და იგი რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრებად (იხ. ტ.1 - მყიდველის განცხადება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ- ს.ფ.24, განცხადების მიღების ბარათი და სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება- ს.ფ.25-26).
5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით სამცხე-ჯავახეთის საოლქო განყოფილების უფროსი პროკურორის - ე. ფ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დამტკიცდა ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების გამყიდველს, როგორც ბრალდებულსა და პროკურორს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, უძრავი ქონების გამყიდველი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25.333-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამავე განაჩენით მსჯავრდებულს (რომელიც განსახილველ დავაში მოპასუხეა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით, უსასყიდოლოდ ჩამოერთვა საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულება შეადგენდა 225 000 (ორას ოცდახუთი ათასი) ლარს (იხ. ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენი და განჩინება- ტ.1, ს.ფ. 27-35);
6. 2012 წლის 16 იანვარს ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ უძრავ ქონებაზე /სახელმწიფო კოდით 6-/ დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება (იხ. ტ.2, ს.ფ.124 და ტ.1, ს.ფ.36-37).
7. უძრავი ქონების მყიდველმა (იხ, ამ განჩინების მე-2 პუნქტი) ეტაპობრივად, 2010 წლის 28 ოქტომბრიდან 2011 წლის 21 ივლისის ჩათვლით, გამყიდველის ანგარიშზე გადარიცხა თანხა - ჯამში 147 877.25 (ას ორმოცდაშვიდი ათას რვაას სამოცდაჩვიდმეტი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარი (იხ. სს „ბ-იდან“ სადავო ქონების მყიდველის მიმდინარე ანგარიშიდან ამონაწერი- ტ.1, ს.ფ. 38-39).
8. მყიდველის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის შეტყობინების შემდეგ, გამყიდველმა ნასყიდობის ფასის დაბრუნების მიზნით, მყიდველის ანგარიშზე შეიტანა 2012 წლის 11 ივლისს - 19 460 (ცხრამეტი ათას ოთხას სამოცი) აშშ დოლარი, რაც თანხის შეტანის დღისათვის ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისდ შეადგენდა 32 087.60 (ოცდათორმეტი ათას ოთხმოცდაშვიდი ლარი და სამოცი თეთრი) ლარს და იმავე წლის 2 თებერვალს - 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი, რაც 16 000 (თექვსმეტი ათასი) ლარს შეადგენდა, შესაბამისდ, გამყიდველის მიერ მიღებულ და მყიდველისათვის დაბრუნებულ თანხებს შორის სხვაობა შეადგენს 99 189.65 (ოთხმოცდაცხრამეტი ათას ას ოთხმოცდაცხრა ლარს და სამოცდახუთ თეთრს) - იხ. ამონაწერი მყიდველის ანგარიშიდან - ტ.1, ს.ფ.40.
9. სარჩელის მოთხოვნა
9.1. მყიდველმა 2012 წლის 10 დეკემბერს სარჩელი აღძრა გამყიდველის წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის 99 189.65 (ოთხმოცდაცხრამეტი ათას ას ოთხმოცდაცხრა ლარი და 65 თეთრი) ლარის დაკისრება; ასევე, მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურება 2012 წლის 1 ივლისიდან 2012 წლის 2 ნოემბრამდე 3 569.7 (სამი ათას ხუთას სამოცდაცხრა ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით, ხოლო 2012 წლის 2 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - დავალიანებული თანხის 10%-ის ოდენობით (იხ. დამატებითი სარჩელი - იხ. ტომი 2, ს.ფ. 1-14).
10. მოპასუხის შესაგებელი
10.1. მოპასუხემ არ ცნო მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი და მიუთითა, რომ მან მყიდველს მიჰყიდა მის საკუთრებაში არსებული უფლებრივად უნაკლო ნივთი და მიუხედავად იმისა, რომ ნასყიდობის თანხა მყიდველს მისთვის ეტაპობრივად უნდა გადაეხადა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველი დარეგისტრირებულიყო მესაკუთრედ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ხოლო ნასყიდობის საფასური დაიფარებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში;
10.2. მიუხედავად იმისა, რომ მყიდველმა (მოსარჩელემ) მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს, იგი შეგნებულად თავს არიდებდა იმის განმარტებას, დაკმაყოფილდა თუ არა მისი მოთხოვნა რეგისტრაციის შესახებ და უარყოფით შემთხვევაში, რა ზომებს მიმართა მოსარჩელემ დარღვეული უფლების აღსადგენად;
10.3. მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2012 წლის 16 იანვარს, ხოლო მოსარჩელემ სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა ჯერ კიდევ 2010 წლის 29 ოქტომბერს. მოპასუხის აზრით, მოსარჩელემ თავისი უმოქმედობით გამოიწვია ის გარემოება, რომ აღმოჩნდა ე.წ. დაზარალებულის მდგომარეობაში. იგი 2011 წლის ივლისამდე აგრძელებდა თანხის გადახდას და 14 თვის განმავლობაში არანაირი პრეტენზია არ წაუყენებია არც საჯარო რეესტრისათვის და არც უშუალოდ ქონების გამყიდველისათვის;
10.4. არც ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ არ უცნობებია მოსარჩელეს მოპასუხისათვის, ხოლო ამ უკანასკნელს თანხის ნაწილი ძალადობისა და დაპატიმრების მუქარით დააბრუნებინეს. შესაბამისად, გამყიდველი თვითონვეა დაზარალებული, რადგან შექმნილი ვითარების გამო იპოთეკით დატვირთა თავისი ყველა ქონება, მან დაკარგა კანონიერად ნაყიდი ქონება. მოსარჩელეს ზიანი მიადგა საკუთარი უმოქმედობისა და საჯარო რეესტრის ქმედებით და არა მოპასუხის გამო, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა (იხ.შესაგებელი - ტ. 1, ს.ფ. 132-141, სხდომის ოქმი).
11. მოპასუხის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
11.1. მოპასუხემ 2013 წლის 19 ივლისს უძრავი ქონების მყიდველის წინააღმდეგ შეგებებული სარჩელი აღძრა და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის 141 244.75 (ას ორმოცდაერთი ათას ორას ორმოცდაოთხი ლარის და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის დაკისრება (იხ. ტ.2, ს.ფ. 32-57)
12. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე
12.1. მყიდველმა მოპასუხის შეგებებული სარჩელის პასუხად წარდგენილი შესაგებლით არ ცნო გამყიდველის მოთხოვნა და მიუთითა, რომ მყიდველს არ გადასცემია ნაყიდი უძრავი ქონება, რადგან მას არ გადასცემია ამ ქონებაზე საკუთრების უფლება კანონით დადგენილი წესით. მყიდველმა ყველა ვალდებულება შეასრულა და გამყიდველის (განსახილველ დავაში მოპასუხისა და იმავდროულად შეგებებული მოსარჩელის) დანაშაულებრივი ქმედების გამო მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვა არ შეიძლება ჩაითვალოს მყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევად;
12.2. მყიდველს არ მიუძღვის ბრალი სახელმწიფოს სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში და იგი ვერც ამ მიწის ნაკვეთის დაბრუნებაზე იქონიებს გავლენას, რადგან მყიდველის საკუთრებაში არასოდეს ყოფილა აღნიშნული მიწის ნაკვეთი. ამასთან, ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ ცნობილი იყო გამყიდველისათვის, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ ამ უკანასკნელმა ნებაყოფლობით დაუბრუნა მყიდველს თანხის ნაწილი ორჯერ გადახდით, რითაც აღიარა მოსარჩელის კანონიერი უფლება თანხის დაბრუნებაზე. საპირისპიროს დასამტკიცებლად საქმეში რაიმე მტკიცებულება არ იყო წარდგენილი, შესაბამისად, უსაფუძვლო იყო შეგებებული სარჩელის მოთხოვნა და იგი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ. შესაგებელი, ტ.2, ს.ფ 79-90).
13. სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
13.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მყიდველის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
13.1.1. მოპასუხეს (გამყიდველს) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 99 189.65 (ოთხმოცდაცხრამეტი ათას ას ოთხმოცდაცხრა ლარი და 65 თეთრი) ლარის გადახდა;
13.1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი -1000 (ათასი) ლარი;
13.1.3. დანარჩენ ნაწილში მყიდველის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
13.1.4. გამყიდველის (მოპასუხის) შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
13.1.5. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 2976 (ორი ათას ცხრაას სამოცდათექვსმეტი) ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
13.2. რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ არსებობდა უდავო ფაქტობრივი გარემოებები და წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში ასახული სადავო ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა, ხოლო გადაწყვეტილების სამართლებრივი მოტივაციისას გამოიყენა სსკ-ის 183-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 352-ე, 354-355-ე, 405-ე, 411-ე, 414-ე, 477-ე, 505-ე მუხლები.
13.3. საქმის მასალებით დადგენილია, რასაც მხარეებიც არ უარყოფენ, რომ ნასყიდობის საგანზე მყიდველის საკუთრების უფლება არ გადასულა, რადგან აღნიშნული უძრავი ნივთი განკარგულია არაუფლებამოსილი პირის მიერ და იგი რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებად.
13.4. სასამართლომ განმარტა, რომ ორმხრივი ხელშეკრულების არსებობის პირობებში არსებითია, რომ ხელშეკრულება შეასრულოს ორივე მხარემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დადგეს ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი შედეგები.
13.5. სასამართლოს შეფასებით, მხარეთა შორის გაფორმებული იყო გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მხარეებიც იყვნენ, ერთი მხრივ, გამყიდველი (მოპასუხე) და, მეორე მხრივ, მყიდველი (მოსარჩელე).
13.6. სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი“. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, „მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება“. სსკ-ის 505-ე მუხლით, ”განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში“. ამავე კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, „უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში“.
13.7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გამყიდველმა ვერ უზრუნველყო მყიდველისათვის (მოსარჩელისათვის) ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლების გადაცემა. სსკ-ის 405-ე მუხლი კი აწესებს, რომ „თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი“. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების წინაპირობად დამატებითი ვადის დაწესებას განიხილავს. ბუნებრივია, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა, რომელიც იწვევს ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის ანულირებას, არ შეიძლება განხორციელდეს მოვალისათვის ხელმეორედ შესაძლებლობის მიცემის გარეშე. თუმცა, დამატებითი ვადა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ შესასრულებელი ვალდებულების თავისებურებიდან, არამედ მხედველობაშია მისაღები ასევე კრედიტორის ინტერესები. დამატებითი ვადის დაწესება აზრს კარგავს, როდესაც აშკარაა, რომ ამ პირობებშიც კრედიტორისათვის ხელსაყრელი შედეგების მიღწევა შეუძლებელია.
13.8. სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარდგენილი მასალებით დასტურდებოდა, რომ იმ პერიოდისათვის, როდესაც მოსარჩელემ შეწყვიტა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება გრაფიკით დადგენილი თანხის გადაუხდელობით, ნასყიდობის საგანი აღრიცხული იყო სახელმწიფოს საკუთრებად. ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, მოცემულ შემთხვევაში დამატებითი ვადის განსაზღვრას აზრი არ ჰქონდა.
13.9. სასამართლომ იმსჯელა, რომ საქმის მასალებში წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებები, უდავოდ ადასტურებდა, რომ გამყიდველმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.
13.10. სასამართლომ წინამდებარე განჩინების მე-2 და მე-7 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დაადგინა, რომ გამყიდველმა ვერ უზრუნველყო მყიდველისათვის (მოსარჩელისათვის) ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლების გადაცემა. აღნიშნული გარემოება უფლებას აძლევდა მოსარჩელეს, მოეთხოვა მის მიერ გადახდილი თანხის დაბრუნება.
13.11. სსკ-ის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება)“, ხოლო სსკ-ის 352-ე მუხლის დანაწესით, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების განხორციელების შემთხვევაში, ორივე მხარე თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების შესრულებისაგან და ეკისრებათ ორმხრივი რესტიტუცია. ამ შემთხვევაში მხარეები ვალდებულნი არიან, დაუბრუნდნენ ხელშეკრულების დადებამდე არსებულ მდგომარეობას.
13.12. სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც იგი ვალდებული იყო დაებრუნებინა მიღებული თანხა, რომელიც შეადგენდა 99 189.65 (ოთხმოცდაცხრამეტი ათას ას ოთხმოცდაცხრა ლარი და 65 თეთრი) ლარს.
13.13. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) განმარტება მოსარჩელის (მყიდველის) მიერ მიწის ნაკვეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით, რამდენადაც ნასყიდობის საგანი სახელმწიფოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა გამყიდველის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენით, რომლითაც ეს უკანასკნელი მსჯავრდებულ იქნა (იხ. ამ განჩინების მე-5 პუნქტი), ამ ვითარებაში მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის დაბრუნება როგორც ფაქტობრივი, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით შეუძლებელი იყო, რადგან მის საკუთრებაში აღნიშნული მიწის ნაკვეთი არასოდეს არ ყოფილა.
13.14. სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად „ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო“. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრვი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალისწინებული. ზემოხსენებული ნორმა სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს, ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც ისევე, როგორც ზიანი, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით. მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ მოპასუხისათვის თანხის საქართველოს კომერციულ ბანკებში სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის შემთხვევაში იგი მოგების სახით მიიღებდა სარგებელს.
13.15. სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით მიაყენა ზიანი კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ამგვარი გარემოება საქმეში წარდგენილი მასალების მიხედვით არ იკვეთებოდა. მიუღებელი შემოსავალი, როგორც ზიანის ერთ-ერთი ფორმა მეორადი მოთხოვნის უფლებაა და პირდაპირ კავშირშია ძირითად ვალდებულებასთან. მისი წარმოშობის წინაპირობაა ძირითადი ვალდებულების დარღვევა. ამიტომ, მოსარჩელე არამართებულად ითხოვდა მიუღებელ შემოსავალს, განიხილავდა რა მას ძირითადი ვალდებულებისაგან განყენებულად.
13.16. სსკ-ის 411-ე მუხლი ცალსახად განსაზღვრავს მიუღებელი შემოსავლის ცნებას, რომელიც გულისხმობს სარგებელს, რასაც მხარე მიიღებდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოიცავდა გამყიდველის ვალდებულებას, მყიდველისათვის გადაეცა საკუთრების უფლება ნასყიდობის საგანზე. ამდენად, მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე მიიღებდა უძრავ ქონებას, რაც გამორიცხავდა ყოველგვარ კავშირს მოსარჩელის მიერ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, განსაზღვროს სარგებლის ის ოდენობა, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა.
13.17. სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სადეპოზიტო განაკვეთის ყოველწლიური 10%-ის ოდენობით, დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან მხარეს არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მოსარჩელე საბანკო ანგარიშზე განთავსებით მიიღებდა მის მიერ მითითებულ სარგებელს. შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია სასამართლომ და უარყო.
13.18. სსკ-ის 354-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებები მხარეებმა უნდა შეასრულონ ერთდროულად, ხოლო 355-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის შეგებებულ სარჩელში მითითებული გარემოება, რომ მყიდველს მეორე მხარისათვის - გამყიდველისათვის არ შეუტყობინებია ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, რამდენადაც საქმეში წარდგენილი მტკიცებულებით დადასტურებული იყო, რომ მყიდველის მიერ ვალდებულების შესრულების შეწყვეტისა და ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ შეტყობინების შემდეგ, გამყიდველმა, ნასყიდობის ფასის დაბრუნების მიზნით, მყიდველის ანგარიშზე ორჯერ შეიტანა თანხა (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი). ამდენად, სასამართლოს შეფასებით, გამყიდველის ამგვარი ქმედება - თანხის დაბრუნება მყიდველის ანგარიშზე შეტანის გზით, ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მისთვის ცნობილი იყო მყიდველის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, რასაც იგი დაეთანხმა კიდეც თავისი მოქმედებით და, უფრო მეტიც, მისი ამგვარი შესრულება გულისხმობდა ვალდებულების არსებობას, სსკ-ის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
13.19. სასამართლომ არ გაიზიარა ასევე მოპასუხის შეგებებული სარჩელის პრეტენზია მყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისა და მიწის ნაკვეთის დაბრუნების თაობაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით, ასევე, მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდებოდა, რომ მყიდველმა ეტაპობრივად, 2010 წლის 28 ოქტომბრიდან 2011 წლის 21 ივლისის ჩათვლით, გამყიდველის ანგარიშზე გადარიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით გარკვეული თანხები - სულ 147 877.25 ლარი.
13.20. საქმის მასალებით დადგენილი იყო, რასაც მხარეებიც არ უარყოფდნენ, რომ ნასყიდობის საგანზე მყიდველის საკუთრების უფლება არ გადასულა, რადგან აღნიშნული უძრავი ნივთი განკარგული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ და ქონება რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრებად; ახალციხის რაიონული სასამართლოს 19.10.2011 წლის განაჩენის საფუძველზე გამყიდველი მსჯავრდებულ იქნა და მას ამავე განაჩენით, დამატებითი სასჯელის სახით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (იხ. ამ განჩინების მე-5 პუნქტი), შესაბამისად, მყიდველის უმოქმედობით გამოწვეულ ზიანსა და ნასყიდობის საგნის დაბრუნებაზე მითითება არასწორი იყო, რადგან აღნიშნული მიწის ნაკვეთი არასოდეს ყოფილა მოსარჩელის საკუთრება და საპირისპირო მტკიცებულებები საქმეში წარდგენილი არ იყო.
13.21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-4 და 103-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედებს პრინციპი, რომ იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე ფაქტებს, გარემოებებს და დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო. მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს.
13.22. სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ დაადასტურა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ხელშეკრულების შეუსრულებლობა, ხოლო მის მიერ მითითებული გარემოებები მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების შესახებ არ იყო სარწმუნო და საკმარისი ამ ნაწილში მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ასევე დაუსაბუთებელი იყო შეგებებული სარჩელის ავტორის (მოპასუხის) მოთხოვნა ძირითადი მოსარჩელისადმი (მყიდველისადმი) თანხის დაკისრების თაობაზე ზემოაღნიშნული გარემოებებისა და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.
13.23. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 დეკემბრის განჩინებით (იხ. ტ.2, ს.ფ.261) სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებას მდებარე სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში: 1) ზონა სიღნაღი .., სექტორი ბოდბისხევი .., კვარტალი .., ნაკვეთი .., ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 258879.00 კვ.მ.ნაკვეთის წინა ნომერი 5-, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1; 2) ზონა სიღნაღი .., სექტორი ბოდბისხევი .., კვარტალი .., ნაკვეთი …, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2036599.00 კვ.მ.ნაკვეთის წინა ნომერი 5--.
13.24. სსსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამ ეტაპზე არ არსებობდა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.
14. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
14.1. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
14.2. პირველმა აპელანტმა (მყიდველმა) მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:
14.2.1. არასწორია სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიუღებელი შემოსავლის დაკმაყოფილების უარყოფის ნაწილში, რადგან ფული ბრუნვაუნარიანი ობიექტია და ნებისმიერ დროს შეუძლია სარგებლის მოტანა. ეს დადგენილია უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკითაც;
14.2.2. არასწორია, ასევე, მოსარჩელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ნაწილობრივ დაკმაყოფილება სსსკ-ის 37-ე და 53-ე მუხლების საფუძველზე.
14.3. მეორე აპელანტმა (გამყიდველი) მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, მყიდველის სარჩელის მთლიანად უარყოფა, გამყიდველის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:
14.3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ამ განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული გარემოება, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მხარეებს არ ჰქონიათ არავითარი ურთიერთობა, გამყიდველმა მხოლოდ პროკურატურის დაჟინებული მოთხოვნით გადაურიცხა მყიდველს თანხა;
14.3.2. სასამართლო თვითონვე უთითებს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით მიწის ნაკვეთი გამყიდველის საკუთრებას წარმოადგენდა, ხოლო შემდეგ მსჯელობს, რომ ნაკვეთი არაუფლებამოსილმა პირმა განკარგა, რადგან აპელანტი არ იყო მისი მესაკუთრე;
14.3.3. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელემ შეწყვიტა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება გრაფიკით დადგენილი თანხის გადაუხდელობით, რადგან ნასყიდობის საგანი აღრიცხული იყო სახელმწიფოს საკუთრებად, რაც არასწორია, რადგან მყიდველი (მოსარჩელე) 2011 წლის ივნისის ჩათვლით ურიცხავდა გამყიდველს თანხას, სახელმწიფო საკუთრებად კი ნაკვეთი აღირიცხა 2011 წლის 19 ოქტომბრის განაჩენის საფუძველზე.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება და დასკვნები
15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით პირველი აპელანტის (მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო მეორე აპელანტის (შეგებებული მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
15.1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალა მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურებისა და ადვოკატის ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მყიდველის სარჩელი დაკმაყოფილდა;
15.1.2. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 3 569, 70 (სამი ათას ხუთას სამოცდაცხრა ათასი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარი;
15.1.3. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი - 1000 (ათასი) ლარი.
15.2. სააპელაციო სასამართლომ ამ განჩინების 1-8 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და აღნიშნა: საქმის მასალებით დადგინდა, რომ ნასყიდობის საგანზე მყიდველის (მოსარჩელის, პირველი აპელანტის) საკუთრების უფლება არ გადასულა, რადგან აღნიშნული უძრავი ნივთი განკარგული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ და იგი სახელმწიფო საკუთრებად იყო რეგისტრირებული. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გამყიდველმა ვერ უზრუნველყო მყიდველისათვის ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლების გადაცემა. მყიდველმა შეატყობინა გამყიდველს ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი).
15.3. სასამართლომ დაასკვნა, რომ მყიდველი მართლზომიერად, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გავიდა ხელშეკრულებიდან, რადგან გამყიდველმა (მოპასუხემ) დაარღვია მასზე დაკისრებული ვალდებულება, რაც გულისხმობდა ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის მყიდველისათვის გადაცემას, ხოლო გამყიდველმა ვერ უზრუნველყო მყიდველისათვის ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლების გადაცემა, შესაბამისად, ამ უკანასკნელს წარმოეშვა ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლების თანახმად (ნორმათა დეფინიცია იხ. ამ განჩინების 13.7 და 13.11 ქვეპუნქტებში).
15.4. სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მყიდველის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, მისთვის დამატებითი ვადის დაწესებას ან გაფრთხილებას არ ექნებოდა რაიმე შედეგი (სსკ-ის 352-ე, 405-ე მუხლები). ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების განხორციელების შემთხვევაში, ორივე მხარე თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების შესრულებისაგან და ეკისრებათ ორმხრივი რესტიტუცია, ანუ იმავე მდგომარეობის აღდგენის ვალდებულება, რომელიც არსებობდა ხელშეკრულების დადების გარეშე. შესაბამისად, ვინაიდან გამყიდველმა დაარღვია და არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, იგი ვალდებული იყო მოსარჩელისათვის (მყიდველისათვის) დაებრუნებინა მიღებული თანხა - 99 189.65 ლარი, შესაბამისად, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ამ ნაწილში დასაბუთებული და კანონიერი იყო.
15.5. მეორე აპელანტის (გამყიდველის) სააპელაციო პრეტენზიაზე მსჯელობისას, სასამართლომ განმარტა, რომ ძირითადი მოსარჩელის (მყიდველის) სარჩელის დაკმაყოფილება გამორიცხავდა გამყიდველის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას. მოცემულ შემთხვევაში გამოიკვეთა ურთიერთგამომრიცხავ მოთხოვნათა შეპირისპირება. მყიდველის მიერ რესტიტუციის მიზნით განსახორციელებელ ქმედებებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე, სწორად არ გაიზიარა მოპასუხის (შეგებებული სარჩელის ავტორის) მოთხოვნა მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის დაბრუნების თაობაზე, რამდენადაც მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის დაბრუნება როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით შეუძლებელი იყო, რადგან ამ უკანასკნელის საკუთრებაში აღნიშნული მიწის ნაკვეთი არც არასოდეს ყოფილა.
15.6. სსკ-ის 354-ე მუხლის თანახმად, „ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებები მხარეებმა უნდა შეასრულონ ერთდროულად“, ხოლო 355-ე მუხლის შესაბამისად „ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხრისათვის შეტყობინებით“. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მეორე აპელანტის (გამყიდველის) განმარტება, რომ მყიდველს არ შეუტყობინებია ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, რამდენადაც საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ მყიდველის მიერ ვალდებულების შესრულების შეწყვეტისა და ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ შეტყობინების შემდეგ, გამყიდველმა ნასყიდობის ფასის დაბრუნების მიზნით მყიდველს ანგარიშზე ორჯერ ჩაურიცხა თანხა (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი).
15.7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს შეფასება და დასკვნები მყიდველის სასარგებლოდ გამყიდველისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის დაკისრების უარყოფის ნაწილში და სსკ-ის 411-ე და 414-ე მუხლებზე (ნორმათა დეფინიცია იხ. ამ განჩინების 13.14 ქვეპუნქტში) მითითებით განმარტა, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენდა, როცა საქმე ეხებოდა ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, მისი სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხით, რაც ფულს ყველა შემთხვევაში ანიჭებს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია მესაკუთრეს შესძინოს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება ყოველთვის აყენებდა პირს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისაგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტს და არც ოდენობის დადგენას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა ანაზღაურებოდა თანხა, რასაც იგი მიიღებდა მინიმუმ გარკვეული პერიოდული შემოსავლის - დარიცხული სარგებლის სახით, 10%-იანი ნიხრით.
15.8. სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა 2012 წლის 11 ივლისიდან (გამყიდველის მიერ პირველი თანხის - 19 460 აშშ დოლარის, კურსით - 32 097.60 ლარის მყიდველისათვის დაბრუნების მომენტი) 2012 წლის 2 ნოემბრამდე მიუღებელი შემოსავლის სახით 3 569.70 ლარის დაკისრების თაობაზე (იხ. ამ განჩინების მე-9 პუნქტი). სასამართლოს შეფასებით, 2012 წლის 11 ივლისს მყიდველისათვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენდა 115 789.65 (147 877.25-32 087) ლარს, რომლის წლიური 10 % 11 579 ლარია, ხოლო იმავე წლის 2 ნოემბრამდე ანუ გამყიდველის მიერ მეორე ეტაპზე თანხის დაბრუნებამდე პერიოდი შეადგენდა 3 თვეს და 21 დღეს (თანხა 21 დღისათვის - 675 ლარი). ამდენად, მიუღებელი შემოსავლის ოდენობა ზემოხსენებული გაანგარიშებით შეადგენდა 3 569.70 ლარს.
15.9. მოსარჩელის მიერ იურდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - დამატებით 1000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.“
15.10. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა 04.12.2012წ. ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე, რომლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ჰონორარი შეადგენს 2000 ლარს, რაც გადახდილ უნდა იქნეს შემდეგი წესით: ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 დღის ვადაში 1000 ლარი, ხოლო 1000 ლარი - დავაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 დღეში. საქმის მასალებში მოთავსებული იყო 1000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა ადვოკატისათვის რეალურად გაწეული ხარჯი - 1000 ლარის ოდენობით.
15.11. სასამართლომ საქმეში წარდგენილი იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოსარჩელეს წარმოეშვა იურიდიული ფირმისათვის 2000 ლარის გადახდის ვალდებულება. მართალია, 1000 ლარი მას შედარებით გვიან უნდა გადაეხადა, თუმცა, ეს გავლენას ვერ იქონიებდა მოპასუხისათვის თანხის ანაზღაურების დაკისრებაზე, რადგან სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის, აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
15.12. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზეც გაამახვილა ყურადღება: „ნათელია, რომ საპროცესო კანონმდებლობა ზუსტად და ამომწურავად განსაზღვრავს პროცესის ხარჯების განაწილებასთან დაკავშირებულ საკითხებს, შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს აქვს სრული შესაძლებლობა, ისარგებლოს ზემოხსენებული საპროცესო მექანიზმებით და მოითხოვოს საქმის განხილვასთან დაკავშირებით მის მიერ გაწეული პროცესის ხარჯების ანაზღაურება. იმ შემთხვევაში, თუ მხარე არ ისარგებლებს ზემოაღნიშნული შესაძლებლობით, იგი კარგავს პროცესის ხარჯების ანზღაურების მოთხოვნის უფლებას, ვინაიდან ასეთ მოთხოვნას მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და იგი არ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი სარჩელის დავის საგანი. აქედან გამომდინარე, უარყოფითად უნდა ვუპასუხოთ დასაწყისში დასმულ კითხვას, კერძოდ, დაუშვებელია დამოუკიდებელი სარჩელით იმ საპროცესო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა, რომელიც მოგებულმა მხარემ ძირითად სარჩელზე საქმის წარმოებისას გასწია“ (იხ. სუსგ # ას-1706-1600-2012, 18.02.2014წ.) შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ქვემდგომი სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ უკვე დაკისრებული 1000 ლარის გარდა, მოპასუხეს, ასევე უნდა დაკისრებოდა დამატებით 1000 ლარი იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად.
15.13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელის (მყიდველის) შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მას, როგორც სააპელაციო საჩივრის ავტორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი 500 ლარიდან 317.22 ლარი და ასევე 833.06 ლარი.
16. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის განჩინება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ
16.1.1 ზემოხსენებულ განჩინებაში მითითებულია, რომ მოსარჩელემ (პირველმა აპელანტმა) 2015 წლის 8 მაისს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და განმარტა, რომ მის სასარჩელო მოთხოვნას, სხვა მოთხოვნებთან ერთად, წარმოადგენდა მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 2012 წლის 2 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დავალიანებული თანხის 10 %-ის დაკისრება. აღნიშნული წარმოადგენდა სააპელაციო პრეტენზიის საგანსაც, თუმცა, ეს საკითხი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით არ გადაწყვეტილა.
16.1.2. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის განცხადება და სსსკ-ის 372-ე მუხლის, 261.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე ნორმის 31 ნაწილზე მითითებით, განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ 2015 წლის 6 აპრილს გამართულ სხდომაზე აპელანტმა დააზუსტა (შეამცირა) მოთხოვნა, კერძოდ, აპელანტის წარმომადგენელმა მოითხოვა ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის - 1000 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით მხოლოდ 3 569.70 ლარის დაკისრება მოპასუხისათვის (სასამართლო უთითებს სხდომის ოქმის კონკრეტულ მონაკვეთზე 12:41-12:43).
16.1.3 ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სსსკ-ის 261.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე განცხადების დაკმაყოფილებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის სამართლებრივი საფუძველი (იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება- ტ.4, ს.ფ. 301-303).
17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
17.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 ივლისის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოპასუხის საინფორმაციო ბარათის სტატუსის (აქტიურია თუ არა) შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა. აღნიშნულის მიზეზი გახდა მოპასუხისათვის გაგზავნილი გზავნილის დაბრუნება სასამართლოში იმ მითითებით, რომ ადრესატი (მოპასუხე) გარდაცვლილია (იხ. საკასაციო სასამართლოს განჩინება - ტ.4, ს.ფ. 420-424).
17.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით მოპასუხის გარდაცვალების სარეგისტრაციო ჩანაწერი (აქტი # 49157000191) ირიცხება აღნიშნულ სამსახურში და გარდაცვალების რეგისტრაცია მოხდა 2015 წლის 15 აპრილს (იხ. ტ.4, ს.ფ.427).
17.3. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 აგვისტოს განჩინებით სამოქალაქო საქმის წარმოება შეჩერდა მოპასუხის უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა (სსსკ-ის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი; იხ. განჩინება- ტ.4, ს.ფ. 429-432).
17.4. საქმის მასალებშია მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადებები და ასევე შუამდგომლობა, საქმის განხილვის დაჩქარების მიზნით საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან მოპასუხის სამკვიდროს მიღება/არ მიღების თაობაზე ინფორმაციისა და მტკიცებულებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოთხოვის თაობაზე, ასევე სიღნაღის ადგილობრივი თვითმმართველობიდან - აწ გარდაცვლილი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული ქონების კონკრეტული პირების მხრიდან ფაქტობრივი დაუფლებით სამკვიდროს მიღება/არ მიღებასთან დაკავშირებით.
17.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა და ნოტარიუსთა პალატიდან იმავე წლის 2 დეკემბერს წარმოდგენილი იქნა ცნობა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ არსებობდა ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში (მოპასუხის სავარაუდო მემკვიდრეების მიერ ნოტარიუსთან არ ყოფილა წარდგენილი განცხადება სამკვიდროს მიღების თაობაზე), ასევე 2016 წლის 26 იანვარს სიღნაღის მუნპიციპალიტეტის გამგეობამ აცნობა სასამართლოს მოთხოვნილი ინფორმაციის გამგეობაში არარსებობის შესახებ.
17.6. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ივნისის განჩინებით განახლდა შეჩერებული საქმისწარმოება და მოპასუხის სავარაუდო უფლებამონაცვლეებს (ოჯახის წევრებს) დაევალათ საკასაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში მოპასუხის სამკვიდორს მიღების ან სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის დამადასტურებელი დოკუმენტის საკასაციო სასამართლოსათვის წარდგენა (იხ. განჩინება- იხ. ტ.4, ს.ფ. 502-506).
17.7. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინებით და 30 სექტემბრის განჩინებით უსწორობის გასწორების შესახებ მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლოს იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (იხ. განჩინებები - ტ.4, ს.ფ. 529-532, 539-541).
17.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის და 3 ივლისის განჩინებებით მოსარჩელის კერძო საჩივრები, რომლებითაც გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2015 წლის 4 ივნისისა და 12 ივნისის განჩინებები მიღებულია განსახილველად (იხ.ტ.4, ს.ფ. 385-392; ს.ფ. 406-409).
17.9. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 ივლისის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოპასუხის საინფორმაციო ბარათის სტატუსის (აქტიურია თუ არა) შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა. აღნიშნულის მიზეზი გახდა მოპასუხისათვის გაგზავნილი გზავნილის დაბრუნება სასამართლოში იმ მითითებით, რომ ადრესატი (მოპასუხე) გარდაცვლილია (იხ. საკასაციო სასამართლოს განჩინება - ტ.4, ს.ფ. 420-424).
17.10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით მოპასუხის გარდაცვალების სარეგისტრაციო ჩანაწერი ირიცხება აღნიშნულ სამსახურში (იხ. ტ.4, ს.ფ.427).
17.11. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 აგვისტოს განჩინებით სამოქალაქო საქმის წარმოება შეჩერდა მოპასუხის უფლებამონაცლის დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა (სსსკ-ის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი; იხ. განჩინება- ტ.4, ს.ფ. 429-432).
17.12. საქმის მასალებშია მოსარჩელის (კერძო საჩივრის ავტორის) წარმომადგენლის განცხადებები და ასევე შუამდგომლობა, საქმის განხილვის დაჩქარების მიზნით საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან მოპასუხის სამკვიდროს მიღება/არ მიღების თაობაზე ინფორმაციისა და მტკიცებულებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოთხოვის თაობაზე, ასევე სიღნაღის ადგილობრივი თვითმმართველობიდან - აწ გარდაცვლილი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული ქონების კონკრეტული პირების მხრიდან ფაქტობრივი დაუფლებით სამკვიდროს მიღება/არ მიღებასთან დაკავშირებით.
17.13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა და ნოტარიუსთა პალატიდან იმავე წლის 2 დეკემბერს წარმოდგენილი იქნა ცნობა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ არსებობდა ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში, ასევე 2017 წლის 26 იანვარს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აცნობა სასამართლოში მოთხოვნილი ინფორმაციის გამგეობაში არარსებობის შესახებ.
17.14. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ივნისის განჩინებით განახლდა შეჩერებული საქმისწარმოება და მოპასუხის სავარაუდო უფლებამონაცვლეებს (ოჯახის წევრებს) დაევალათ საკასაცო სასამართლოს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში მოპასუხის სამკვიდორს მიღების ან სამკვიდროზე მიღებაზე უარის თქმის დამადასტურებელი დოკუმენტის საკასაციო სასამართლოსათვის წარდგენა (იხ. განჩინება- იხ. ტ.4, ს.ფ. 502-506).
17.15. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინებით და 30 სექტემბრის განჩინებით უსწორობის გასწორების შესახებ მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლოს იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (იხ. განჩინებები - ტ.4, ს.ფ. 529-532, 539-541). შესაბამისად, საკასაციო სამართალწარმოების მასალები სრული სახით გადაეგზავნა მოპასუხის უფლებამონაცვლეს - სახელმწიფოს, რომელზედაც გადავიდა უმკვიდრო ქონება (სსკ-ის 1444-ე მუხლი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრების საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
18. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
19. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზისა და სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 მარტის სხდომის ოქმის მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება აქვს წარმოდგენილი.
20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ სხდომის ოქმზე (14:41:24 -14:43:45), სადაც პირველი აპელანტის (მოსარჩელის, მყიდველის) წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილში „სააპელაციო სასამართლოში ახსნა-განმარტების წარმოდგენის უფლებას შევცვლით ჩვენს სააპელაციო საჩივარში მითითებულ დასაბუთებაზე“, ხოლო სააპელაციო საჩივრის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მყიდველის სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სრულად, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლისა და ადვოკატების მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ; სააპელაციო საჩივრის 5-6 გვერდები (იხ. ტ. 2. ს.ფ. 282-283-ე) ეთმობა მიუღებელი შემოსავლის შესახებ სააპელაციო პრეტენზიის საფუძვლებსა და ამ მიმართებით საკასაციო სასამართლოს კონკრეტულ პრეცედენტებზე მითითებას.
21. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნას აპელანტის მიერ სასარჩელო მოთხოვნის შემცირების თაობაზე და მიუთითებს სააპელაცო სასამართლოს 2015 წლის 23 მარტის სხდომის ოქმზე (12:40:46-12:43:03), რომლის თანახმად აპელანტი განმარტავს: „რაც შეეხება მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებას ამაზე, ასე რომ ვთქვათ, სააპელაციო სასამართლოში ახსნა-განმარტების წარმოდგენის უფლებას შევცვლით ჩვენს სააპელაციო საჩივარში მითითებულ დასაბუთებაზე“, ამის შემდეგ მოსამართლე ეკითხება მხარის წარმომადგენელს: „3569 ლარი და 70 თეთრია სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი სარჩელის დაუკმაყოფლებელი ნაწილი?“ ადვოკატმა განმარტა, რომ მხარემ უკვე შეცვალა სააპელაციო სხდომაზე განმარტების წარდგენის უფლება სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ დასაბუთებაზე, ამასთან, დასძინა, რომ მიუღებელი შემოსავლის ნაწილში საჩივარს ერთვის სასამართლო პრაქტიკა, მათ შორის, სააპელაციო სასამართლოს ამავე კოლეგიური შემადგენლობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სახით. საბოლოოდ, სხდომის თავმჯდომარემ შეჯამების სახით აღნიშნა, რომ მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიები და დასაბუთება გამოქვეყნებულად უნდა მიჩნეულიყო. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მხარის მიერ მოთხოვნის შემცირება გაცხადებული უნდა იქნეს ცალსახად და არაორაზროვნად, ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში არსად ასახულა აპელანტის მიერ მოთხოვნის შემცირების ფაქტის თაობაზე. აღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა აპელანტის მიერ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით განცხადების წარდგენა, რაც არ დაკმაყოფილდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით.
22. საკასაციო სასამართლომ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ სააპელაციო საჩივარში აპელანტმა, შუამდგომლობის სახით, მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება იმ დასაბუთებით, რომ რაიონული სასამართლოს განჩინებით მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით უკვე გამოყენებული ყადაღა (იხ. ამ განჩინების 13.23 ქვეპუნქტი) ვერ უზრუნველყოფდა პირველი ინსტანციის სასამართლოში ნაწილობრივ მიღწეული წარმატებული შედეგის სახით დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნისა და სააპელაციო საჩივრის მიხედვით სადავოდ გამხდარი დაუკმაყოფილებელი სარჩელის დარჩენილი ნაწილის სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხისათვის დაკისრებული თანხების ამოღებას (აღსრულებას), რის გამოც აპელანტმა ისევ მოიძია სამომავლოდ აღსასრულებელი ქონებრივი მასა, რომელიც მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენდა და რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. პირველი აპელანტის სააპელაციო საჩივარი - ტ.2, ს.ფ.288). სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოპასუხის კუთვნილ ქონებას, მდებარეს სიღნაღის რაიონის სოფ. ბოდბისხევში (ს/კ 5. და ს/კ 5--) ყადაღა დაედო (სსსკ-ის 191-ე, 193-ე197-ე,198-ე, 271-ე მუხლები; იხ. ტ.4, ს.ფ. 15-18).
23. საკასაციო სასამართლო დამატებით იმასაც აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების მხარეთა ვალდებულებაა, სასამართლო სხდომაზე ეფექტიანად გამოიყენონ თავიანთი უფლებები და განაცხადონ ის მოთხოვნები და პრეტენზიები, რომლებიც არსებითია საქმის გადასაწყვეტად. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს ოქმის მოსმენისას იმასაც მიაქცია ყურადღება, რომ სასამართლო სხდომის თავმჯდომარე სწორედ ზემოაღნიშნული საპროცესო ეკონომიისა და სამართალწარმოების ეფექტიანობის მიზნებიდან გამომდინარე არაერთხელ უთითებს აპელანტის წარმომადგენელს (ადვოკატს), რომ უპირატესად დავის არსებით გარემოებებზე გაამახვილოს ყურადღება, საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, თუმცა, სასამართლოს აღნიშნული კანონიერი მითითებების მიუხედავად (სსსკ-ის 215-ე, 222-ე მუხლები), სხდომის დროის 12:00:10-დან 12:26:12-მდე პერიოდი ადვოკატმა გამოიყენა სხვადასხვა შუამდგომლობების წარდგენისათვის, რომელთა ნორმატიულ დასაბუთებაზე მითითების შესახებ სასამართლოს შეკითხვების პასუხად, მხარის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მას აქვს უფლება, არ უპასუხოს სასამართლოს. აღნიშნულ საკითხზე საკასაციო სასამართლომ განსახილველი კერძო საჩივრის კონტექსტში იმიტომ გაამახვილა ყურადღება, რომ სამართალწარმოება კანონით გაწერილ პროცედურებს ეფუძნება და სასამართლო დროის უმეტესი ნაწილის არაეფექტიანად გამოყენება, ხოლო არსებითი საკითხის - სააპელაციო საჩივრის მოცულობასა და ფარგლებზე მსჯელობა ან თუნდაც განსახილველი მოთხოვნის შესახებ ადვოკატის მიერ სააპელაციო მოთხოვნის ნათლად ჩამოყალიბება, საფრთხეს არ შეუქმნიდა სამართალწარმოების მხარის ინტერესს, ასევე - მართლმსაჯულების ეფექტიანობასა და საპროცესო ეკონომიის პრინციპებს.
24. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტის ადვოკატს არ განუცხადებია სასარჩელო მოთხოვნის შემცირების თაობაზე, ხოლო მისი სიტყვები, რომ სააპელაციო სხდომაზე განმარტების წარდგენის უფლებას ცვლიდა სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებსა და დასაბუთებაზე, ასევე- მოსამართლის შეკითხვის პასუხად, რომ მხარემ უკვე შეცვალა განმარტების წარდგენის უფლება სააპელაციო საჩივარში ასახულ საფუძვლებზე, თუმცა, არ განუმარტავს, რომ შემცირებული სახით აყენებდა მოთხოვნას, არ იძლევა ცალსახა დასკვნის საშუალებას, რომ მხარემ შეამცირა მოთხოვნა სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე.
25. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების გზით, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის განჩინება, რომლითაც მყიდველს (მოსარჩელეს, პირველ აპელანტს) უარი ეთქვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე და იმავე სასამართლომ ხელახლა უნდა იმსჯელოს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ მოსარჩელის მიერ წარდგენილ შუამდგომლობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ჯ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ, განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ, განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ი. ჯ-ის 2015 წლის 8 მაისის, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, შუამდგომლობის ხელახლა განსახილველად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე